საზოგადოება
ტრაგედიად ქცეული სიდუხჭირე
FaceBook
ხის ძველთაძველ ორსართულიან სახლში ერთი წლის როსტომი, 5 წლის თიკო, 6 წლის ტარიელი, 8 წლის გენადი, მათი ორსული დედა და ბებია ხანძარს სამ თებერვალს ემსხვერპლნენ.

ბაღდათის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ სახლში, სადაც არც დენი იყო და არც გაზი, ოჯახი ერთი კვირაა რაც შესახლდა და დარჩენას მარტის შუა რიცხვებამდე აპირებდა.

"ჩვენთვის უცნობია, თუ რატომ მოხვდნენ ამ სახლში. ეს სახლი კერძო საკუთრება გახლავთ, რომელიც ათწლეულებია მიტოვებულია, მაგრამ ჩვენთვის არავის მოუმართავს პრეტენზიით, რომ მათ ქონებაში ვინმე შეჭრილიყო უკანონოდ", - ამბობს ბაღდათის მერი, არჩილ გოგსაძე.

ოჯახის მეზობელი, ზიტა ქამუცაძე ყვება, რომ სახლში გარდაცვლილი ქალის დედა და ძმა ცხოვრობდა, ნარგიზი შვილებთან ერთად კი იქ დროებით გადავიდა. "თავისი სახლიდან რამდენიმე დღის წინ ძმა გაასვენეს და ბინაში ყოფნის შიში დასჩემდა".

ოჯახი სოციელურად დაუცველი იყო და სახელმწიფოსგან შემწეობას იღებდა. ოქტომბერსა და ნოემბერში სოციალური დახმარება შეჩერებული ჰქონდათ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, გეგმიური გადამოწმების მიზნით. დეკემბერში ოჯახს შემწეობა აღუდგა და გასული ორი თვის თანხა, 1360, თვეში 680-680, ლარიც ჩაერიცხა. Მეზობლები იხსენებენ, რომ მათ უკიდურესად უჭირდათ.

"შეშაც არ ჰქონდათ, საჭმელიც. სასადილოში იღებდნენ საკვებს".

ოჯახის არცერთი წევრი მუშაობდა. ბავშვების მამა თუ შოულობდა, ხოლმე, სეზონურ სამსახურს. Სოციალურ შემწეობასთან ერთად გორგოძეები ბავშვებისთვის გამოყოფილ დახმარებას იღებდნენ და სოციალური სასადილოთი სარგებლობდნენ.

"მუნიციპალიტეტს საშუალებები რაც კი ჰქონდა, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული ამ ოჯახისთვის".

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე გვეუბნება, რომ Სოფელ ზეგანში გორგოძეების სახლი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გადახურეს. თუმცა, ბავშვებს სპეციალური მასწავლებელი სჭირდებოდათ და ისინი საცხოვრებლად ქალაქში გადმოვიდნენ.

გორგოძეებს ბაღდათში მერიამ საცხოვრებლად 33 კვადრატული ფართი გამოუყო, ყოფილი სტამბის შენობაში. Შვიდსულიანი ოჯახი იქ 2012 წლიდან ცხოვრობდა. Ამჟამად ბინა დაკეტილია.

"ხუთი წუთიც არ ყოფილა ეს ამბავი. მე ამ სახლის უკან მაქვს "ცეხი" და მუშაობისას მესმოდა, ხოლმე, ბავშვების ხმა, ვიცოდი რომ ამ სახლში ცხოვრობდნენ", - ამბობს თვითმხილველი, კობა ბოლქვაძე.

ხანძარი სახლში 9-დან 10 საათამდე გაჩნდა. Ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ბუხარი დასახელდა. Ამ დროს ბავშვების მამა, იმედა გორგოძე და ბებია მაღაზიაში, პატარებისთვის ტკბილეულის საყიდლად იყვნენ წასულები.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ იმედა გორგოძემ ტრაგედიის დატრიალების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ახლა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში, მამისეულ სახლში იმყოფება. მასთან ერთადაა მისი სიდედრი, გარდაცვლილი ქალის დედა, ქეთინო გველესიანი.

მიცვალებულთა ცხედრები ამ დრომდე ქუთაისის პროზექტურაშია დასვენებული. მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ დაკრძალვის ხარჯს ადგილობრივი თვითმმართველობა გაწევს.
ტრაგედიის მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები არკვევენ. Საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Print