საზოგადოება
ცხოვრება მტვერსა და ხმაურში - დევნილები ქუთაისში ქვის საამქროს შეფუთვას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას #21-ში მცხოვრები დევნილები მათი კორპუსიდან ოთხ მეტრში მდებარე ქვის საამქროს შეფუთავას ითხოვენ, რომელიც წლებია ხმაურსა და მტვერს იწვევს.
დევნილები ჩივიან, რომ მათი კორპუსის მომიჯნავედ არსებული ქვის გადამამუშავებელი საწარმო, მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საცხოვრებელ პირობებს გაუსაძლის ხდის. მათივე თქმით, ქუთაისის მერიისთვის მრავალგზის მიმართეს, თუმცა, პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

კორპუსში მცხოვრებ რუსუდან ჯეჯეიას თქმით,  ქალაქის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას პერიოდში შესაბამისი პროექტიც მომზადდა, რისთვისაც საჭირო თანხა მერიამ გადაიხადა. დევილების თქმით, საუბარია მხოლოდ პროექტის მომზადების ხარჯზე, რამაც 1000 ლარი შეადგინა. თუმცა, მათი თქმით, ახალმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

"67 000 ლარი ჯდება საამქროს შეფუთვა, რომ 84-მა ოჯახმა დავისვენოთ ხმაურისა და მტვერისგან. თან ირგვლივ კორპუსებია. გვინდა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ყურადღება მივიქციოთ, იქნებ ისინი მაინც დაგვეხმარონ ამ პრობლემის სხდომაზე გასატანად", - ამბობს რუსუდან ჯეჯეია.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან საამქროს შეფუთვის დაფინანსება არამიზნობრივი ხარჯი იქნება.

"რადგან ის ქალაქის ბალანსზე არ არის, დევნილებმა ამ საკთხზე დევნილთა სამინიტროს უნდა მიმართონ. თუმცა, ჩვენ მაინც დავიწყეთ მოლაპარაკება, დევნილთა სამინისტრო ჩავაყენეთ საქმის კურსში. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, ამ ხალხს იქ ტერიტორიაზე გზის გაკეთებას დავპირდით", - ამბობს მერიის პრესსამსახურის უფროსი, თეონა გიორგაძე.

ამის პასუხად დევნილებმა 2017 წელს შედგენილი პროექტი გვაჩვენეს, რომელის მომზადებაც, მათივე თქმით, ყოფილმა მერმა, შოთა მურღულიამ დაუფინანსათ. 




პროექტით მიხედვით ასე უნდა მომხდარიყო ქვის საამქროს შეფუთვა, რომელიც მიმდებარედ მცხოვრებლებს ხმაურისა და მტვრისგან დაიცავდა.
Print