საზოგადოება
დავანახოთ საზოგადოებას რომ ვარსებობთ - რა იდეა აქვთ ქუთაისელ ფოტოგრაფებს
FaceBook
"თითქოს ფოტოგრაფია ამ ქალაქში ერთ ადგილას გაჩერდა"


ქუთაისში, ქალაქში მოღვაწე ფოტოგრაფებს გაერთიანება და ერთობლივი გამოფენის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული იდეა ქუთაისელი ფოტოგრაფების გარკვეულ ჯგუფს გაუჩნდა.

როგორც ქუთაისელი ფოტოგრაფი და იდეის ერთ-ერთი ავტორი, არჩილ გეგენავა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, იდეის მიზანია ქუთაისში მყოფი ფოტოგრაფებისა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.

მისივე თქმით, ერთობლივ გამოფენაში მონაწილეობის მსურველმა ფოტოგრაფებმა ხუთი ფოტო უნდა წარმოადგინონ.

"გაჩნდა იდეა მოვაწყოთ ჩვენი ფოტოების გამოფენა. იდეის გაჩენის მიზეზი არის ის, რომ თითქოს ფოტოგრაფია ამ ქალაქში ერთ ადგილას გაჩერდა, არ ვითარდება და არსებობს მხოლოდ იატაკქვეშეთში. ამ გამოფენით გვინდა წარმოვაჩინოთ ქუთაისში მოღვაწე ფოტოგრაფების შემოქმედება. ვფიქრობთ, ყველამ ერთობლივად დავგეგმოთ გამოფენა, რომელიც ჩვენივე ხარჯებით დაფინანსდება და დავანახოთ საზოგადოებას რომ ჩვენ ვარსებობთ, ვფიქრობ წარმატებული პროექტი იქნება," - ამბობს ქუთაისელი ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა.

ქუთაისელი ფოტოგრაფების გაერთიანების მიზნით, სოციალურ ქსელში შექმნილია გვერდი, სადაც ყველა მსურველს შეეძლება გაწევრიანდეს და გამოფენის დაგეგმვაში მიიღოს მონაწილეობა.

ჯგუფში გასაწევრიანებლად იხილეთ სოციალური გვერდის მისამართი


Print