საზოგადოება
გზა, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე ვეღარ მიდის - მოსახლეობა აქციებს აანონსებს
FaceBook
ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე (ბაგრატის ტაძართან დამაკავშირებელ გზაზე) მცხოვრებლები 5 თვის მანძილზე გაჭიანურებული გზის რეაბილიტაციის გამო აქციებით იმუქრებიან. გზა, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე ვეღარ მიდის, ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად, პრობლემებს ტურისტებსაც უქმნის.

გართულებული გადაადგილებით შეწუხებული ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ.
"დაუსრულებელი სამუშაოების გამო ისეთი მტვერია ირგვლივ, თვეებია უკვე ფანჯრებს ვერ ვაღებთ. საკუთარ სახლებთან მოსახვედრად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან წრეზე დავდივართ. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ტურისტებიც, რომლებიც ბაგრატის ტაძრის სანახავად დადიან, " - ამბობენ ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრებელები.
ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 18 მარტს დაიწყო. ამავე ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის გრანიტის ქვებით მოწყობის სამუშაოები 26 ივლისს უნდა დასრულებულიყო.
სამუშაოების განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი (SPA150002767) მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 542 284 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულმა კომპანია "გზა 21"- მა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ქუთაისის მერიას 533 112 ლარად შესთავაზა. თუმცა, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (60 კალენდარული დღე) სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო.
5 თვის მანძილზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ყაზბეგის ქუჩაზე დღემდე მიმდინარეობს, ხოლო შემსრულებელი კომპანია თითოეულ ვადა გადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით 560 ლარს იხდის.
რატომ ვერ მოახერხა სამშენებლო კომპანია "გზა-21"- მა დაკისრებული ვალდებულებების დროულად შესრულება, "ქუთაისიპოსტმა" ინფორმაციის მისაღებად კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება არაერთხელ სცადა. თუმცა, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული საკონტაქტო ნომერი ამ დრომდე გამორთულია. კომპანიის ხელმძღვანელობის ნახვა ვერც სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე მოხერხდა. აღსანიშვანია, რომ შპს "გზა-21"-ს ოფიციალურ მისამართად ბათუმში, ლ. ასათიანის #2 აქვს მითითებული.
ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაციაზე მომუშევეები ირწმუნებიან, რომ სამუშაოს დროულად შესრულების ხელშემშლელი ფაქტორი უამინდობაა.
"57 დღე წვიმა და ცუდი ამინდი იყო. ასეთ დროს შეუძლებელია სამუშაოების განხორციელება," - განმარტავენ მუშები.
უამინდობასთან ერთად, ყაზბეგის ქუჩის რეაბილოტაციაზე მომუშავეები სხვა ხელშემშლელ ფაქტორებზეც მიუთითებენ. სამშენებლო სამუშაოების საქმის მწარმოებლის, მერაბ კიკვაძის განმარტებით, ამავე ქუჩაზე კერძო საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევის ფაქტმა სამუშაოები ერთი თვით გაახანგრძლივა.
"კედელის გაკეთების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სამუშაოების გაგრძელება," - ამბობს მერაბ კიკვაძე.
ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრები გიორგი კუპრაშვილის საცხოვრებელი სახლის კედელი მიმდინარე წლის აპრილში ჩამოიშალა. როგორც ის ამბობს, კედელის ჩამოშლა მისმა სიძველემ განაპირობა. 
"ჩამონგრევისთანავე წერილობით მივმართეთ მერიას. მეორე დღესვე მოვიდნენ შემოწმებაზე და მალე დაიწყეს აღდგენითი სამუშაოები," - ამბობს ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრები, გიორგი კუპრაშვილი.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება კედლის ჩამონგრევის მიზეზით არ შეფერხებულა.
"ყოველდღე ვადგავართ თავზე, რომ სამუშაოები დროულად დაასრულონ. როგორც ვიცი, კომპანიას სამშენებლო მასალის მიწოდება დაუგვიანეს და ეს აღმოჩნდა მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. ისინი მუშაობას ჯარიმების ფონზე აგრძელებენ და იმედი მაქვს მალე დაასრულებენ,"- ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.
ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშები ირწმუნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 10 სექტემბერს დაასრულებენ.
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები უახლოეს ერთ კვირაში არ დასრულდება ადგილობრივები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ანა ჯანაშია

Print