საზოგადოება
გზა მიწისქვეშა ქალაქისკენ (ფოტო)
FaceBook

ქუთაისიდან ტყიბულამდე შემოდგომა გაიძულებს შეამჩნიო  ფერების მისეული თამაში. ის ტყიბულის შახტის შესასვლელთან წყდება და იწყება გზა  მიწისქვეშა ქალაქისკენ -ტყიბულის პარალელურ რეალობაში, სადაც ყველაფერს აფასებ, რასაც მიწისზევით ტოვებ.


ტყიბულის შახტში ცვლილებები ნაკლებად აღწევს. მას არ ეხება მიწისზედა დინებები.მათ შორის არც წელიწადის დროები. შახტში უდროობა და მარადიულობაა. ნაკლებად იცვლება ტემპერატურაც - უმეტესად 26 გრადუსია.

გვირაბი მინდელის შახტში


აქ მოხვედრა მარტივი არ არის. მინდელის სახელობის შახტში რომ შეაღწიო, არც თუ ადვილად მისაღები ნებართვა და ხანგრძლივი მომზადება გჭირდება. მე და კოლეგა ჟურნალისტს კომპანიის Coal of Georgia-ს ადმინისტრაცია სპეციალურ ოთახში გვიშვებს, სადაც სპეცტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ - შარვალი, მოსაცმელი, რეზინის ჩექმა.

უნიფორმა მძიმე სატარებელია. მოუხერხებელიც. მასთან შეგუებას დრო უნდა.

სხვა აღჭურვილობის მისაღებად მომდევნო განყოფილებაში გადავდივართ. იქ ჩაფხუტს, ჩაფხუტზე დასამაგრებელ ფარანს და ე.წ. თვითმაშველს გვაძლევენ. ეს უკანასკნელი შახტში დაკვამლიანების შემთხვევაში უნდა დაგვეხმაროს.

თვითმაშველი ხელსაწყო


თვითმაშველი ავტონომიური მოწყობილობაა, არ სჭირდება გარე წყაროები. სპეციალურ ტუმბში ჩატვირთული ჟანგბადი 45 წუთის განმავლობაში   მეშახტეს საშუალებას აძლევს საშიში ადგილიდან გააღწიოს.

სპეციალისტი გვიხსნის მისი გამოყენების წესს. მშვიდად და გაშინაურებული ტონით საუბრობს შესაძლო ხიფათზე, რომელსაც კარგად იცნობს,  მასთან 35 წლიანი ურთიერთობის შემდეგ.

მეშახტე გვაცნობს  მეთანის დონის მზომ ხელსაწყოს, სადაც ცისარტყელას ფერებში ჩამალული ციფრები უნდა ამოიკითხო. ის  გამცნობს, რამდენად უსაფრთხოა გარემო, სადაც იმყოფები.

თავიდანვე მეუფლება განცდა, რომ საშიშ ადგილას ჩავდივარ, სადაც ხიფათი უჩინარი თანამგზავრივით  მომყვება. ის შესაძლებელია არც არასდროს გამოჩნდეს, თუმცა თუ გამოჩნდა, თავს  მტკივნეულად დაგამახსოვრებს.

„38 წელია ვმუშაობ და ჯერ არ დამჭირვებია ეს ხელსაწყო. თუმცა შეიძლება ერთხელ დაგჭირდეს და მაშინ მასზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი“, - გვიყვება მეშახტე, რომელსაც შახტში პირველი ჩასვლისას, თურმე, იქედან გაქცევის სურვილი გაუჩნდა.  არ გაიქცა.  საკუთარ თავს ეს განცდა სილაჩრედ ჩაუთვალა.


სარკინიგზო გზა შახტისკენ


გვირაბში მატარებლით შევდივართ. გზა უსასრულო მეჩვენება, თუმცა სულ სამი კილომეტრია. შახტში შესვლის მომენტში მუშაობა ჩერდება - ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი გვიხსნის. ამიტომ მეშახტეებს ვერ ვხედავთ. ვერც მუშა პროცესს. მატარებლის ვაგონიდან  მხოლოდ ბევრი გვირაბი ჩანს, პარალელური გვირაბების წყება. ერთი - ადამიანების გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი, მეორე  - ქვანახშირით დატვირთული ვაგონებისთვის.


გვირაბში ამ არატიპური მატარებლით გადაადგილებას, წამით ფენტეზის ჟანრში გადავყავარ. აქაურობა გრინგოტსის ბანკის საცავებში მოგზაურობას, ან გნომების გვირაბებს მაგონებს. შახტის ამ გვირაბებიდანაც ხომ ძვირფასეულობას ეზიდებიან. ოღონდ სხვა ფორმისა და შეფერილობის.

განძს აქაც „გველეშაპი“ იცავს, რომელსაც პერიოდულად შეუძლია ტოქსიკური ნივთიერებები, მეთანი ან CO  გამოუშვას.

მაღაროსგან განსხვავებით, სადაც ეს ნივთიერება არ გროვდება, შახტში მომწამვლელი აირი მუდმივად უნდა გაკონტროლდეს.


აქ ყველგან გამაფრთხილებელი ტრაფარეტია,  იმ ნივთების ჩამონათვალით, რომელთა შეტანა შახტში არ შეიძლება. მათ შორის არის ვიდეოკამერა, რომელმაც  შეიძლება  ნაპერწკალი გააჩინოს.

სიფრთხილისკენ მუდმივი მოწოდება ისევ პირქუშ და ცივ რეალობაში მაბრუნებს.

„ტყიბული ერთ-ერთი ყველაზე ნესტიანი ქალაქია საქართველოში“, -  მატარებლის ხმაურში  შორიდან მოდის  მეშახტის ხმა. რომელიც მუდმივად ზრუნავს ჩვენზე.

ზრუნვაც მეშახტეების აუცილებელი უნარ-ჩვევაა, საქმის ნაწილი, თვითმაშველი ხელსაწყოსავით მუდამ თანსატარებელი.

ბოლო გაჩერებაზე,  სატვირთო ლიფტთან, ე.წ.კლეტთან გამოვდივართ.

ლიფტი ე.წ. კლეტი


შატხში ჩვენი დაშვების უფლება აქ იზღუდება - ისევ უსაფრთხოების მიზნით. ვერტიკალურ გვირაბში ვერ შევდივართ . მეშახტეების ნაამბობით, მხოლოდ იმის წარმოდგენა შეგვიძლია, რა ხდება  შახტის სიღრმეში, სადაც ჭაურით ეშვებიან.

ჭაური აქ ორია: დამხმარე და სატვირთო. სატვირთოს ქვანახშირი ამოაქვს, დამხმარეს ხალხი გადაჰყავს. ამ გზას ყოველდღე გადიან მუშები. ქვემოთ ხვდებათ ვერტიკალური ქალაქი თავისი სართულებით, ქუჩებით, უბნებით, საკუთარი ხედებით და რელიეფით. ერთ-ერთი ყველაზე რთული გეოლოგიური მონაცემებით.

„ქუჩებს “ ჰორიზონტები ჰქვია. პირველი ჰორიზონტი ნულიდან 80 მეტრ სიღრმეზეა, შემდეგ 200 მეტრზე, 300-ზე, 350-ზე და ბოლოს 400 მეტრი სიღრმეში.

მეშახტე ხვიჩა გაბუნია აღწერს თუ როგორ შედიან უბანში, ე.წ. სკაპის დახმარებით. არის აღმოსავლეთ და დასაველთ ფრთა, სადაც ქვანახშირს ანგრევენ. ადგილზე ხვდებათ ხელსაწყოები, მექანიკური ჩაქუჩი და საბურღი საშუალება „ბარანა“. იქ ყველაფერი მექანიკურია, მათ შორის განათების მოწყობილობაც. სიბნელე მხოლოდ შუბლზე დამაგრებული ფარნით ირღვევა. ჰაერიც ხელოვნურად მიეწოდებათ.  შახტშიც მაშინ არის  ხმაური, როდესაც მთავარი ვენტილატორი ირთვება.

ეს ქალაქი მხოლოდ ამ გზით ნათდება და ასე მდიდრდება ჟანგბადით.

ათკაციან ცვლას 10-დან 15 ვაგონამდე ნახშირის მოპოვება შეუძლია. „ოღონდ იმ პირობებში“, - აზუსტებს მეშახტე, „როდესაც უსაფრთხოების ყველა ნორმაა დაცული“ (ანუ იმ ნაწილში, სადაც ქვანახშირს ანგრევენ, გამაგრებულია ლავი, მიმდინარეობს გაზის კონტროლი და სამუშაო ადგილის უსაფრთხოდ მოწყობა).


უსაფრთოების ნორმების დაცვა ნახშირის მოპოვების რაოდენობას ამცირებს. არადა,მაღაროში  ხელფასი ყოველთვის გამომუშავებაზე იყო.

მეშახტეები ამბობენ, რომ ახალმა ადმინისტრაციამ  „მოჭრით“ აუნაზღაურა შრომა და არ დაუთვალა მოპოვებული წიაღისეული. სხვანაირად რომ ვთქვათ, უსაფრთხოებას მიანიჭა უპირატესობა. მეშახტეები იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოება პრიორიტეტად დარჩება და მიდგომები, დროსთან ერთად არ შეიცვლება.

უკან მატარებლით ვბრუნდებით. მეფიქრება მათზე, ვინც უკან ვერ დაბრუნდა. დანაშაულის გრძნობაც მიჩნდება - მე ვბრუნდები, ისინი ვერა...

გავდივართ დერეფნებს. ვაბარებთ აღჭურვილობას. გვიწევს პასუხი გავცეთ მეშახტეების კითხვას,   მოგვეწონა თუ არა?   ვგრძნობ, რომ დადებით პასუხს ელიან. . ისევ დანაშაულის გრძნობა მაქვს,  გულწრფელ „კის“ რომ ვერ ვპასუხობ.

მოწონება გიჭირს, მაგრამ  პატივისცემა არა.  რაც ნაკლებია მოწონება მით მეტია პატივისცემა ყველა მეშახტის მიმართ, ვისაც აქ თუნდაც ერთი დღე უმუშავია.

მატარებელი, რომლითაც მეშახტეები გადაადგილდებიან

შახტის გარეთ ტყიბულის თბილი შემოდგომა გველოდება.  ისეთი განცდა გვრჩება, თითქოს „რთული“ დავალებიდან დავბრუნდით. სირთულის განცდას კონტრასტი ქმნის, გარე და შიდა სამყაროს შორის. მიწისზედა და მიწისქვეშა ქალაქები ერთამანეთს არაფრით ჰგავს. მთავარია „ქალაქებს“ შორის  იმოძრაოს მატარებელმა, რომელსაც არც ერთი მგზავრი არ დააკლდება.


ფოტო: ლანა კოკაია

Print