საზოგადოება
ქუთაისის მერია ობიეტქებზე სარეკლამო ბანერის განთავსების მსურველებს დამატებით მოთხოვნას უყენებს
FaceBook
მერიის მოთხოვნა ობიექტების მფლობელებს სარეკლამო ბანერის ღამის განათების ვალდებულებასაც უწესებს.
არ უნდა იყოს ვულგარული, ქართული ასოები იყოს მეტი, ვიდრე ინგლისური, არ შეზღუდოს სხვისი უფლებები და ჰქონდეს ნოტარიულად დამტკიცებული პიროვნების თანხმობა ფოტოსურათის გამოყენების შესახებ - ეს ის საკითხებია, რომელიც ქუთაისში ობიექტებზე რეკლამის ბანერების განთავსების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ჩამოთვლილი საკითხები რეკლამის შესახებ კანონითაა გაწერილი. თუმცა ამ მოთხოვნების გარდა, მერიის ადგილობირივი სამსახური დამატებით მოთხოვნას უყენებს ობიექტების მფლობელებს. მერიის მოთხოვნა მათ ბანერის ღამის განათების ვალდებულებასაც უწესებს.
"ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, გარდა იმისა, რასაც კანონი ითვალისწინებს, რომ ბანერი იყოს ღამის განათებით, ე.წ "ლაით ბოქსი", რომ ღამე ქალაქი იყოს განათებული და არ იყოს ჩაბნელებული," - განმარტავს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.
სარეკლამო ბანერის განთავსებისას პიროებების დარღვევის შემთხვევაში მერიის არქიტექტურის სამსახური პირველ ჯერზე გაფრთხილებით შემოიფარგლება და დამრღვევ პირს ხარვეზის გასწორების 30 დღიან ვადას აძლევს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კი საჯარიმო სანქცია 200 ლარით შემოიფარგლება.
ქუთაისის მერიამ 30 დღიანი ვადა მისცა ორახელაშვილის ქუჩაზე არსებულ კაფეს, რომელიც "მოქეიფეთა სამინისტროს" სახელს ატარებს. ადგილობრივ მთავრობაში სარეკლამო ბანერის შინაარსი დაიწუნეს.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, რეკლამაზე გამოსახული კაფის სახელწოდება ქალაქის იერ-სახეს არ შეესაბამება და მიუღებელია, რის გამოც ობიექტის მფლობელებს გაფრთხილება მიეცათ.
"მოქეფეთა სამინისტროს" წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიწუნა ქუთაისის მერიამ კაფის სახელწოდება.
"სხვა რაღაცას მოვიფიქრებ, მაგრამ ეს რას უშლის ხელს ვერ "გავაიასნე", იმიტომ რომ თბილისში არსებობს "ჭამა-სმის სამინისტრო", ქუთაისში რატოა ეს პრობლემა არ ვიცი," - ამბობს "მოქეფეთა სამინისტროს" წარმომადგენლი.
მერიაში განმარტავენ, რომ გარდა ამ ობიექტისა მონიტორინგი კიდევ 50-მდე ობიექტს მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკვე გაუწიეს, ხოლო მომდევნო მონიტორინგი შემოდგომაზე განხორციელდება. თუმცა, პირველ ჯერზე მერიის მონიტორინგის შედეგად არც ერთი ობიექტი დაჯარიმებულა.
შესაძლოა, მერიის შესაბამისმა სამსახურმა იმ ობიექტების მიმართ, რომელთაც სარეკლამო ბანერების განთავსებისას გაფრთხილება უკვე მისცა, საჯარიმო სანქციები მომდევნო მონიტორინგის დროს გამოიყენოს.

დეა მანაგაძე





Print