საზოგადოება
„უჩინარი“ კათოლიკები ქუთაისში (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

25 დეკემბერი-  შობა

13 იანვარი - ნათლისღება

21 აპრილი  (2019 წელს) -  აღდგომა

კათოლიკე ქართველები მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულებს ამ რიცხვებში აღნიშნავენ. თუმცა, კათოლიკების გარდა ეს თარიღები ქუთაისში  არავის ახსოვს.


კვირის ღვთისმსახურებაში მონაწილეობას სტიმატინელთა ორდენის წარმომადგენლები იღებენ

ქალაქის საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის 20 წელია არ იმჩნევს, რომ ქუთაისში კათოლიკები ცხოვრობენ.
მათ დღესასწაულებს არ ულოცავენ მაღალი ტრიბუნებიდან, კათოლიკე მოღვაწეებს ნაკლებად მოიხსენიებენ, მათ დამსახურებებზე იშვიათად ყვებიან.
კათოლიკები ქუთაისში თითქოს არ არსებობენ. ისინი გამქრალნი არიან ქალაქის აწმყოდან და ისტორიიდან.

„დაკარგულები“

"გაქრობის" და არშემჩნევის პროცესი "დაკარგვით" დაიწყო.

კათოლიკე ეკლესიის მრევლი ათწლეულებია ტაძრის გარეშე რჩება.

ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური ტაძარი, საქართველოს მასშტაბით იმ ხუთი კათოლიკური ეკლესიის სიაშია, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში საპატრიარქოს საკუთრებაში გადავიდა.
მათ დაბრუნებას საპატრიარქო ჯერჯერობით არ ფიქრობს, დავა წლებია მიმდინარეობს.


ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელზეც დავა დიდი ხანია მიმდინარეობს

კათოლიკები ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე კერძო სახლში იკრიბებიან, სადაც 25 წელია ვატიკანიდან მოვლენილი სტიმატინელთა ორდენის წარმომაგენლები სახლობენ და მისიას ახორციელებს.
კვირა დღე მსახურებას ეთმობა.



"რბილი" დისკრიმინაცია

კათოლიკე თემი დისკრიმინაციის ე.წ. „რბილ“ ფორმაზე საუბრობს, რომელიც არ გამოიხატება მცირე ჯგუფების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, მაგრამ გააჩნია არანაკლებ დამაზიანებელი ეფექტი. „რბილი“ დისკრიმინაცია არშემჩნევა და იგნორირებაა.

კვალი და ნიშანი, რაც კათოლიკების არსებობაზე, მათ წარსულსა და დღევანდელობაზე მიუთითებს, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა და სიმდიდრისა, ჩრდილს არის მოფარებული. მათი შემჩნევა სულ უფრო რთული ხდება, მონდომება და მზერის დაძაბვა ჭირდება, ასეთი მონდომებული კი ქალაქში ძალიან ცოტაა.

კათოლიკების მცდელობა საიმისოდ, რომ დაფარული ცხადი გახდეს, დიდი ძალისხმევით მიიღწევა.

„ყველაზე მარტივი და უბრალო მაგალითი მინდა მოვიყვანო. მემორიალის დადგმა გვინდოდა სამლოცველოს ეზოში, ფასადი ეიქნებოდა ქუჩის მხარეს. ეს მემორიალი საზოგადოებას გააცნობდა 35 კათოლიკე მოღვაწეს.
სანახევროდ ელექტრონული ფორმატის იქნებოდა, სხვადასხვა ღილაკით აღჭურვილი, რომ რაც შეიძლება მარტივი ფორმით, მეტი ინფორმაცია მიეღო ქუთაისელ საზოგადოებას იმ ხალხზე, რომელიც
ქართულ საქმეს აკეთებდა და დიდ როლს ასრულდებდა საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. მემორიალის ხარჯებს მთლიანად ჩვენ ვიღებდით, მერიიდან მხოლოდ ნებართვა გვჭირდებოდა. სწორედ ეს ნებართვა
ვერ გამოიმეტეს და მის მიღებას წლები დასჭირდა“, - ამბობს კათოლიკე ეკლესიის მრევლის წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის ცენტრის დირექტორი ლევან ბეგიშვილი.

მემორიალის დადგმაზე ქუთაისის მერიამ თანხმობა 2018 წელს გასცა და დამზადებაზე ტენდერიც გამოაცხადა, დამზადებაზე, ოღონდ მემორიალი მცირე ზომის მარმარილოს დაფა იქნება, სადაც განთავსდება ზაქარია ფალიაშვილის, სიმონ ყაუხჩიშვილის, მამა დამიანე სააკაშვილის, იოსებ ოცხელის, პეტრე ოცხელის, მარიამ ყაუხჩიშვილის და სხვა კათოლიკე აღმსარებლობის მქონე ქუთაისელების გვარები.

"ერთ პატარა ფილაზე რომ 35 ადამიანის სახელსა და გვარს დაწერ ეს საერთოდ ვინმეს რაიმე ინფორმაციას მისცემს? ფორმალური აქტი იქნება და მეტი არაფერი", - აღნიშნავს ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლი მამა გაბრიელე ბრაგანტინი.

დაკარგული ტრადიცია

ამგვარი უგულებელყოფა არაორგანული, გნებავთ - არაქართული ეჩვენება ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელს მამა გაბრიელე ბრაგანტინის. იგი სხვა ქართულ ტრადიციებზე მიუთითებს:
"თუკი ევროპის ქალაქებში იყო გეტოები, სადაც იზოლირებულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფები, საქართველოში იყო უბნები - ებრაელთა უბანი, კათოლიკეთა უბანი,
ანუ ქალაქი თავის ნაწილად მიიჩნევდ და არ რიყავდა ამ ხალხს. ეს კარგი ტრადიცია იყო, რაც დღეს იკარგება... მრავალფეროვნებასა და ტოლერატობაზე საუბრობენ, მიუთითებენ, რომ ერთ პატარა სივრცეში არის მართლმადიდებელი, ტაძარი, ებრაული სინაგოგა, კათოლიკების ტაძარი, ამით ამაყობენ. მაგრამ დღეს შენდება ასე ერთ სივრცეში სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძრები? მხოლოდ ახლადაშენებულ მართლმადიდებელურ ტაძრებს ვხედავთ. ეს მრავალფეროვნება დაიკარგა და მხოლოდ წარსულში დარჩა", - ამბობს მამა გაბრიელე.


კვირის ღვთისმსახურება

ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლი მეორე უჩვეულობაზეც მიუთითებს. ქართულ გვარებზე, რომლებიც "კათოლიკურად" მიიჩნევა საქართველოში. სხვა ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკის შესახეებ მას არ სმენია. "საქართველოში იყო და არის გვარები თამარაშვილი, ყაუხჩიშვილი, სააკაშვილი, რომლებიც შთამომავლობით და "გვარით" კათოლიკბი იყვნენ. თავიდან ეს ძალიან მიკვირდა, ასეთი რამ, მაგალითად, იტალიაში არ მსმენია, ის რომ იქ კონკრეტული გვარები , რომელიმე აღმსარებლობას მიეკუთვნებოდეს. მაგრამ დღეს ამ გვარების წარმომადგენლები და შთამომავლებიც აღარ არიან კათოლიკები, მათაც შეიცვალეს აღმსარებლობა", - ამბობს მამა გაბრიელე.


გამყოფი ზოლი

განდგომის ამ ტენდენციის მიზეზებს ქუთაისელი კათოლიკები კათოლიკობის ერთგვარ "დისკრედიტაციასა"და დემონიზაციაში ხედავენ. ლევან ბეგიშვილის აზრით, ეს პროცესი ორასი წლის წინ იღებს სათავეს. გამყოფ პერიოდად რუსულ ცარიზმს მიიჩნევს.

რუსეთის მიერ საქართველოს მიერთებამ, სხვა მავნე ტრადიციებთან ერთად, ადამიანების დაყოფის მექანიზმები დაამკიდრა და ქართველები სხვადასხვა ნიშნით დაახარისხა. არამართლმადიდებელ ქართველებს " დაბალი ხარისხი" მიენიჭათ და ეწოდათ სხვადასხვა სახელი - კათოლიკებს "ფრანგები" , მუსლიმებს - "თათრები". ისინი "არანამდვილ" ქართველებად და "მეორეხარისხოვან" ადამიანებად შეირაცხნენ.

კათოლიკე თემში მიიჩნევენ, რომ ეს დამოკიდებულება დღესაც ვერ დაიძლია, პირიქით, რაღაც ფორმით გაძლიერდა. საზოგადოების ზოგადი განწყობით კათოლიკობა, თითქოს, არასრულფასოვან ქართველად აქცევს მის მაღიარებელს. ეს კი ავტომატურად რიყავს და მართლმადიდებელ უმრავლესობაში რაიმეს მიღწევის ნაკლებ შანსს უტოვებს.


დანაკარგები

ეს ნეგატიური მიმართება ქუთაისში კათოლიკების რაოდენობაზეც აისახა. თუკი 1903 წლის აღწერით ქუთაისში 32 ათას მცხოვრებიდან 2000 კათოლიკე იყო, დღეს კათოლიკების რიცხვი მხოლოდ 200-ია.

"ეს არის ჩვენი პრობლემაც, ჩვენც, ალბათ, რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებთ, მაგრამ გარემოც უქმნის ისეთ პირობებს, რომ კათოლიკები მცირდებიან", - ამბობს გაბრიელე ბრაგანტინი.
კათოლიკე აღმსარებლობის გამო ტრავმები სკოლიდან იწყება.

კათოლიკები იხსენებენ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც აღმსარებლობის გამო, მასწავლებელმა გამოარჩია და საჯაროდ შეარცხვინა ბავშვები.


სკოლა

„ეს შემთხვევა წინა წლებში მოხდა, როგორ არ გრცხვენიათ კათოლიკები რომ ხართო!“, ასე გამოუცხადეს სკოლაში ბავშვებს. ასეთი ფაქტები შემცირდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ სტიგმამ იკლო, არამედ თავად კათოლიკების რაოდენობა იკლებს“, - ამბობს ლევან ბეგიშვილი.
მასწავლებლები ბავშვებს უშლიდნენ კათოლიკების მიერ დაფუძნებულ დღის ცენტრში სიარულსაც „გაგაკათოლიკებენ და დაიღუპები“ ამ მოტივით. თუმცა თავისი არსებობის თითქმის 20 წლის განმავლობაში ცენტრში ჯერ  არავინ ~გაუკათოლიკებიათ~.

ბოლო წლებში, კათოლიკე აღმსარებლობის ბევრი წარმომადგენელი მოინათლა მართლმადიდებლად, შესაბამისად შემცირდა კათოლიკეთა რიცხვი. განდგომილები განდგომის მიზეზებზე არ ლაპარაკობენ. თუმცა, მიზეზი უთქმელდაც ცხადია ლევან ბეგიშვილისთვის.

"ათწლეულებია კათოლიკობის დემონიზაცია ხდება, ათასი ცილისწამება ისმის ჩვენი მისამართით: ხან მასონებად გვნათლავენ, ხან მწვალებლებად ხან რად და ხან რად. ეს კათოლიკებს პრობლემებს უჩენს, მათ შორის მართლმადიდებელ ოჯახის წევრებთანაც. ბევრმა ამას ვერ გაუძლო, სუსტია ადამიანი. ამიტომაც მიიღო ის რელიგია, რომელსაც უმრავლესობა აღიარებს საქართველოში", - ამბობს ლევანი.
...

კვირა დღის წირვაზე ცოტა ხალხი დადის. ძირითადად ხანდაზმულები. მსახურებას მამა გაბრიელე და სტიმატინელთა ორდენის წევრები ქართულ ენაზე ახორციელებენ.

ორდენის წევრები იმ საქმეს აგრძელებენ, რაც საქართველოში, ასობით წლის წინ, დაიწყეს კათოლიკე მისიონერრებმა. მათი საქმიანობა რელიგიურ მსახურებასთან ერთად, მკურნალობაში, განმანათლებლობასა და სოციალურ საქმიანობაში გამოიხატებოდა. 

იგივე ხაზი გრძელდება დღესაც, ქუთაისში კათოლიკე ეკლესიის მიერ დაფუძნებული სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც ასამდე ბავშვს ემსახურება. .აქვე მუშაობს უფასო სასადილო 65 ბენეფიციარისთვის, არსებობს შინმოვლის პროგრამა, სამედიცინო ამბულატორია, სადაც უფასოდ ემსახურებიან პაციენტებს. უფასოდ გასცემენ ტანსაცმელს, პროდუქტებს.
ბენეფიციართა დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელია.


ქუთაისში არსებულ მისიაში სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევიან. მოძღვარი და ენათმეცნიერი მამა ლუიჯი მანტუანიმ ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონი, ასევე ქართულ- ლათინური ლექსიკონი შეადგინა, რომელიც 50 ათასამდე სიტყვას იტევს. იგი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილ და მდიდარ ლექსიკონად ითვლება , აქამდე საქართველოში გამოცემულ ლექსიკონთა შორის.
ორდენის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მისია საქართველოში დრაჩება, მაგრამ შესაძლებელია, აღარ დარჩნენ კათოლიკე ქართველები. ეს კი ქალაქს ძალიან გააღარიბებს.

მოაკლებს ერთ შტრიხს მის ხასიათს, დააკნინებს ქალაქის ისტორიას და დღევანდელობას.,
პროცესი თუ გაგრძელდა, მრავალფეროვნებიდან - ერთფეროვნებას მივიღებთ.
ერთფეროვნებას, რომელიც ზღუდავს და ავიწროებს სივრცეს.


ავტორები: ეკა კუხალაშვილი
თეკლე მორგოშია

 

Print