საზოგადოება
მომატებული ფასები და შემცირებული პერსონალი-როგორ იმოქმედებს შეზღუდვები რესტორნებზე
FaceBook
ღია ტიპის კაფეების შემდეგ, მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც. 8 ივნისიდან მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.

მოთხოვნების შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამენ ქუთაისში არსებული რესტორნები. მათ ახალ რეალობასთან მარტივად ადაპტირებისთვის თავიანთ დაწესებულებებში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაც მოუწიათ. ტექნიკური ცვლილებების გარდა, რესტორნების მეპატრონეები არ გამორიცხავენ   ფასების ზრდასა და
პერსონალის შემცირებას.

მუშაობის გასაახლებლად ემზადება რესტორანი „ამირანი“. მენეჯერ ია გამეზარდაშვილის თქმით, ყველა გაცემულ რეკომენდაციას დაიცავენ. რესტორანში თანამშრომლების შემცირებას, ჯერჯერობით, არ ფიქრობენ, თუმცა, რაც შეეხება მომსახურების გაძვირებას, ამბობენ, რომ ეს მომხმარებლის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ აქამდე 10 მაგიდა გვქონდა, ახლა შვიდი იქნება. ვფიქრობთ, ერთჯერადი, (ფურცელზე დაბეჭდილი) მენიუ გვექნება და წინასწარ შეკვეთებზე ვიმუშვებთ“.

მომხმარებლების მისაღებად და მითითებული რეკომენდაციების შესასრულებლად ემზადებიან რესტორნები „ალმანო“ და „აგერარი“.
რესტორნების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მშვილდაძე პანდემიამდე პერიოდთან შედარებით მოგების განახევრებას პროგნოზირებს, რის გამოც, ფიქრობს, რომ შესაძლოა, ხელფასის 20-30%-ით შემცირება მოუწევს. რაც შეეხება მომსახურების გაძვირებას, მიზერულ ცვლილებებს ფასშიც არ გამორიცხავს.

„ახალი რეგულაციების გამო ახალი კადრების დამატება გვიწევს. მაგალითად, ადამიანი, რომელიც თერმოსკრინინგს ჩაუტარებს შემოსულ მომხმარებელს. შესაძლოა, ამან მომსახურების ფასზე მიზერულად, მაგრამ მაინც იმოქმედოს“, - ამბობს ალექსანდრე მშვილდაძე.

ცვლილებებმა უკვე გაზარდა რესტორან "ბარაქას" ხარჯები. სადეზინფექციო ხსნარით მარტივად დასამუშავებლად უკვე დაამზადეს ლამინირებული მენიუ, შენობის ფასადის ხშირად ჩამორეცხვის მიზნით კი გარე კედლებს საღევაბით ღებავენ.

„დიდი ალბათობით, შევძლებთ, რომ  8 ივნისს  გავიხსნათ. ყველა თანამშრომელი ჩართულია ამ საქმეში. შეიძლება ახალი კადრების დამატება მოგვიწიოს, რადგან, მაგალითად, აუცილებელი იქნება ადამიანი, ვინც რესტორანში შემოსულ მომხმარებლებს სიცხეს გაუზომავს“, - ამბობს რესტორან “ბარაქას” მენეჯერი, შოთა ღვინჯილია.

შემოსავლების შემცირებას ელოდება წყალტუბოში მოქმედი ერთერთი პოპულარული რესტორანი „Lake Side”. დირექტორის, გიორგი გულიაშვილის თქმით, გარკვეული პერიოდი მოგება შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მუშაობას გააგრძელებენ.

„მომსახურების ფასის მომატებას, ჯერჯერობით, არ ვფიქრობთ. თანამშრომლების 30%-ით შემცირება შეიძლება მოგვიწიოს, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით, უნდა ჩამოვყალიბდეთ“, - ამბობს რესტორნის დირექტორი.

საკოორდინაციო საბჭოს გეგმის მიხედვით, დახურული ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 8 ინისიდან მიეცემათ. რესტორნების მეპატრონეებმა საბჭოს მკაცრი რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

ეს რეკომენდაციებია:

მომსახურე პერსონალს პირბადე და ხელთათმანი უნდა ეკეთოს.
ყველა მომხარებლისთვის თერმოსკრინინგის ჩატარება აუცილებელია.
რესტორნის დახურულ და ღია სივრცეებში მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, სკამებს შორის - ერთმეტრიანი.
ერთ მაგიდასთან ექვსი ადამიანი უნდა განთავსდეს.
ყოველი მომსახურების შემდეგ მაგიდები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ სხვა დაწესებულებებთან ერთად რესტორნები, ორი თვის წინ,  მარტში დროებით დახურა.

Print