რეგიონი
"მინდა ის გზა გაიარონ, რაც მე გავიარე" - ვანელმა ფერმერმა კიტრის სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა
FaceBook
"მინდა ჩემმა გოგოებმაც ის გზა  გაიარონ, რაც მე გავიარე", -  ამბობს ფერმერი ქეთი თომეიშვილი, რომელმაც კიტრის სათბური თავის თანამშრომელ ქალებს აჩუქა.

ქეთი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ცხოვრობს. სოფელში კიტრისა და პომიდვრის სასათბურე მეურნეობა აქვს, სადაც ოთხი ქალი ჰყავს დასაქმებული. კიტრის სათბური ოთხივეს აჩუქა.  როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს სათესლე მასალაც სათბურისთვის თვითონ იყიდა.

"არ მინდა რომ ჩემს გოგოებს (მის მიერ დასაქმებულებს) რამე გაუჭირდეთ. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა კი მე არ გამაღატაკებს".

ქეთის თქმით, ეს ქველმოქმედება მან ბანკების მიერ სესხების გადავადების შედეგად შეძლო.

"სამი თვე რომ არ მაქვს შესატანი ბანკში სესხი, ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემს გოგონებს დავხმარებოდი. ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ მივხვდი, რომ  ეს საკმარისი არ იყო. მოსავალი სამ კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები".

ქეთი ახლა 49 წლისაა. 29 წლის იყო, როცა ემიგრაციაში რთული ეკონომიკური პირობების გამო წავიდა. სამი წელი ოჯახში მუშაობდა ბულგარეთში, შემდეგ აზრებაიჯანში ერთი წელი, ბოლო 10 წელი თურქეთში ოჯახის მოხუცის მომვლელად. როგორც ის ამბობს, საუკეთესო წლები მძიმე შრომაში გაატარა.

უცხოეთში რთული სამუშაო პირობების შემდეგ საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა და თავის სოფელში კიტრის სასათბურე საქმიანობას მიჰყო ხელი. საქმიანობაში მიღწეულმა წარმატებებმა უბიძგა სხვებსაც დახმარებოდა და დღეს ბედნიერია, რომ ამის შესაძლებლობა აქვს.


ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
Print