საზოგადოება
ევროპა - დაბრუნება საკუთარ თავთან
FaceBook
საქართველო მითების ტერიტორიაა.

ყველა სფეროს, საკითხს, განსაკუთრებით დიდ თემებს თავისი მითოსი ახლავს.

მითების სამიზნეა ევროპაც. ნაწილისთვის ის სამოთხის ადგილია, სხვებისთვის - სამოთხიდან გვარიანად დაცილებული ადგილის.

ბევრი თვლის, რომ ევროპის ნაწლი ვართ და მისგან ბევრ რამეს ვიღებთ. სხვებისთვის ევროპა უარყოფითი პერსონაჟია, რომელიც რაღაცას გვართმევს. მაგალითად, ქართველობას.

გასული საუკუნის 90-იან წლებში დაბადებული და გავრცელებული ეს მითი დღემდე მუშაობს. მას დაუზარებლად კვებავს რუსული პროპაგანდა და პორციებად აწვდის ფეიკ-იფრომაციებს, რის გამოც საზოგადოების ნაწილს ამ დანაკარგის (ქართველობის წართმევის) გულწრფელად ეშინია.

თუმცა, სხვებისთვის ეს მხოლოდ ღიმილისმომგვრელია.

"ქართველობის წართმევა" ისეთივე აბსურდია, როგორც უხეო ტყეები ან დედალი ძროხა", - მიაჩნია მოქალაქე მერაბ ისაკაძეს.

ქართველობის წართმევით დაშინებული ხალხი ნაკლებად ხსნის რას გულისხმობს ამ ტერმინსა თუ ცნებაში, როგორ და რა მანქანებით უნდა დაკარგოს ვინმემ ქართველობა?!

ნაწილი ქართველობის დაკარგვას ზნეობის დაკარგვას უკავშირებს. ზნეობა ქართული წარმომავლობის გონია და მხოლოდ ქართველთა საკუთრება.

"ბოლო წლებში, რაც ეს საზღვრები გაიხსნა, წესიერება ქრება, ქალი ქალს არ გავს და კაცი კაცს, ასე იკარგება ქართველობა -", - მიაჩნია მოქალაქე იაგო არაბიძეს.

წესიერება, ზნეობა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, იდენტობის ნიშნად არ გამოდგება, ის არ შეიძლება რომელიმე ერის უნიკალური თვისება იყოს, მიაჩნია ბლოგერ გია მარიამიძეს.

"ქართული მენტალიტეტი ზოგადადამიანურ და უნივერსალურ ნიშან-თვისებებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ უნიკალურ თვისებებად აღიქვამს. დიდი ხნის წინ აღინიშნა, რომ პერიფერიული კულტურის ადამიანი ყოველთვის თავის თავზე (საკუთარ კულტურაზე) საუბრობს. განსხვავებით ცენტრალურ კულტურაში (თუ კულტურის ცენტრში) მყოფი სუბიექტისგან, რომლის ინტერესის საგანი ზოგადად ადამიანი და კაცობრიობაა. პროვინციალიზმი უნივერსალურის "გაუნიკალურებაა". ამ თვალსაზრისით ქართული მენტალიტეტი ღრმად პროვინციული ფენომენია", - აღნიშნავს გია მარიამიძე.

პოსტ საბჭოტა სივრცეში კარგად მუშაობს მითების ფენომენიც, რომელიც ნებისმიერ აბსურდს დამაჯერებელს ხდის.

საიდან იბადება და რატომ ცოცხლობს რეალურ, თანამედროვე პრაგმატულ სივრცეში აბსურდი, რომელსაც ახსნა არა აქვს და არაფრით მტკიცდება?

ბლოგერ გია მარიამიძე ამის მიზეზად სწორედ მითის სივრცეს მიიჩნევს, სადაც იკარგება კონკრეტიკა და ლოგიკა მსჯელობაში. მითოსს თავისი წესები და კანონები შემოაქვს. აძლიერებს ირაციონალურ შიშებს, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, თუმცა იგი მაინც არსებობს და კვებავს ქართულ მენტალიტეტს.

"მითებისა და სიმბოლოების სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. აქ ლოგიკის კანონები არ მოქმედებს. ქართული მენტალიტეტისთვის აზრობრივი წინააღმდეგობები არ არსებობს. ის სამყაროს დაუნაწევრებლად აღიქვამს და გონებაში ყველაფერს ითავსებს. ქ.მ. ფაქტს, როგორც ასეთს, არ სცნობს. მისთვის ორშაბათიც შაბათია და კვირაში ცხრა პარასკევი აქვს. ქ.მ. პირობითობების ტყვეობაშია და ავტორიტებების მიმართ კითხვები არ უჩნდება. მარხულობს, მაგრამ სამარხვო ტორტით პირს იტკბარუნებს. სიშიშვლეს გარყვნილებად მიიჩნევს, მაგრამ სუმოთი ინტერესდება და ქართველ სუმოისტს გულშემატკივრობს. მართლმადიდებლობას იჩემებს, მაგრამ ასტროლოგიური პროგნოზით ერთობა. ქალი იცის "კუხნაში", მაგრამ უცხოეთიდან დედების და ცოლების გადმორიცხული ფულით ცხოვრობს. ჰომოფობიური სულისკვეთების მიტინგს ღიად გეი ადამიანი უძღვება და ამაში წინააღმდეგობას ვერ ხედავს. ასეთ პირობებში პარადოქსი, როგორც მოვლენა, აღქმის გარეთ რჩება. ქალბატონები - ლალი მოროშკინა და იუნა შაფათავა პატრიარქალური ცხოვრების წესის დამცველად გვევლინებიან. ქ-ნი კაკულია ერთდროულად მართლმორწმუნე ქრისტიანი და რესპუბლიკის მთავარი მკითხავი გახლავთ. ამ ყველაფერში უცნაურობას ვერ ვხედავთ", - აღნიშნავს გია მარიამიძე

ასეთ გარემოში უცნაურობად არ გვეჩვენებ „ქართველობის წართმევაც“.

არადა ევროპა ქართველობას ვერ წაგართმევს და ვერ მიითვისებს, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპა, როგორც კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი ამბობს, "საავტორო სივრცეა". ნამდვილი ავტორი კი პლაგიატორობას არ მიმართავს, მას არ ჭირდება ვინმეს წაართვას და მიითვისოს. იგი თავისას ქმნის.

"ევროპა საავტორო სივრცეა. ეს ნიშნავს, რომ ისინი თავად ირჩევენ საკუთარ თავსაც და პასუხისმგებლობასაც საკუთარ როლზე, სამყაროს წინაშე, თავად იღებენ. ამიტომ, ისინი ნამდვილები არიან - საკუთარი და სამყაროს ქმნადობის თანამონაწილენი. ამიტომაც, მათი კულტურა სრულიად ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს. ეს გახლავთ იმ მენტალობის ხალხი, რომელსაც მშვენივრად ესმის, რომ ისინი ნამდვილად არიან, ნამდვილები არიან და რამდენადაც არიან, უნდა ნამდვილად იცხოვრონ, უნდა თვალი გაუსწორონ საკუთარ არსებობას და პასუხისმგებლობას ამ არსებობის წინაშე. მათი სივრცე მათივე საკუთარი ძალისხმევით არის აგებული, საკუთარი ნებით, ადამიანად ყოფნის იდეოლოგიით. საკუთარი ესთეტიზმით, რაც მათ ეთოსს შობს, ექსისტენტურ მგრძნობელობაზე დაფუძნებულს, "კანონთა გონი"-ს გააზრებით, თავისუფლების პერსონალური (ფრეედომ) და სოციალური(ლიბერტყ) გაგების გააზრებით", - ამბობს ლელა ფირალიშვილი.

ოდესღაც ჩვენც შეგვეძლო "ავტორობა". ეს ტრადიცია დაიკარგა და ბმა გწყდა ამ მემკვიდრეობასთან. ქართველობა სწორედ მაშინ დაიკარგა, როდესაც თავსიუფლება დავკარგეთ. სადღეისოდ აღდგენის პროცესშია. ევროპა მაგალითია საკუთარი თავის პოვნის და რეალიზების. მაგალითი, როგორ დაიბრუნო დაკარგული, მათ შორის "ქართველობაც".

"მთელი სიმძიმე, ჩემი აზრით, ჩვენივე შინაგან თავისუფლებაზეა გადასატანი, საკუთარ თავთან რისკიან პირისპირ დგომას ხელახლა უნდა მივეჩვიოთ და კიდევ ისტორიული გამოცდილების კვალდაკვალ გაგვახსენდეს, რომ ვართ, ნამდვილად ვართ და ნამდვილები ვართ და არავის სუროგატად ყოფნას არ გვაპატიებს არც საკუთარი თავი, არც მომავალი, არც შემდგომი თაობები, არც სამყარო და არც უფალი", - მიაჩია ლელა ფირალიშვილს.

Print