საზოგადოება
96 წლის ქუთაისელი ვეტერანის სიხარულის სევდა (ვიდეო)
FaceBook
2020 წლის 9 მაისს პირველად, 75 წლის განმავლობაში, ვეტერანები, მათი ოჯახის წევრები, შთამომავლები რჩებიან სახლში.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საზოგადოება არ იკრიბება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან მათი ხსოვნის პატივსაცემად და ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნად. ჭიჭიკო კლდიაშვილიც დღეს დარჩა სახლში და გამარჯვების თავისი ისტორია "ქუთაისიპოსტს" გაუზიარა.

75 წლის შემდეგაც ომის მოგონებები მოხუცის ძლიერ ემოციას იწვევს. ქუთაისში მცხოვრები 96 წლის ჭიჭიკო კლდიაშვილი ჰყვება, რომ გამარჯვების სიხარულს თანამებრძოლების დაკარგვის სევდა ანელებს.

ომში 17 წლის წაიყვანეს. ზუსტად ახსოვს ის დღე, 1942 წლის 12 აგვისტო, როცა ახალგაზრდა, მეოცნებე ბიჭი, ძლიერი და სასტიკი მტრის წინაშე აღმოჩნდა. დღეს მკერდს უამრავი მედალი და ორდენი უმშვენებს, თუმცა მათგან ორი განსაკუთრებით ეამაყება– პირველი ხარისხის ორდენი გამარჯვებისთვის და მეორე ხარისხის მედალი მამაცობისთვის. ომიდან დაბრუნებული, ელექტრომექანიკოსის პროფესიას დაეუფლა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ქუთაისის ხორცკომბინატში იმუშავა. ჭიჭიკო კლდიაშვილი, ომის დასრულებიდან 75 წლის შემდეგაც, ერთადერთს – მშვიდობას ნატრობს.
ჭიჭიკო კლდიაშვილის მსგავსად, ფაშიზმზე გამარჯვებას ქუთაისში მცხოვრები კიდევ 13 ვეტერანი აღნიშნავს. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 95-ის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 101 წლისაა. ქუთაისის მერია თოთხმეტივე ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვებას მიულოცავს და საჩუქრად 1000–1000 ლარს გადასცემს.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იბრძოდა, რომელთაგან დაახლოებით 200 000 ბრძოლის ველზე დაეცა. დაღუპულთა შორის 10 152 ქუთაისელი იყო.

ფაშიზმზე გამარჯვებას მსოფლიო 8 მაისს აღნიშნავს, ვინაიდან გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელი სწორედ ამ დღეს მოეწერა, აქტიური საბრძოლო მოქმედებები კი იმავე დღის მიწურულს შეწყდა. მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი დგებოდა. ამის გამო, 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს აღნიშნავს.


Print