საზოგადოება
ფარული აქტები საფუძვლად - ვინ და როგორ ამოწმებს რეაბილიტირებულ გზებს ქუთაისში (მეორე ნაწილი)
FaceBook
ქუთაისში რამდენიმე ლაბორატორიაა, რომელიც სამშენებლო ობიექტების ვარგისიანობას ამოწმებს.



"ქვეყნის მასშტაბით 70 მლნ ლარზე არის დაკონტარქტების პრობლემა. იქნებ გვითხრათ, რა ხდება ბატონებო, ძალიან ცოტა არის შესრულება. აღარაფერს ვამბობ, ინფრასტრუქტრული სამუშაოების უკვე განხორციელებული პროექტების ხარისხზე", – ეს განცხადება ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა ორი კვირის წინ ქუთაისში ვიზიტის დროს გააკეთა. მინისტრმა, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტრული სამუშაოების შესრულების ტემპი და ხარისხი დაიწუნა.
"ქუთაისიპოსტი" დაინტერსედა თუ რა მდგომარეობაა და რამდენად ხარისხიანად სრულდება ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები? როგორც აღმოჩნდა ქუთაისის თვითმმართველობაში ზემდგომთა შენიშნებს არ ეთანხმებიან, ხოლო ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრეტენზიებს შემსრულებელთა მისამართით გამოთქვამენ. (იხილეთ პირველი ნაწილი)

(მეორე ნაწილი)
ქუთაისში რამდენიმე ლაბორატორიაა, რომელიც სამშენებლო ობიექტების ვარგისიანობას ამოწმებს. თუმცა, შემსრულებლი ორგანიზაციები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ლიცენზირებულ ლაბორატორიას ირჩევენ. როგორც ირკვევა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ იმ ლაბორატორიის დასკვნას ენდობიან, რომელიც ლიცენზირებული და გამოცდილია.
შპს "მშენებელ სერვის ცენტრს", რომელიც სამშენებლო ლაბორატორიის დასკვნას აკეთებს, ლიცენზია უკვე წლებია მოპოვებული აქვს. ამ უკანასკნელს კი, საქართველოს მეტალურგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ცენტრი გასცემს. (სამშენებლო ლაბორატორიებზე წლების წინ ლიცენზიას, ხოლო ამ დროისთვის აკრედიტაციას გასცემენ). შპს "მშენებელ სერვის ცენტრი"-ს დირექტორის, უჩა კანკავას განმარტებით, ძირითადად გზის საფარის (ბეტონი/ასფალტი) და ობიექტების ლაბორატორიულ შემოწმებას ახდნენ.
"ჩვენ არა მხოლოდ ქუთაისში შესრულებული სამუშაოების ლაბორატორიებს გვთხოვენ, არამედ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში განხორცილებულ სამუშაოებზეც", – ამბობს უჩა კანკავა.
კანკავას შეფასებით, ქუთაისში სამშენებლო მასალების ხარიხსი ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესებულია. რაც მისივე თქმით, განხორციელებულ პროექტებშიც დადებითად აისახება.
"ადრე სამშენებლო ორგანიციებს ნაკლებად სთხოვდნენ სამშენებლო მასალების ხარისხს. ბოლო წლებში კი ეს გამკაცრებულია და შედეგიც უკეთესია", – ირწმუნება უჩა კანკავა.
შპს "მშენებელ სერვის ცენტრს" ბოლოს ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარზე ლაბორატორიული დასკვნის გაკეთება დაევალა. კანკავა ამბობს, რომ მათ მიერ შემოწმების შედეგად სწორედ ის ხარვეზი აღმოაჩინეს, რაც მერიის ინსპექტირების ჯგუფმა ვიზუალური დათვალიერებით აღმოაჩინა.
"თუკი ყველაფერი არ არის მწყობრში და ისე როგორც უნდა იყოს, მე დასკვნას არავითარ შემთხვევაში არ გავცემ. პრობლმები არ მჭირდება. თამარ მეფის ქუჩაზე ხარვეზი კი ის გახლდათ, რომ ასფალტის სისქე არ იყო დაცული. ასევე, ტკეპნის მაჩვენებლი არ იყო დამაკმაყოფილებელი. ხარვეზის გამოსწორება დავავლეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავცემთ დასკვნას", – აღნიშნავს კანკავა.
შპს "მშენებელ სერვის ცენტრში" განმარტავენ, რომ ადრე ლაბორატორიულ შემოწმებას ე.წ. ძაბრით ახდნენ, რომელსაც დიდი დრო სჭირდებოდა. ამ დროისთვის კი შემოწმება, გერმანული აპარატით ხდება, რომელსაც ხარისხის დასადგენად, როგორც კანკავა, ამბობს, მხოლოდ 40 წუთი სჭირდება.
როგორია თავად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა და შეფასება ქუთაისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშოებზე? - ამის გასარკვევად "ქუთაისპოსტმა" ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ქუთაისის ბიუროს მიაკითხა.
"ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია დამკვეთ ორგანიზაციას და ჩვენს შორის. შესაბამისად ამაზე კომენტარს ექსპერტები არ აკეთებენ", – განმარტეს ექპერტიზის ბიუროში.
ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, საშუალო სტატისტიკა და მაჩვენებელი შესრულებული სამუშაოების ხარისხზე ბოლო წლების განმავლობაში დადებითია.


თეკლე მორგოშია
Print