საზოგადოება
წყალმომარაგების კომპანიის განმარტება ქუთაისში წყლის მიწოდებაზე
FaceBook
ქუთაისის მოსახლეობა ბოლო პერიოდში წყლის მიწოდებაზე პრეტენზიებს გამოთქვამს.
ადგილობრივების განმარტებით, ქალაქში წყლის მიწოდება შეიზღუდა.
"წყალი მოგვეწოდება შეზღუდულად, რამოდენიმე საათით და ისიც, დაბალი წნევით,"- აცხადებენ ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეები.
ქალაქის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შესახებ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში განმარტებას აკეთებენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის მოწოდება იმ რაოდენობით ხდება, როგორც მანამდე ხდებოდა და შეზღუდვები არც ერთი უბნისთვის არ დაწესებულა.
"წყლის მოპოვება ხდება იგივე და უფრო მეტი რაოდენობით, რაც აქამდე ხდებოდა. თუ მანამდე 32 ჭაბურღილი მუშაობდა, ახლა დატვირთულია 34 ჭაბურღილი. წყლის დონის შემცირებასაც არ აქვს ადგილი. ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქში მოსახლეობის მხრიდან მოიმატა წყლის მოხმარებამ ანუ გაიზრდა ხარჯი არაყაირათიანი მოხმარების გამო. განსაკუთრებით, იმ უბნებში, სადაც მრიცხველები არაა. განსაკუთრებით, მომატებულია წყლის ხარჯი ავტოქარხნის დასახლებაში. თუ ამ უბანში საათში 600 კუბური მეტრი წყლის მოხმარება ფიქსირდებოდა, ბოლო პერიოდში ავტოქარხნის მოსახლეობა 800 -900 კუბური მეტრის ოდენობის წყალს მოიხმარს," - განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.
ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის 27 მილიონიანი პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც მეორე, ახალი პროექტი დაემატება. საერთო ჯამში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტებზე ქუთაისში მიმიდნარე წელს 87 მილიონი დაიხარჯება.
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში, დამატებითი რეზერვუარების აგება იგეგმება, რომ მომავალში წყლის მიწოდების შეფერხებას ადგილი არ ჰქონდეს.
დეა მანაგაძე
Print