საზოგადოება
ქუჩები იმერეთში, რომლებიც ქალების სახელებს ატარებს
FaceBook

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ქალის სახელს მხოლოდ 29 ქუჩა ატარებს.


მათგან, ყველაზე მეტი  ქუთაისში გვხვდება. თუმცა, საერთო რაოდენობის ფონზე,  ქალი მოღვაწეების სახელობის ქუჩები თითზე ჩამოსათვლელია.

საქართველოს მეორე ქალაქში მათი რაოდენობა მხოლოდ თერთმეტია: მსახიობების - ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელისა და ნუცა ჩხეიძის, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის, მხატვარ ელენე ახვლედიანის, მუსიკოსი დების იშხნელების ქუჩა. ასევე, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, წმინდა ნინოს, პოეტების ლილი ნუცუბიძისა და ლესია უკრაინკას სახელობის ქუჩები.

ქუთაისში დანარჩენი სამასამდე ქუჩა მამაკაცი მოღვაწეების ან რაიმე მოვლენის სახელობისაა.


იგივე მდგომარეობაა იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში.


საჩხერეში ქალი მოღვაწეებიდან პატივი მხოლოდ ორს ერგო - თამარ მეფესა და მეცენატსა და საზოგადო მოღვაწე - ელისაბედ წერეთელს. ქალაქში მხოლოდ ამ ორი ქალის სახელობის ქუჩის პოვნა შეიძლება.


ბაღდათში წმინდა მარიამისა და თამარ მეფის სახელობის ქუჩებია.


ორი ქალის სახელს ატარებენ  ქუჩები სამტრედიაშიც - თამარ მეფისა და სასოფლო სამეურნეო დარგის სპეციალისტის  თამარ თავაძის.


თერჯოლაში ქალის სახელობის მხოლოდ ერთი ქუჩაა - ქართველთა სახელოვანი მონარქის თამარ მეფის.


სამაგიეროდ ჭიათურასა და ხარაგაულში არ არის არც ერთი მონარქი და მწინდანი ქალის სახელობის ქუჩა. ჭიათურაში  ქალი მოღვაწის სახელობის მხოლოდ ერთი ქუჩაა - ნათელა სიხარულიძის. იგი ექიმი, საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ.


ხარაგაულში კი 9 აპრილს გმირულად დაღუპული ელისო ჭიპაშვილის სახელობის ქუჩაა.

 

ზესტაფონში ქალებიდან მხოლოდ წმინდანებს აღიარებენ, ამიტომ აქ ოთხი წმინდანად შერაცხული ქალის ქუჩაა - წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის და წმინდა ბარბარეს სახელობის.

 

ვანში ერთი ქალი მოღვაწის სახელობის ქუჩაა - თამარ მეფის.

თამარ მეფის სახელობის ქუჩაა წყალტუბოში.


ტყიბულშიც ერთი ქალის სახელობის მოედანია - თამარ მეფის მოედანი.


ხონში ორი წმინდანი ქალის სახელობის ქუჩაა - თამარ მეფისა და წმინდა ნინოს.


ქუჩების სახელების გათვალისწინებით, იმერეთში ყველაზე პოპულარული ქალო მოღვაწე თამარ მეფეა.


ვინ არიან ქალები, რომელთა სახელებსაც იმერეთის მუნიციპალიტეტეში ქუჩები ატარებს:

ვერიკო ანჯაფარიძე (1900-1987) საქართველოსა და სსრკ  სახალხო არტისტი შოთა რუსთაველისა და კოტე. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.


სოფიკო ჭიაურელი (1937-2008) თეატრისა და კინოს მსახიობი, სახალხო არტისტი შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში.


ნუცა ჩხეიძე (1991-1963) მსახიობი ლადო მესხიშვილის მოწაფე და პარტნიორი მოღვაწეობდა თბილისის, ქუთაისის და სხვა თეატრებში; ქართულ სცენაზე შეასრულა 300-მდე როლი.


ელენე ახვლედიანი 1901-1975) ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი


დები იშხნელები ქართული ქალაქური ფოლკლორის (ფოლკის) სიმღერების ლეგენდარულ შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო თამარი ზინაიდა  და ალექსანდრა.


ლილი ნუცუბიძე )1927-2002) პოეტი, დრამატურგი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი


ლარისა პეტრივნა კოსარ-კვიტკა (1871-1913), უკეთ ცნობილი ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა (. Леся Українка) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და წამყვანი მწერალი ქალი უკრაინულ ლიტერატურაში.


ქეთევან დედოფალი ასევე ქეთევან წამებული.კახეთის მეფის დავით პირველის მეუღლე. მოწამეობრივად აღესრულა 1624 წელს მირაზში.

წმინდა ნინო საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი 323 - 338 წლებში.

თამარ მეფე  (1160-1213) საქართველოს მონარქი, გიორგი III -ის ქალიშვილი.ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული.

ელისაბედ წერეთელი (1857-1942) ელისაბედ წერეთლის ინიციატივით საჩხერეში გაიხსნა ქალთა ორწლიანი სასწავლებელი. ელისაბედის სახელს უკავშირდება საჩხერეში პირველი ბიბლიოთეკა-სამკითხველო, კლუბი, თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბება და სხვა.

თამარ თავაძე სასოფლო სამეურნეო დარგის სპეციალისტის

ნათელა სიხარულიძე ექიმი, საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი.

ელისო ჭიპაშვილი (1964-1989) 9 აპრილს დაღუპული ქართველი მომიტინგე. მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად. მკვლელობის დროს იყო 6 თვის ფეხმძიმე.




 


Print