საზოგადოება
„ბაგრატიდან იგეგმება წყაროს გადმოყვანა“ - ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შადრევანი მოეწყობა
FaceBook
დაგეგმილია მერქნიან მცენარეთა სანერგის გაფართოება და წყალწითლას მიდამოებში სანერგე მეურნეობის გაშენება.


საქართველოში ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, თბილისის სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბოტანიკური ბაღის შემდეგ, ყველაზე დიდი ასაკის მქონე ბაღია.
მისი ისტორია 2 საუკუნეს ითვლის. ბაღი მცენარეთა სიმრავლით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 700- მდე ოჯახის მცენარე სხვადასხვა განყოფილებებად არის წარმოდგენილი, არის ამერიკის, აზიის და ა.შ განყოფილებები.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი ამბობს, რომ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში უნიკალური და საუკუნოვანი ხეებია წარმოდგენილი.
"აქ შესაძლებელია ჩრდილო-ამერიკული მცენარის სექვოიას ნახვა, რომლის მსგავსი საქართველოში არ არის. მისი ასაკი დაახლოებით 2000 წელი იქნება. პირველი უცხოელი მებაღე-სპეციალისტი რომელიც ბოტანიკურ ბაღში მოიწვიეს იყო ფრანგი რეგნერი, ხოლო მეორე მეფის ნაცვალმა ვორონცოვმა მოიწვია შოტლანდიელი იაკობ მარი. ამ პერიოდშიც კი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს დიდი ყურადღება ექცეოდა" -ამბობს ამრან ხვადაგიანი.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში განაახლეს სანერგე მეურნებობა და მათი 20 % უკვე ათვისებულია.
"აღვადგინეთ ორანჟერეა, ასევე შემოგვაქვს ახალი სახეობები. მას შემდეგ, რაც მოსკოვის ბოტანიკურ ბაღთან შეწყდა ჩვენი თანამშრომლობა, აქტიური ურთიერთობა გვაქვს გერმანიის ESSEN -ის ბოტანიკურ ბაღთან. წელს ერთ -ერთი მთავარი სიახლეა, რომ გავხდით მსოფლიო ბოტანიკური ბაღების ასოცოაციის წევრი, ახლა მათთან ერთად კოორდინირებულად ვმუშაობთ. ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს ფლორის იმ სახეობებზე, რომლებიც გადაშენების პირას არის,"- ამბობს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი და ამჟამად სამეცნიერო ხელმძღვანელი, ბორის თვალოძე.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სარეკონსტრუქციო და განახლებით სამუშაოებთან ერთად, მომავალში დაგეგმილია ბონდის ხიდის აგება, რომელიც ქალაქის სამუზეუმო ნაწილს და ბაღს ერთმანეთთან დააკავშირებს. ასევე, როგორც ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, ბაგრატიდან იგეგმება წყაროს გადმოყვანა, რომლითაც ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა ბუნებრივი შადრევანი. გარდა ამისა, დაგეგმილია მერქნიან მცენარეთა სანერგის გაფართოება და წყალწითელას მიდამოებში სანერგე მეურნეობის გაშენება.

ბაია მიქაბერიძე

Print