საზოგადოება
ფარული აქტები საფუძვლად - ვინ და როგორ ამოწმებს რეაბილიტირებულ გზებს ქუთაისში
FaceBook
შემსრულებელ ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხი სამშენებლო მასალებზე არის დამოკიდებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც ისე დამაკმაყოფილებელია.



"ქვეყნის მასშტაბით 70 მლნ ლარზე არის დაკონტარქტების პრობლემა. იქნებ გვითხრათ, რა ხდება ბატონებო, ძალიან ცოტა არის შესრულება. აღარაფერს ვამბობ, ინფრასტრუქტრული სამუშაოების უკვე განხორციელებული პროექტების ხარისხზე", – ეს განცხადება ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა ორი კვირის წინ ქუთაისში ვიზიტის დროს გააკეთა. მინისტრმა, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტრული სამუშაოების შესრულების ტემპი და ხარისხი დაიწუნა.
"ქუთაისიპოსტი" დაინტერსედა თუ რა მდგომარეობაა და რამდენად ხარისხიანად სრულდება ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები? როგორც აღმოჩნდა ქუთაისის თვითმმართველობაში ზემდგომთა შენიშნებს არ ეთანხმებიან, ხოლო ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრეტენზიებს შემსრულებელთა მისამართით გამოთქვამენ.
***
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში სამუშაოები ხარისხიანად სრულდება. უწყების ხელმძღვანელი, მალხაზ ბასილაძე ირწმუნება, რომ ზემდგომი ორგანოებიდან საყვედურები და შენიშვნები შესრულებული სამუშაოების ხარისხზე არასოდეს მიუღიათ. სამაგიეროდ, შენიშვნებსა და პრეტენზიებს სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციებს თავად აძლავენ.
ქუთაისის მერიამ ვიზუალური და ლაბორატორიული დასკვნის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის გამო თამარ მეფის ქუჩის მცირე მონაკვეთზე გზის საფარის დაგების ხარისხი (თამარ მეფის ქუჩა #40) დაიწუნა. რის გამოც ობიექტი არ ჩაიბარა.
"დიდი არაფერი არ არის, უბრალოდ ბორდიულსა და გზას შორის წყალი დგება, რაც არ უნდა იყოს. ეს იყო შენიშვნა, რომელსაც შემსრულებელი ორგანიზაცია გამოასწორებს", – ამბობს მალხაზ ბასილაძე.
მერიაში განმარტავენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხის შემოწმება იმაზეა დამოკიდებელი, თუ რა სახის და რა მოცულობის სამუშაოა შესრულებული. მაგალითად, გზის საფარის დაგების შემდეგ, მისი ხარისხის გასაგებად საჭიროა ცალკე ლაბორატორიული და ცალკე ექსპერტიზის დასკვნა.
ლაბორატორია სამუშაოებზე გამოყენებული მასალების ხარისხს ადგენს. კერძოდ, ლაბორატორიულ დასკვნაში აღნიშნულია ასფალტის ტკეპნის კოეფიციენტი და სიმაღლე. ბეტონის შემთხვევაში ბიტუმის (ფისოვან ნივთიერებათა ასფალტის, გუდრონის, ნავთობის) შემცველობა და მარკიანობა (წყლის გაუმტარობის მაჩვენებელი და ბეტონის სიმკრივე) .
რაც შეეხება ექსპერტიზას, ის შესრულებული სამუშაოების ხარისხს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნა ძირითადად ე.წ. ფარული სამუშაოების აქტის საფუძველზე დგება. თავად აღნიშნულ აქტს, კი ქუთაისის მერიაში არსებული ინსპექტირების ჯგუფი ადგენს.
"ე.წ. ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოების დაწყების ეტაპიდან მის დასრულებამდე პერიოდს მოიცავს. ხდება შემოწმება კონკრეტულად რამდენი ღორღი დაიყარა, რა მოცულობის ასფალტი დაიგო. ამის დადგენა შეუძლებელია, რომ არა ინსპექტირების ჯგუფის მონიტორინგი და მის მიერ შედგენილი ე.წ. ფარული აქტი", – განმარტავენ მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტრის განვითარების სამსახურში.
ინსპექტირების ჯგუფი ქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე იქმნება. 6 წევრიან ჯგუფში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშროლები შედიან, რომლებსაც ყოველდღიურ რეჯიმში ევალებათ სამუშაოების შემოწმება.
სწორედ აღნიშნული ჯგუფის მიერ შედგენილი აქტების შედეგად ახდენს დასკვნის დადებას ექსპერტიზა. საბოლოო დასკვნას 28 დღე სჭირდება, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე განმარტავს, რომ ადრე შემსრულებელ ორგანიზაციას ხელშეკრულებაში უთითებდნენ თუ რომელ ექსპერტიზასა თუ ლაბორატორიაში უნდა მოეხდინათ ხარისხის შემოწმება.
"თუმცა, სამინისტროდან გაგვაფრთხილეს, არ მიგვეთითებინა მაინცდამაინც , რომ დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაში გაევლოთ. გვითხრეს, რომ სხვა კერძო და ლიცენზირებული ლაბორატორიები და ექსპეტიზების დასკვნაც მისაღები იქნებოდა", – ამბობს ბასილაძე. თუმცა, აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის გავლას იმ შემთხვევაში ავალდებულებენ შემსრულებელ ორგანიზაციებს, როცა დიდ ინფრასტრუქტრულ სამუშაოებზეა საუბარი.
ბასილაძის თქმით, იმის გამო რომ დაგებული ასფალტის ვარგისიანობის გარკვევა ერთ და ორ თვეში შეუძლებელია, ამიტომაც, სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციებს საგარანტიო ვადად ხელშეკრულებაში ორი წელი აქვთ განსაზღვრული. საგარანტიო ვადის პერიოდში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება სწორედ სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას ეკისრება.
***
დასკვნის მისაღებად ლაბორატორიასა თუ ექსპერტიზას თავად სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციები მიმართავენ. შემსრულებელი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ისინი ეთანხმებიან ექპერტიზის და ლაბორატორიის დასკვნებს. მათი თქმით, ასევე, სანდო არის მერიის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნებიც.
"მაშინაც კი, როც არის შენიშვნა. ხარვეზების შემთხვევაში გვაქვს ორწლიანი ვადა რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს მათი გამოსწორება", - ამბობს ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროქტების ერთ-ერთი შემსრულებელი კომოპანიის, შპს "გეგის" ხელმღვანელი, იური თავაძე. ანალოგიურად, ამბობენ შპს დაგი +"-სშიც. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიღებული შენიშვნები მათთვის მისაღებია.
სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხი სამშენებლო მასალებზე არის დამოკიდებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც ისე დამაკმაყოფილებელია.
რომელი ლაბორატორიები გასცემენ დასკვნებს ქუთაისში, როგორ ხდება მათ მიერ შემოწმება და რას აცხადებენ თავად ლაბორატორიებში? - ნახეთ მეორე ნაწილში, 25 ივლისს, kutaisipost.ge-ზე.

თეკლე მორგოშია

Print