საზოგადოება
ხალხის იმედი გვაქვს – ახალგაზრდა წყვილი დახმარებას ითხოვს
FaceBook

ახალგაზრდა ქუთაისელი მამაკაცი,  18 წლის ცოლის  გადაუდებელი ოპერაციისთვის ფულს ყოველ დღე, თითო–თითო ლარით აგროვებს.

მართალია ჯერ მხოლოდ ნახევარი აქვს, მაგრამ ამისთვისაც ძალიან მადლიერია. უიმედო ვითარებაში მყოფი წყვილი (რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ) ახლა სულ უცხო, მაგრამ გულისხმიერი ადამიანების იმედადაა.

,,ჩვენი ცხოვრება უეცრად ამოვარდნილ ქარიშხალს დაემსგავსა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ბავშვის დაბადებას მოუთმენლად ველოდით.  შემდეგ ჩემს ცოლს სიცხეებმა მისცა. ექიმი გვეუბნებდა, რომ ეს არ იყო საშიში. მდგომარეობა როცა გართულდა, სხვა ექიმებთან წავედით. ნაყოფს ზურგის ტვინის თიაქარი აღმოაჩნდა. საჭიროა  სასწრაფო ოპერაცია, რომლითაც პირველი შვილი უნდა მოვაშოროთ დედას“, – მძიმე დიაგნოზი ოჯახის ერთადერთი სადარდებელი არ არის, წყვილი სიდუხჭირეში ცხოვრობს.

სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა ხუთი თვის ორსული გოგონა, რომელსაც ოპერაცია ორშაბათს, 25 მაისს, თბილისში უნდა გაუკეთდეს. პანდემიის გამო, ორთვიანი უმუშევრობის ფონზე მთელი დანაზოგი ექიმებთან კარდაკარ სიარულში დახარჯეს. სახელმწიფო ქირურგიული ჩარევისთვის საჭირო თანხის მხოლოდ 70 % ფარავს. 

,,სულ 1200 ლარია საჭირო. ასე თქვეს. ზუსტად არც ვიცით. სავარაუდოდ ხუთასი ლარი, ანუ დანარჩენი 30 % ჩვენი მოსაძიებელია. ვის მივმართოთ, მშობლებს ვთხოვოთ? მათაც რომ უჭირთ? მე ჯერ ისევ ვერ ვმუშაობ. რომ ვმუშაობდე არავის ვთხოვდი, ღამეებს გავათენდებდი. სახელმწიფოს ვთხოვო?  სახელმწიფო ხალხისთვის არც იყო და არც არის. ხალხის იმედი უფრო მაქვს. უბრალო ხალხის. ვისაც რა საშულება აქვს. ჩვენთვის ერთი ლარიც გადამწყვეტია და ყველას მადლობას ვუხდი. სხვას თუ გაუჭირდება, შემდეგ მეც ხომ იგივეს გავაკეთებ მათთვის“, – წყვილს თბილისში დასარჩენი არ აქვს, ამიტომ ოპერაციის და ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის პატარა ბინა იქირავეს. თითოეული დღის საფასური 50 ლარია, რომლის მოძიებაც ახალგაზრდებს ძალიან უჭირს.

ყოველდღიური ხარჯის დაფარვაში მათ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმარებიან. საჭირო გამოკვლევების, ექოსკოპიის და კონსულტაციების ფინანსების მობილიზება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ორგანიზებით მოხერხდა. სხვებმა რამდენიმე დღის ბინის ქირაც დაუფარეს.

,,ჩვენი ორგანიზაციის სოციალური მუშაკიც ჩართულია და რეპროდუქციულ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებიც. სახალხო დამცველისთვისაც ვაპირებთ ამ შემთხვევის შეტყობინებას.  ჩვენი თანადგომა და სოციალური პასუხისმგებლობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს გულგრილობის ფონზე,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობა იუს“ თანამშრომელი, რომელიც ამავდროულად აღნიშნავს, რომ საქართველოში ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებები ხშირად ირღვევა, რადგან ორსულობა და შვილის ყოლის გადაწყვეტილება ძალიან ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

,,საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ შვილის ყოლის არჩევანს აკეთებს ქალი, უამრავ სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერს აწყდება. რაც მნიშვნელოვნად აისახება მისი ცხოვრების ყველა სფეროზე. ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შელახულია სიღარიბის, დაბინძურებული გარემოს, უღირსი შრომითი პირობების გამო. პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტი სიმწვავით იჩინა თავი ამ ვითარებამ. გარდა ამისა ქვეყანაში არ არსებობს კეთილგანწყობილი, მხარდამჭერი დამოკიდებულება, სერვისები ორსულებისთვის სამედიცინო დაწესებულებებეში. ასევე სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი პოლიტიკა, რაც სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობდა რეპროდუქციული უფლებების რეალიზებას, ფიზიკური, თუ მენტალური უფლებების დაცვას,“ – ამბობს ,,იდენტობა იუს" თანამშრომელი, რომელიც ოჯახის იდენტიფიცირების არიდების მიზნით ვინაობას არ ასაჯაროებს. 

ჯანდაცვის სმინისტროში ,,ქუთაისიპოსტს“ განუმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახში გადაუდებელი ოპერაციის საჭიროება დგება და ამას  ემატება პანდემიით გამოწვეული სიდუხჭირე, ოჯახს შეუძლია დამატებითი სერვისებით ისარგებლოს.

,,რეფერალური დახმარების პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ. რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება მათ მთლიანად დაუფარონ ოპერაციის ხარჯები. ამისათვის უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით და იქონიონ ფორმა 100, პირადობის მოწმობა და ოპერაციისთვი საჭირო თანხის კალკულაცია," – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. 

გოგონას ოპერაცია სასწრაფოდ ესაჭიროება. ვიდრე წყვილი განცხადებით სამინისტროს მიმართავს და კომისია მას განიხილავს, დრო გავა ოპერაცია კი უკვე დანიშნულია. ამიტომაც ახალგაზრდებს ახლა ხალხის თანადგომის იმედი აქვთ.

ახალგაზრდა წყვილის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგი ანგარიშის ნომერზე: საბანკო რეკვიზიტი- GE67BG0000000161440390, საქართველოს ბანკი.

რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს,

[RT1]თავიდანვე უნდა ავუხსნათ, რატომ არ ვწერთ სახელებს და გვარებს

 

Print