საზოგადოება
6 თვეა მტვერში და ტალახში ვცხოვრობთ - ქუთაისში მოსახლეობა გზის რეაბილიტაციაზე პრეტენზიას გამოთქვამს
FaceBook

"სულ არ მაინტერესებს მოსახლეობა რას ამბობს. კომპანია ანგარიშვალდებულია მერიის წინაშე, ვისთანაც ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი"



ქუთაისში გელათის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა პრეტენზიას გამოთქვამს.მათი თქმით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დქირავებულ მუშებს ხელფასს დროულად არ უხდის, რის გამოც რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა. მოსახლეობა მუშების პროფესიონალიზმზეც საუბრობს.
"ძალიან ნელა მუშაობენ. მუშები იმდენად არაპრფესიონალები არიან, ხან გაზის მილი დააზიანეს და ხან ელექროსადენები ამოგლიჯეს. უკვე 6 თვეა მტვერში და ტალახში ვცხოვრობთ, როდის დასრულდება ეს ყველაფერი გაუგებარია," - აცხადებენ ადგილობრივები.
ამ დროისათვის სამუშაოებს, მხოლოდ გელათის ქუჩის შუა მონაკვეთზე, სამშენებლო კომოპანია "ტობე" აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი, გიორგი რობაქიძე "ქუთაისიპოსტთან" განმარტავს, რომ ამჟამად წყლის მილებისთვის ორმოს მშენებლობის დასრულების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება.
"ჩვენ თითქმის დავასრულეთ სამუშაოები და გზის რეაბილიტაცია სხვა კომპანიამ უნდა გააგრძელოს. რამდენადაც ინფორმაცი გვაქვს მათგან, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება," - განაცხადა გიორგი რობაქიძემ.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზამშენიXXI" ასრულებს. კომპანიის წარმომადგენელი, პაატა მერკვილაძე გელათის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში დაქირავებული მუშებისთვის ხელფასის გაუცემლობას უარყოფს და ამბობს, რომ ხელფასებს კომპანია დროულად გასცემს. მისივე თქმით, კომპანიას მერიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბრამდე აქვს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოღორღვის პროცესი და ასფალტის საფარით გზის მოპირკეთება დაიწყება აგვისტოს ბოლოს. სულ არ მაინტერესებს მოსახლეობა რას ამბობს. კომპანია ანგარიშვალდებულია მერიის წინაშე, ვისთანაც ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადები და ამ ვადებში მოხდება გელათის ქუჩის რეაბილიტაცია," - აცხადებს პაატა მერკვილაძე.
გელათის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი პირველად მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. თუმცა, ტენდერი ურყოფითი შედეგით დასრულდა. მეორედ ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა, რომელშიც კომპანიამ "გზამშენიXXI" გაიმარჯვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გელათის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 2 955 905 ლარი გამოიყო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე დღეიდან 128 დღე დარჩა.
დეა მანაგაძე

 

Print