საზოგადოება
“ლიფტი ჩავარდა, შიგნით 10 წლის ბავშვი იყო” - რა ხდება დევნილთა მრავალსართულიან კორპუსებში
FaceBook

უთაისში, ახლადაშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, ლიფტი გამართულად არ მუშაობს. ადგილობრივების თქმით, მწყობრიდან გამოსული ლიფტი, საფრთხის შემცველია.

საუბარია, აღმაშენებლის #112-ში მდებარე 14 სართულიან კორპუსებზე, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები ორი წლის წინ გადასცეს. დევნილები ამბობენ, რომ ლიფტის პრობლემა ბინებში გადასვლის დღიდან არის. მათი თქმით, ლიფტი ხშირად გათიშულია, ხოლო როდესაც მუშაობს, მისი გამოყენება სახიფათოა.

"რამდენიმე დღის წინ, ლიფტი ჩავარდა და შიგნით 10 წლის ბავშვი იყო. გამოვიყვანეთ ფერწასული, სასწრაფო არ დაგვჭირვებია, მაგრამ ცუდად გახდა. ასეთი შემთხვევები უამრავია, ფსიქიკა ენგრევათ ბავშვებს ამ ლიფტის გადამკიდე’’ - ამბობენ  აღმაშენებლის #112-ში მცხოვრებლები.

ადგილობრივთა თქმით, მწყობრიდან გამოსული ლიფტის გამო, მრავალსართულიან კორპუსებში გადაადგილებაც უმეტესად ფეხით უწევთ.

თამარ გასვიანი ერთ-ერთია, რომელსაც გაუმართავი ლიფტის გამო პრობლემები ექმნება. ის ბინას 23 წელი ელოდა. 2017 წელს საცხოვრებელი ფართი 14 სათულიანი კოპუსის მე-13 სართულზე გადასცეს. ამბობს, რომ ბინის მიღებას სიხარულით შეხვდა, თუმცა, კორპუსში პრობლემები გადასვლისთანავე გაჩნდა. თამარ გასვიანს, მწყობრიდან გამოსული ლიფტის გამო, მე-13 სართულზე ხშირად ფეხით ასვლა უწევს, რაც მისთვის სირთულეს წარმოადგენს.

თამარი გულის პრობლემის გამო, კიბეზე ფეხით სიარულს ხშირად ვერ ახერხებს, რის გამოც, საჭირო პროდუქტების მოსამარაგებლად შვილების და მეზობლების დახმარება სჭირდება.

"უმეტესად არ მუშაობს ლიფტი. დევნილთა სამინისტროს იმერეთის წარმომადგენლობას და მშენებელ კომპანიას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ ორი წელია ერთი პრობლემის წინაშე ვართ”, - ამბობს თამარ გასვიანი.


აღმაშენებლის #112-ში, მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებლებმა გაუმართავი ლიფტის გამო სახალხო დამცველსაც მიმართეს. "ამხანაგობა აფხაზეთი 112-ის’’ თავჯდომარემ ვეფხია მიქაუტაძემ ადგილობრივებთან ერთად სახალხო დამცველის სახელზე განცხადება შეადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აღმაშენებლის #112-ის სამ კორპუსში ( N2, N3, N4 ) ლიფტის სისტემა დაზიანებულია, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია.

"სახელმწიფო თანხები დახარჯულია არამიზნობრივად და უხარისხოდ არის მშენებლობა განხორციელებული, მათ შორის სალიფტე სისტემა გაუმართავი და დაზიანებული იყო თავიდანვე," - ნათქვამია განცხადებაში.

ლიფტის პრობლემაზე საუბრობენ ქუთაისში, ერისთავის #7-ში მდებარე კორპუსშიც, სადაც აღმაშენებლის #112-ის  მსგავსად, სახელმწიფომ, 2017 წელს, ბინები იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცა.

"ლიფტი ხშირად არ მუშაობს, როცა მუშაობს სულ ვარდება, ხან ვინ ითხოვს შველას და ხან ვინ, ისევ ფეხით გვირჩევნია ასვლა, ამ ლიფტით სარგებლობას. გაგვიმწარეს ცხოვრება," - ამბობენ ერისთავის #7-ში მაცხოვრებლები.

დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოში აცხადებენ, რომ ისინი პასუხისმგებლები არ არიან ამორტიზებულ ლიფტზე და მისი დაზიანებული მექანიზმი კომპანიამ უნდა შეცვალოს.

“ჩაბარებამდე საცხოვრებელი სახლი მოწმდება ექსპერტიზის მიერ ვარგისია თუ არა საცხოვრებლად, ამის შემდეგ, დაზიანების შემთხვევაში, მშენებელი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენც მოგვმართეს დევნილებმა, შევაკეთეთ კიდეც რამდენჯერმე, თუმცა მექანიზმია შესაცვლელი, რაც კომპანიამ უნდა გააკეთოს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ’’ - აცხადებს დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე.

აღმაშენებლის #112-ში და ერისთავის #7-შიმდებარე კორპუსები ერთმა კომპანიამ "დიზაინ კომპლექსმა" ააშენა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტები სპეციალისტებმა შეამოწმეს.

"ლიფტები სამი წლის წინ არის ჩაბარებული. გამოყოფილია ჯგუფი, რომელიც პერიოდულად ამოწმებს მის მდგომარეობას,  პრობლემის შემთხვევაში ჩვენც ვეხმარებოდით. ხუთშაბათს გვყავდა მოყვანილი სპეციალისტები, მოხდა აღწერა, საჭირო ნივთები ჩამოვწერეთ და შევიძენთ ბათუმში ’’- აცხადებენ “დიზაინ კომპლექსში”.

ქუთაისში, აღმაშენებლის #112-ში და ერისთავის #7-შიმდებარე კორპუსებში ბინების უმეტესობა სახელმწიფომ შეიძინა და ისინი 2017 წელს დევნილებს გადასცა.

აღმაშენებლის #112-ში 380-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, ხოლო ერისთავის #7-ში 50-მდე.

2017 წლიდან დღემდე  ქუთაისში ბინა 457 დევნილმა მიიღო, 420 ბინა კი ჩასაბარებელია.

Print