საზოგადოება
7 წელი აგვისტოს ომიდან - ერთჯერადი დახმარება დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ქუთაისის მერიისგან
FaceBook
"ადგილობრივ მთავრობას მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვახსენდებით, ყურადღებას ნაკლებად გვაქცევენ",

7 წელი გავიდა 2008 წლის ცხელი აგვისტოდან. რუსეთ-საქართველოს ომს და რუსული ცეცხლის წვიმას ქუთაისიდან 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ლევან კოხრეიძე, დავით ავალიანი, დიმიტრი ჯაილოვი, გივი სახელაშვილი, თამაზ ნიკიტინი, ირაკლი ჯანელიძე, მარლენ ბარამია, შიო სახელაშვილი, ფელექს კაკურიძე, გიგა გოგორიშვილი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აგვისტოს ცხელ დღეებს ემსხვერპლნენ. დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ადგილობრივმა მთავრობამ მემორიალური დაფები მიუძღვნა, .ხოლო ქუჩებს, სადაც დაღუპლი ჯარისკაცები ცხოვრობდნენ, მათი სახელები ეწოდა. "ამ ქუჩაზე ცხოვრობდა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კაპრალი", - უკვე წლებია ეს მეომორიალური დაფა ქუთაისში, ჭომის დასახლებაშია განთავსებული, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცი, ირაკლი ჯანელიძე ცხოვრობდა. დაღუპული ჯარისკაცის და, ინგა ჯანელიძე, ამბობს, რომ მისი ძმა შინდისში გმირულად დაეცა. აღნიშნული მემორიალური დაფებისა და ქუჩებისთვის მინიჭებული დაღუპული ჯარისკაცების სახელების გარდა, მათი ოჯახის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობიდან წელიწადში ერთხელ, აგვისტოში 1000-1000 ლარიან ფულად დახმარებას იღებენ. "ადგილობრივ მთავრობას მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვახსენდებით, ყურადღებას ნაკლებად გვაქცევენ", - ასე მიმართა ორი კვირის წინ, ქუთაისში ვიზიტად მყოფ თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს, ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის დედამ.
2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედები ადგილობრივი მთავრობის მხრიდან არასათანადო ყურადღებაზე საუბრობენ. მათი თქმით, საკმარისი არაა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მხოლოდ წელიწადში ერთხელ აქცევდნენ ყურადღებას.
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებისთვის განსაზღვრული პროგრამა არ არსებობს. საბიუჯეტო პროგრამის არარსებობის გამო, ფულად დახმარებას მერის სარეზერვო ფონდიდან იღებენ.
თეკლე მორგოშია

Print