საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის სიაში არსებული შენობა ქუთაისში მოსახლეობას საფრთხეს უქმნის (+ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის სიაში აღრიცხული შენობა, რომელიც საუკუნეს ითვლის, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
ქუთაისში, კოსტავას ქუჩა N 2 - ში არსებული საერთო საცხოვრებელი, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, ამორტიზებულია. შენობაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

KutaisiPost


KutaisiPost

როგორც შენობაში მცხოვრებლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, შენობის კედლები ყოველდღიურად ზიანდება.
"პრაქტიკულად სახლი ირყევა, ყოველ დღე ჩნდება ბზარები, ალბათ ზამთარში უფრო გაუარესდება მდგომარეობა და ვიდრე რაიმე გამოუსწროებელი ტრაგედია მოხდება, იქნებ დროულად მოგვაქციონ ყურადღება," - ამბობს ქუთაისში, კოსტავას N 2 - ში მცხოვრები ზაალ კაკაბაძე.
კოსტავას ქუჩა N 2 - ში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს.
"წლებია ვწერთ წერილებს მერიას, თუმცა რეალურად დახმარება ჩვენთვის არავის გაუწევია," - განმარტავენ კოსტავას ქუჩა N 2 - ში მყოფები. თუმცა ადგილობრივებმა ქუთაისის  მერიაში გაგზავნილი განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს, კოსტავას ქუჩა N 2 - დან არცერთი განცხადება არ მიუღიათ.
ქუთაისის მერიაში აქვე განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივები წერილობით მიმართავენ და წარუდგენენ სახლის მდგომარეობას, საცხოვრებელი სახლის პროექტთან ერთად, გარკვეულ დახმარებას გაუწევენ.
"ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის სიაშია, თუმცა თუ მობინადრეები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებულ პროექტს წარგვიდგენს, წილობრივ მონაწილეობას მერიაც მიიღებს და გარკვეული თანხით დაეხმარება მოსახლეობას პრობლემის გამოსწორების მიზნით, დანარჩენი უკვე კულტურის სამინისტროს კომპეტენციაა," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
როგორც ირკევა ამორტიზებული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია 1817 წელს აშენდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოს ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კოსტავას ქუჩა N 2 - ში მცხოვრებლებს კონსულტაციებს გაუწევს.
"აუცილებელია პირველ რიგში არსებობდეს პროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება ის, რომ არ დაზიანდეს ფასადი და შენარჩუნებული იყოს ძველი იერსახე. კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, გავუწევ მოსახლეობას, რის შემდეგაც მათი პრობლემა კულტურის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს," - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოს ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი როლანდ ისაკაძე.
როგორც კოსტავას ქუჩა N 2 -  ში საუკუნოვან და ამორტიზებულ შენობაში მცხოვრებლემა "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, დახმარებისთვის აუცილებლად მიმართავენ  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოს ქუთაისის ოფისს და ქუთაისის მერიასაც განცხადებასთან ერთად შენობის პროექტს წარუდგენენ.

ანა ჯანაშია

Print