საზოგადოება
სტუდენტების სახელით საპატრიარქოში გაგზავნილი წერილი და მზადება ქუთაისის ეპარქიის წინამძღოლობისთვის (ვიდეო)
FaceBook

სინოდის სხდომის მოახლოებასთან ერთად, სადაც ერთ–ერთი საკითხი  ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლის არჩევა უნდა იყოს,  მღვდელმთავრის პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი სასულიერო პირები გააქტიურდნენ.


ეპარქიის ხელმძღვანელობის ყველაზე რეალური კანდიდატი რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელია,  რომელიც უკვე სამი თვეა ქუთაის–გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველია, თუმცა, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ერთ–ერთი ყველაზე დიდი ეპარქიის ხელმძღვანელობა,  ასევე სურთ მარგვეთა–უბისისა (ზესტაფონი –ხარაგაული)  და ვანი–ბაღდათის მღვდელმთავრებს.


მეუფე იოანეს ქუთაისში უკვე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები, რომლებიც მას რეკომენდაციას პატრიარქთან უწევენ.

9 ოქტომბერს,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწფო უნივერსიტეტმა საპატრიარქოში წერილი გაგზავნა.  საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით შედგენილ ტექსტში, წერილის ავტორები,  ილია მეორეს სთხოვენ, ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლად მეუფე იოანე  დანიშნოს.


ქუთაისიპოსტმა აღნიშნული წერილი მოიპოვა, სადაც ვკითხულობთ:

„თქვენო უწმინდესობავ, თქვენდამი მომართული ამ წერილით გვინდა მოკრძალებით გთხოვოთ ქუთაის–გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად განაწესოთ მიტროპოლიტი მეუფე იოანე, რომელიც ამ მოვალეობას თქვენი განჩინების საფუძველზე დროებით ასრულებს ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ.  სამი თვის განმავლობაში მეუფე იოანე სისტემატურად ხვდებოდა ქუთაის–გაენთის ეპარქიის მრევლს, ბრძანდებოდა ჩვენს უნივერსიტეტშიც და თავისი ბრძნული ქადაგებებითა და დიდი სამომავლო გეგმების დასახვით უკვე მოიპოვა საყოველთაო სიყვარული“, – ნათქვამია წერილში.

მიმართვის გაგზავნამდე  ერთი დღით ადრე, მეუფე იოანე უნივერსიტეტს მართლაც სტუმრობდა, სადაც  ასევე ღიად გამოითქვა მის მიმართ მხარდაჭერა, თუმცა, საინტერესოა ის, რომ ათასობით სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის სახელით შედგენილი წერილის შესახებ არ იციან თავად სტუდენტებმა და ლექტორ–მასწავლებელთა ნაწილმა.



კონკრეტულად ვინ შეადგინა მიმართვის ტექსტი არ ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, თუმცა, ადასტურებს, რომ მისი   ერთ–ერთი ავტორია. იგი ამავდროულად ღიად ამბობს, რომ  მას, როგორც გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს მეუფე იოანესთან, რომელიც ამავდროულად ამავე აკადემიის პრეზიდენტია.


ავთანდილ ნიკოლეიშვილი მიანიშნებს იმაზეც, რომ ეპარქიის ხელმძღვანელობა სხვა სასულიერო პირებსაც სურთ.


ჩვენ ვკითხეთ მეუფე იოანეს, იცოდა თუ არა  წერილის მზადების შესახებ და მან  ეს ინფორმაცია დაადასტურა.

„ჩემი წასვლის  შემდეგ,  იქ იყვნენ შეკრებილები და როგორც გადმოცემით ვიცი, გამოთქვეს სურვილი თუ გვაქვს უფლება, რომ მივმართოთ პატრიარქსო. ეს მათი სურვილი იყო“, – ამბობს მეუფე იოანე.


მან ასევე თქვა, რომ  მისთვის უცნობია სურს თუ არა სხვა სასულიერი პირებს  ქუთაის–გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელობა.

„ჩემთან ამის სურვილი არავის გამოუთქვამს. არ მახსენდება. მეუფე მელქისედეკი დიდი ხანია არ მინახავს, მეუფე ანტონი ვნახე, მაგრამ ასეთი რამ არ უთქვამს. ეს ასე არ ხდება, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას სინოდი იღებს“,–ამბობს მეუფე იოანე.


ჩვენ ვკითხეთ ზესტაფონისა და ვანი–ბაღდათის მღვდელმთავრებსაც, რას ფიქრობენ ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლობაზე.

ზესტაფონის ეპარქიის ხელმძღვანელი,  ეპისკოპოსი მელქისედეკი  ქუთაისიპოსტთან საუბარში არ პასუხობს შეკითხვაზე,  განიხილავს თუ არა საკუთარ თავს ამ პოზიციაზე. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ეპარქიის აწ უკვე გარდაცვლილი მმართველის, მეუფე კალისტრატეს ღვაწლს სათანადო დაფასება სჭირდება.


„ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდი იღებს. მეუფე კალისტრატეს ბევრი აქვს გაკეთებული ქუთაისის ეპარქიისთვის და მის ღვაწლს დაფასება სჭირდება“, – ამბობს  მელქისედეკი.


„ეს საკითხი არ არის საერო სამსჯელო. ამას წყვეტს პატრიარქი. ეს ხომ არ არის საერო ორგანიზაცია? აქ არის 44 მღვდელმთავარი და ყველას თანაბარი შანსი აქვს იყოს ეპარქიის მომავალი ხელმძღვანელი. ვისაც ეტყვიან, უარს არავინ არ იტყვის“,– ამბობს მიტროპოლიტი მეუფე  ანტონი.



რატომ დასჭირდა მეუფე იოანეს საგანმანათლებლო დაწესებულების რეკომენდაცია და იმოქმედებს თუ არა ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის დახასიათება სინოდის გადაწყვეტილებაზე, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. კონკრეტული თარიღი, თუ  როდის შეიკრიბებიან   უმაღლესი სასულიერო პირები, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ჩანს,  სხდომის შედეგებს   მხოლოდ ქუთაის–გაენათის ეპარქიაში  არ ელოდებიან.

Print