საზოგადოება
ვინ იყო გოგი, რომელსაც მთელი ნიუ-იორკი იცნობდა?
FaceBook
მას მთელი ნიუ-იორკი მხოლოდ სახელით იცნობდა - გოგი!

"ყოველ საღამოს, ორშაბათის გარდა, გიორგი ჭიჭინაძე სამუშაო კოსტიუმით იმოსება თავის მეთხუტმეტე სართულზე მდებარე აპარტამენტში პარკს ავენიუსა და აღმოსავლეთ 58-ე ქუჩებს შორის. ის მოხდენილი, ათლეტური აღნაგობის, საშუალო ასაკის კაცია, დამწუხრებული, ფერწამხდარი სახით, ჩამუქებული თვალებით და მელოტი თავით.

მას მთელი ნიუ-იორკი მხოლოდ სახელით იცნობს - გოგი!
შემცირებული ვერსიით "გიორგისა".
წარმოშობით ტიფლისიდანაა, საქართველოდან.

მის სამუშაო ჩაცმულობას შეადგენს მუქი შარვალ-კოსტიუმი, შავი ფეხსაცმელები, თეთრი აბრეშუმის პერანგი, თეთრი ჰალსტუხ-ბანტი, თეთრი მიხაკი ჯიბეში და შანელი ნომერი 5-ის სურნელი.

საღამოს 7:30-ზე ჭიჭინაძე ჩამოდის ქვემოთ და ფეხით მიეშურება Gogi’s La Rue-ში (La Rue ფრანგულად ქუჩას ნიშნავს), ელეგანტური ნიუ-იორკელების უახლეს სენსაციაში."

- ასე იწყება სტატია 1952 წლის ნიუ-იორკულ ჟურნალ "ქოლიერში".

"გოგის ქუჩა", შეიძლება ითქვას პირველი ქართული რესტორანი იყო ნიუ-იორკში, ქართველი ბანოვანი სტუმრებითა და კერძებით. დიახ, ნიუ-იორკმა პირველად ქართულ სამზარეულოს აქ გაუსინჯა გემო.

ახალშეძენილი რესტორნის დიზაინს დიკ კოლმარი ჩაუდგა სათავეში, ცნობილი მსახიობი და ბროდვეის მიმომხილველის დოროთი კილგალენის მეუღლე. უკვე კოლმარის მუშაობის შედეგად კლუბი ითვლებოდა ერთ-ერთ ულამაზესად ნიუ-იორკში.

მთავარი დარბაზი, რომელსაც საცეკვაო მოედანიც გააჩნდა, 200 კაცზე იყო გათვლილი, და ვარდისფერ-შავ ფერებში იყო გაწყობილი.

მეორე ოთახი, რომელსაც რბილ ოთახს ეძახდნენ და გოგის საამაყო ოთახად ითვლებოდა, ძვირადღირებული და ხმაგაუმტარი იყო, 52 კაცზე გათვლილი, ნაპოლეონისეულ, ამპირის სტილში გადაწყვეტილი წითელი ხავერდის კედლებით, ოქროსფერსა და თეთრში მორთული, კრისტალებით გაწყობილი.

ოთახში ცნობილი პიანისტი, მუნჯი ფილმების გამხმოვანებელი, ლეგენდარული უნგრელი მუსიკოსი გიორგი (ჯორჯ) ფეიერი უკრავდა, რომელსაც 1800-მდე მუსიკალური ნაწარმოები ახსოვდა ზეპირად და მისი ნიუ-იორკული აღმავლობის წლებს იწყებდა.

როცა მარგარეტ ტრუმანი, პრეზიდენტ ტრუმანის ქალიშვილი პირველად შევიდა რბილ ოთახში, ჩაიჩურჩულა, "რა სამარცხვინოა, მამას არასოდეს უნახავს ასეთი სილამაზე".



გოგის კლუბ-რესტორანს ხშირად სტუმრობდნენ პრინცი დიმიტრი ჯორჯაძე; პრინცი არჩილ-გურიელი ჭყონია და მისი მეუღლე, პარფიუმერიის მაგნატი, ჰელენ რუბენშტეინი; პრინცი დავით ვაჩნაძე; მსახიობები სარა ჩერჩილი, ჯენიფერ ჯოუნსი, ჯინჯერ როჯერსი, ელიზაბეტ ტეილორი, რიკარდო კორტეზი; მომღერლები ტონი მარტინი და ჯონი ჯონსტონი; პოლიტიკოსი და ქველმოქმედი უინთროპ როკფელერი; ჰილტონის სასტუმროთა ქსელის დამფუძნებელი კონრად ჰილტონი; უინძორის სასახლის პრინცები.

გოგის ზეპირად ახსოვდა ვის როგორი მომზადებული მოსწონდა ესა თუ ეს კერძი. პრინცი გურიელი მწვადთან ყოველთვის ბორდოს ღვინოს მიირთმევდა, ვასილი ადლერბერგი კიევურ კატლეტს, პრინცი ვაჩნაძე კუჭმაჭს.

გიორგი ჭიჭინაძე 1970 წლის 7 ნოემბერს, შაბათს, 63 წლის ასაკში ნიუ-იორკის წმინდა ვინსენტის ჰოსპიტალში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც მაშინდელი "ნიუ-იორკ თაიმსი" წერდა, მას საქართველოში დედა ეკატერინე და ძმა დავითი დარჩა.

Print