საზოგადოება
რატომ ქრება ღიმილი სკოლაში - ქუთაისელი ღვაწლმოსილი პედაგოგის მილოცვა კოლეგებს
FaceBook
"უნდა ვიცოდეთ რატომ წითლდება ბაშვი ან ხმადაბლა რატომ საუბრობს, ზოგნი რატომ არიან მოუსვენარნი. საერთოდ, საკითხავია, რატომ ქრება ღიმილი სკოლაში."
5 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის #2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ციალა ჯაფარიძე ახალგაზრდა მასწავლებლებს მიმართავს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:

"მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ჩვენს ქალაქში მოღვაწე პედაგოგების მიმართ. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია, გმირობის ტოლფასია. ხვალინდელი საქართველოს ბედი ჩვენს ხელთაა. დღევანდელი მასწავლებელი დროის გმირია, ხოლო განათლება კი ზღვაში უმისამართოდ მოცურავე გემი.
წუთია წუთისოფელი, მაგრამ თითოეული წუთი ბრძოლასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს იმისათვის, რომ შენი საკუთარი ადგილი იპოვო და დამკვიდრდე.

სწორედ, ქუთათურთა მანათობელი კერა, კერა ცოდნისა, კერა სითესისა, კერა განათლებისა, კერა კაცურ კაცთა სამჭედლოში - ერთი მჭედლის ადგილი მეც დავიმვიდრე. ეს გახლავთ #2 საჯარო სკოლა. ფრთხილად დავდივარ ფართო დერეფნებში, ოდესღაც იოსებ ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის სამფლობელო გახლდათ, აქ მათი ნატერფალებია, ეს ბევრს მავალებს. სკოლა ჭეშმარიტი პედაგოგისათვის სიცოცხლეა. სკოლა ხომ ის მჩქეფარე წმინდა და ძლიერი ნაკადულია, რომელიც ცხოვრების ყოველგვარ ჩარხს აბრუნებს. ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. რადგან გამოცდილება ვახსენე, მთავარია დავეუფლოთ თვალებს. იგი ხომ გონების სარკეა. მასში ყველაფერი ნათლად ჩანს, როგორ ცხადადაა გამოკვეთილი ყმაწვილის ხასიათი, გაბედულება და გაუბედაობა, ცოდნა და უცოდინარობა, ტყუილი და მართალი, სიცრუე და გულწრფელობა.

შვილივით თუ არ შევიყვარეთ მოსწავლე, არაფერი გამოგვივა. მისი მომავალი თუ არ გვაწუხებს, ჩვენს მუშაობას ფასი არ ექნება. საჭიროა დავეუფლოთ ფიზიოლოგიას. უნდა ვიცოდეთ რატომ წითლდება ბაშვი ან ხმადაბლა რატომ საუბრობს, ზოგნი რატომ არიან მოუსვენარნი. საერთოდ, საკითხავია, რატომ ქრება ღიმილი სკოლაში. იშვიათია მასწავლებელი, რომელიც წარუმატებლობას საკუთარ თავში ხედავდეს. მთავარია, უინტერესობის დაძლევა და ბავშვებში თვითრწმენის განმტკიცება. ბავშვებთან 10-ჯერ და 100-ჯერ უფრო მეტი სითბო, მოთმინება გვამრთებს. დაუსახოთ გზები, ეს ხომ მისი ხვალინდელი სიხარულია. ჩვენს გვერდით დგას პატარა ადამიანი თავისი სიხარულითა და მწუხარებით. დააკვირდით, როგორ დათრგუნულნი არიან ის ბავშვები, რომელთაც დედა შინ არ ჰყავთ. არ აკლიათ თითქოს არაფერი, მაგრამ აკლიათ დედის სითბო და ალერსი. ღმერთმა მოთმინება მოგვცეს, რომ პატარებს გავუთბოთ სული და გული!
დაგლოცავთ და გილოცავთ მასწავლებლის დღეს!"

Print