საზოგადოება
მიტოვებული და ამუშავების მომლოდინე თურქი ბიზნესმენის კუთვნილი წისქვილკომბინატი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, გასულ საუკუნეში მოქმედი წისქვილკომბინატი ამ დროისთვის თურქი ბიზნესმენის საკუთრებაშია.
8 წლის განმავლობაში თურქი მეწარმის საკუთრებაში არსებული წისქვილკომბინატის 10 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ამ ეტაპზე მიტოვებული და უფუნქციოა.
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, არსებულ წისქვილკომბინატს დღეს 6 ადამიანი იცავს. ისინი უცხოელი ბიზნესმების მიერ არიან დაქირავებული და ყოველთვიურ 150 ლარის ოდენობის ხელფასს მიმდებარე ტარიტორიის დაცვის სანაცვლოდ იღებენ.
"ამბობდნენ ისევ წისქვილკომბინატს ავამუშავებთო, მაგრამ ამდენი წელია ყველაფერი უცვლელადაა. რატომ არ მოხდა საწარმოს ამუშავება, ჩვენ არ ვიცით. მფლობელიც ძალიან იშვიათად მოდის ხოლმე," - ამბობს ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი ჯანიკო მინდიაშვილი.
ქუთაისის წისქვილკომბინატი 1970 წელს აშენდა. საბჭოთა პერიოდში საწარმო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს ემსახურებოდა. კომბინატიდან, ძირითადად, სხვადასხვა ხარისხის ფქვილი, ქატო და კომბინირებული საკვები გადიოდა.
დამოუკიდებლობის წლებში წისქვილკომბინატებს ხორბალი უკვე თავიანთი რესურსით უნდა მოეძიათ და გასაღებაზეც თავად უნდა ეზრუნათ. იმ დროისთვის კომბინატები სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა.
ავანგარდის დასახლებაში არსებული კომბინატიც 1996 წელს სს "ქუთაისის წისქვილკომბინატად" გადაკეთდა, სადაც 305 თანამშრომელი მუშაობდა და მისი საწესდებო კაპიტალი 1 642 187 აშშ დოლარის ექვივალენტი გახლდათ ლარებში.
საწარმოს მაშინდელი ხელმძღვანელი ვაჟა ნუცუბიძე იხსენებს, რომ კომბინატში წელიწადში 9 000 ტონა ხორბალს ფქვავდნენ და 10 000 ტონა კომბინირებულ საკვებს აწარმოებდნენ.
"იმ პერიოდში ჩვენ არ ვზრუნავდით საიდან და როგორ უნდა შემოგვეტანა ხორბალი. მაშინ იყო ერთიანი სისტემა, რომელიც ამ საკითხებს ჩვენგან დამოუკიდებლად აგვარებდა. ხშირ შემთხვევაში, არც კი ვიცოდით ვინ იყო მომწოდებელი და ჩამბარებელიც. შემდგომ წლებში ყველაფერი გართულდა, ხორბალს ძირითადად, საბანკო სესხით ვიძენდით," - ამბობს ვაჟა ნუცუბიძე.
პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოში ხორბლის შემომტანი პურპროდუქტების კორპორაცია გახლდათ, რომლის წინაშე წიქვილკომბინატებს დავალიანება დაუგროვდათ. თავის მხრივ, კომბინატების მევალეები პურის ქარხნები გახლდათ, რომელთა ვალიც პურის მაღაზიებს ჰქონდათ.
"მათ ვერ შეძლეს ჩვენი ვალის გატუმრება, იმის გამო, რომ მაღაზიებიდან ვერ იღებდნენ დროულად თანხებს. ამასობაში, საბანკო კრედიტების დავალიანების დაფარვა ვერ მოხდა, დაგროვდა ვალიც და საურავებიც, ამიტომ მთელი ქონება ფინანსთა სამინისტრომ ვალში წაიღო," - იხსენებს ვაჟა ნუცუბიძე.
სს "ქუთაისის წისქვილკომბინატმა" 2001 წლამდე იმუშავა და შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. 2006 წელს კი წიქვილკომბინატი გაკოტრების რეჟიმში გადავიდა, რის შედეგადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში საწარმოს ქონება რეალიზაციაზე გავიდა.
ქონების გაყიდვის შედეგად მიღებულმა თანხამ 935 210 ლარი შეადგინა. ამ თანხის უდიდესი ნაწილით პირველი რიგის კრედიტორის, ქუთაისის საგადასახადო უწყების და მეორე რიგის კრედიტორის, ფინანსთა სამინისტროს დავალიანებები დაიფარა, ხოლო აქციონერების წინაშე წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა არ მოხდა.
დეა მანაგაძე
Print