საზოგადოება
მანქანებით ბლოკირებული ველობილიკი
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ველობილიკს ავტომობილების სადგომად იყენებენ.

სამკილომეტრიანი ველოტრასის სხადასხვა მონაკვეთზე დაპარკინგებული მანქანების გამო, ველოსპორტის მოყვარულებს მოძრაობა უჭირთ. 

ლევან გერსამია ქალაქში გადასაადგილებლად უკვე რამდენიმე თვეა ტრანსპორტად ველოსიპედს იყენებს და ბარიერებსაც ხშირად აწყდება. ამბობს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ფინანსების დაზოგვის გარდა, დროის დაზოგვის მიზნითაც სარგებლობს, თუმცა ველობილიკზე გაჩერებული მანქანების გამო სამსახურში სასურველ დროს მაინც ვერ მიდის.

,,სულხან-საბაზე ვცხოვრობ და იქედან სამსახურამდე მისვლას 35-40 წუთი სჭირდება. ხშირად, რომ არ ველოდები ისეთ ადგილზეა მანქანა დაპარკინგებული, რის გამოც ტრასაზე გადასვლა მიწევს და დროს ვკარგავ’’ - ამბობს ლევან გერსამია.

აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები ველობილიკზე ავტომაქანების უკანონოდ გაჩერების მიზეზს პარკირების ადგილების არარსებობას უკავშირებენ.

,,ბინას უნდა ჰქონდეს პარკირების ადგილი. კანონით 12 მეტრი ბინას ეკუთვნის. მაგრამ კანონს არ იცავენ და ბინებს არ აქვთ პარკირების ადგილი.  სად წავიდნენ? სადღაც ხომ უნდა დააყენონ ავტომობილი? - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები შმაგი ლიპარტელიანი.

"გარდა იმისა, რომ ველოსიპედებით გადაადგილება შეუძლებელია, ქვეითებიც უსაფრთხოდ უნდა იყვნენ, დაუცველი ადგილია ამდენი ავტომობილების გამო," - ამბობს ნათია ბუკია.






ავტომობილების მძღოლები უკანონო პარკირებას ველობილიკის მოუწესრიგებლობით და კანონის ნაკლები სიმკაცრით ხსნიან.

,,პასუხს არავინ გვთხოვს, თორემ ხომ არ დავაყენებდი აქ მანქანას? ამას ახლა ველობილიკი ჰქვია? ნახეთ რა მდგომარეობაშია, ვერ გაიგებ რომ ველოტრასაა," - ამბობს ემზარ გოგლიჩაზე.

ქუთაისში ველობილიკზე უკანონო პარკირებას საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. მათი ინფორმაციით, ველობილიკის ავტოსადგომად გამოყენების შემთხვევაში ავტომობილების მძღოლები ჯერ გაფრთხილებას იღებენ, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმდებიან.

ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ველობილიკებსა და ტროტუარებზე უკანონო პარკირების გამო სულ 166 სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა დაჯარიმებული. დაკისრებული თანხის რაოდენობა 1660 ლარს შეადგენს. ჯარიმის დროულად არგადახდის ფაქტზე 59 სატრანსპორტო საშულების მძღოლს დაეკისრა საურავი 8850 ლარის რაოდენობით. 

ქალაქში სულ 593 პარკირების ადგილია. 

ქუთაისში, ველოტრასა მხოლოდ აღმაშენებლის გამზირზეა, რომელიც  2011 წელს მოეწყო. მას შემდეგ ველობილიკის რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
Print