საზოგადოება
როგორ დავიცვათ თავი გაზის გაჟონვისას – სპეციალისტის რჩევები
FaceBook
როგორ მოვიქცეთ ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში? – კონკრეტულ რჩევებს "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონის ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე გაბრიჭიძე გვაძლევს.

ალექსანდრე გაბრიჭიძე განმარტავს, რომ არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც ბუნებრივი აირის გაჟონვისას სიგნალს იძლევა. ესენია: მეთანოდეტექტორი, ნახშირბადის შემცველობის დეტექტორი, ან კომბინირებული, რომლებიც გაყიდვაშია.

ამასთანავე, არის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ხმოვანი სიგნალი მიაწოდოს მომხმარებლებს, არამედ მას გაზის მიწოდების ჩაკეტვაც შეუძლია.

ხელსაწყო, რომელიც ხმოვან სიგნალს იძლევა 50 ლარი ღირს, ჩამკეტი ხელსაწყო კი – 120–150 ლარი.

ასევე, აუცილებელია გასანიავებელი სარკმელის არსებობა - ის ოთახი, სადაც გაზი ჩართულია, ჰაერის ცვლა უნდა ხდებოდეს.

იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი აირი გროვდება სათავსოში, ელექტროენერგიის ჩართვა ან გამორთვა დაუშვებელია, რადგან ნაპერწკლის წარმოქმნამ შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს.

"უნდა გააღოთ ფანჯრები და გაანიავოთ სათავსოები. აუცილებლად უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე 16 114–ზე და დისპეჩერისგან მიიღებთ ინსტრუქტაჟს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ", - აღნიშნავს ალექსანდრე გაბრიჭიძე.

Print