საზოგადოება
რეაბილიტაცია დაპირებების და პროტესტის ფონზე
FaceBook
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

ქალაქის მერი, ისევე როგორც სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებლი კომპანია 5 თვის წინ დაწყებული სამუშაობის დასრულების პირობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დებს. ამ დროისთვის გელათის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს. თუმცა, სამუშაოებს ადგილობრივი მცხოვრებელების მხრიდან ხმაურიანი პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია.
გელათის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მინდინარე წლის აპრილში დაიწყო. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამუშაოები ნელი ტემპით და ე.წ შესვენებებით მიმდინარეობს. მათი თქმით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დაქირავებულ მუშებს ხელფასს დროულად არ უხდის, რის გამოც რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა.
"ძალიან ნელა მუშაობენ. მუშები იმდენად არაპრფესიონალები არიან, ხან გაზის მილი დააზიანეს და ხან ელექროსადენები ამოგლიჯეს. უკვე 6 თვეა მტვერში და ტალახში ვცხოვრობთ, როდის დასრულდება ეს ყველაფერი გაუგებარია," - აცხადებენ ადგილობრივები.
გელათის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, აყრილი გზის საფარი ნალექის მოსვლის შემთხვევაში როგორც ტრანსპორტით ასევე, ფეხითმოსიარულეთა გადაადგილებას ართულებს.
ქუთაისში გელათის ქუჩის საფარის მოწყობას შპს "გზამშენი XXI" ახორციელებს. ორგანიზაციამ რეაბილიტაციის ვალდებულება მიმდინარე წლის მარტში ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტორნული ტენდერის შედეგად აიღო.
გელათის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი პირველად მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. თუმცა, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორედ ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ კომპანიამ "გზამშენიXXI"-მა მიიღო. შესაბამისად, სწორედ მას დაეკისრა გელათის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა. მერიამ ელექტრონული ტენდერი 2 მლნ 955 905 ლარზე გამოაცხადა. თუმცა, ხელშეკრულება მერიასა და "შპს "გზამშენი XXI" -ის შორის 2 მლნ 925 800 ლარზე, მიმდინარე წლის 27 აპრილს გაფორმდა. "გზამშენი XXI" -მა თავის მხრივ, ხელშეკრულება შპს "დაგი +"-თან გააფრომა, როგორც ქვეკონტრაქტორ ფირმასთან.
"გზამშენი XXI" -ის წარმომადგენელი, პაატა მერკვილაძე დაქირავებული მუშებისთვის ხელფასის გაუცემლობას უარყოფს და ამბობს, რომ ხელფასებს კომპანია დროულად გასცემს. მისივე თქმით, კომპანიას მერიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბრამდე აქვს.
"ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადები და ამ ვადებში მოხდება გელათის ქუჩის რეაბილიტაცია," - აცხადებს პაატა მერკვილაძე.
გელათის ქუჩის გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულებამდე ხელშეკრულების მიხედვით, "გზამშენი XXI" -ს 49 დღე დარჩა.

Print