საზოგადოება
„გაქცეული“ ქალები
FaceBook

2019 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს  საქართველო არასასურველი სტატისტიკითა და არაერთი მძიმე ისტორიით ხვდება.


კანონი თუ საზოგადოებაში მეტნაკლები ცვლილებების მიუხედავად ბევრი ქალი დღემდე რჩება დაუცველი. 

თითქმისწ 50 წლის განმავლობაში გრძნობდა თავს დაუცველად ნანა (სახელები აქ და სხვაგან შეცვლილია) ბებიას გადაწყვეტილებით 15 წლის ასაკში გაათხოვეს. ქმარი 20 წლით მასზე უფროსი იყო, როგორც შემდეგ გაირკვა ლოთი და მოძალადე
.

 


ძალადობა და უხეშობა თანაცხოვრების პირველივე თვეებში გამოავლინა. აქედან მოყოლებული ძალადობის ულუფებს, როგორც ნორმას,  წლების განმავლობაში ყოველდღიურად იღებდა.

ოჯახის გაძღოლა  და ორი ბავშვის აღზრდა თითქმის მარტოს მოუწია.

60 წლის ასაკში დაქვრივდა. მალე საზღვარგარეთ წავიდა და ამ გარემოს მოსცილდა. დისტანციამ თითქოს როლიდან გაათავისუფლა, როლიდან,  რომელიც  მოძალადე გარემოში ცხოვრებას ავალდებულებდა.  უცხოეთში, სახლიდან შორს შეძლო აღიარება რომ ეს „ნორმა“ კი არა ძალადობა იყო.


საზღვარგარეთ გაექცა მოძალადე მეუღლეს ლილიც. მხოლოდ ასე შეძლო მისგან თავის დაღწევა.

იგი, ქალების უცხოეთში წასვლის მიზეზებში მარტო სოციალურ-ეკონომიკური პირობების და იმ მოტივის რომ „ქალის შრომაზე მეტი მოთხოვნაა“, დასახელებას არასაკმარისად მიიჩნევს. ლილის აზრით, ქალთა გარკვეული ნაწილი რაღაცას ან ვიღაცას გაურბის.

„ქალზე ბევრნაირად ძალადობენ და არა მარტო ქმრები, საზოგადოებაც. ის გაგრძნობინებს თავს „დამნაშავედ“, მიუხედავად იმისა რომ მსხვერპლი შენ ხარ. ამიტომ ყველაფერთან ერთად ამ საზოგადოებასაც  გაურბიხარ“, - ამბობს ლილი.

ლილის შეხედულებას იზიარებს მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება.

„ქალები გარბიან მოძალადე ქმრებისგან, გარბიან შვილებისგან და ხშირ შემთხვევაში მიუხედავად უმძიმესი შრომისა, ხდებიან უფრო ძლიერები, უფრო თავდაჯერებულები. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ იპოვონ საკუთარი სივრცე და დამოუკიდებლობა. თუმცა, ეს ძალიან დიდი ტკივილების და დაუფასებელი შრომის ფასად უჯდებათ“, - ამბობს ლია.


ემიგრანტი ქალების მხრიდან მსხვერპლი დიდია, მაგრამ  მათ ნაწილს ეს საშუალებას აძლევს არ იქცნენ სხვა ტიპის მსხვერპლებად.

2018 წელს ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევის მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ერთობლივად გამოსცეს ყოველ მეშვიდე ქალზე ძალადობენ. ამ ძალადობას ამართლებს გამოკითხულთა შორის ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (22%) და კაცების ერთი მესამედი (31%). მათ მიაჩნიათ, რომ გარკვეულ გარემოებებში ცოლის ცემა გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა (23%) და კაცების თითქმის ნახევარს (42%) სჯერა, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, როცა ის მას არ ეთანხმება.

ქალის მიმართ ძალადობაზე საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოაჩინა ქუთაისიპოსტის სოციალურმა ექსპერიმენტმაც.

„თუ გადავხედავთ სტატისტიკას ფემიციდის შესახებ, ნათლად წარმოვიდგენთ სურათს, თუ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ ქალები, საკუთარ ქვეყანაში. შემაშფოთებელია მთლიანი სურათი, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა არა მხოლოდ მეუღლეების, არამედ, მშობლების და შვილების მხრიდანაც კი. უმეტეს შემთხვევაში კაცის მხრიდან ძალადობაც ქალს ბრალდება. მან ვერ გაზარდა შვილი, მან, ალბათ, რაღაც დააშავა და იმიტომ მოკლა ქმარმა და ასე შემდეგ. პრობლემა კომპლექსურია“, - ამბობს ლია უკლება.

ამ კომპლექსურ პრობლემას ბოლომდე ვერ ერევა კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. მიუხედავად იმისა რომ სპეციალისტები მას მნიშვნელოვან საკენონმდებლო აქტად მიიჩნევენ.


„შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონი არის სახელმძღვანელო აქტი, რომლის აღარულებაც ხდება სხვადასხვა სამართალწარმოების გზით. პრობლემა კანონის ცალკეულ რეგულაციებთან არ გვაქვს, არამედ ამ რეგულაციებს ხშირად სწორად ვერ იყენებენ სამართალდამცავები და მათ შორის მოსამართლეებიც“, - ამბობს იურისტი ანა თავხელიძე.

ემიგრანტი ლილის რწმენით ქალს კანონზე მეტად  „ეკონომიკა იცავს.“ სოციაოლოგებისა და გენდერის სპეციალისტების ინფორმაციით შრომით ბაზარზე ქალის  შრომაზე მოთხოვნა გაიზარდა. რამაც დიდწილად განაპირობა ქალის გამოსვლა სამზარეულოს სივრციდან და ადაპტირება გარესამყაროსთან.  ამან საშუალება მისცა ბევრ მათგან გაქცეოდა არასასურველ გარემოს.

ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა.
განქორწინების ინიციატორები უმეტესად ქალები არიან ამ ინფორმაციას ახალგაზრდა ადვოკატები ავრცელებენ.

განქორწინების დინამიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს იყო განქორწინების 10 222 შემთხვევა, 2016 წელს – 9 539, 2015 წელს – 9 112, 2014 წელს – 9 119 და 2013 წელს – 8 039.


ეკონომიკამ განსაზღვრა როლების ცვლილებაც.

„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთნაირად ბედნიერია ყველა უბედური განსხვავებულად უბედურიო, ტოლსტოი რომ, ამბობს „ანა კარენინაში“. ამ შემთხვევაშიც ასეა. ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობას  ბევრი მიზეზია. ათასწლეულების მანძილზე კაცი იყო ბელადი, ქალი - დაქვემდებარებული, ეკონომიკამ შეცვალა ბევრი რამ, ფემინისტურმა მოძრაობამ დააჩქარა.

კაცი „ბელადია“ და თუკი ბელადობას ვერ ახერხებს არასრულფასოვნების განცდა უჩნდება. ჩვენს სოციალურ პირობებში  ქალსაც მოეთხოვება იყოს  მონადირე, მებრძოლი  და ბელადი. კაცს მსგავსი სიტუაცია არ მოსწონს კაცი რომელმაც დაკარგა ფუნქცია მონადირის მებრძოლის და ბელადის ნახევარი კაცია დარჩენილი და თვითშეფასება ნულზე ეცემა, ამიტომ უჩნდება  ბოღმა და აგრესია ქალის მიმართ, რომელმაც ეს როლი კარგად მოირგო“, - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.

ქალს ამ აგრესიიდან ნაკლებად იცავს საზოგადოება, ბოლომდე ვერ იცავს კანონი. ქართული რეალობა უმეტესად ერთადერთ გზას უტოვებს - გაიქცეს.

Print