საზოგადოება
ქუთაისში "შიტრიტ ჯგუფის" დათმობილ ქონებას ყოფილი მესაკუთრე ითხოვს (ნაწილი II)
FaceBook
დავა სტრასბურგში ინაცვლებს
ქუთაისში მსხვილი ინვესტორის, ებრაული კომპანია "შიტრიტ ჯგუფის" მიერ დათმობილი 13 ობიექტიდან ერთ-ერთის ყოფილი მესაკუთრე, შენობის დაბრუნებას ითხოვს. გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ყოფილი მფლობელი ქუთაისის მერიას ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას თხოვს და ქონების დასაბრუნებლად მიმართავს.

(მეორე ნაწილი)

ქუთაისის მერიისთვის მიმართვამდე, ზურაბ ფილიპიამ საკუთარი ქონების დაბრუნების მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს 2013 წლის 4 დეკემბერს მიმართა. თუმცა, მისი მოთხოვნა სასამართლოს არც ერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. ფილიპიას ადვოკატი, არჩილ ნიჟარაძე ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკანონო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
"ჩვენს მიერ წარმოადგენილი მტკიცებულებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მასზე განხორციელებული ზეგავლენით ქონება დათმო, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ცინიკურად გაგვიცხადა, რომ ერთწლიანი ვადა გასულია. თუმცა, ერთი წლის წინ ზურაბ ფილიპიას სამართლებრივი ბრძოლის არავითარი შანსი არ ექნებოდა, რადგან ის ადამიანები, ვინც ამ მითითებას ახორციელებდნენ კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ იმ დროისთვის," - აცხადებს არჩილ ნიჟარაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, ფილიპიას ქონების დათმობა პატიმრობის პერიოდში იძულების წესით მოუხდა. ფილიპიას, რომელიც შპს "დასავლეთგზამშენის" წარმომადგენელი გახლდათ, 2009 წლის 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინაააღმდეგო მითვისებაში და ყალბი ქონებრივი უფლების დამადასტურებელი დოკუმნეტის დამზადება-გასაღებაში წარედგინა.
სასჯელასრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულის ოჯახმა სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზარალის სახით 109 000 ლარი, ხოლო გირაოს სახით 91 328 ლარი გადაიხადა. (მანამდე კი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადი ზურაბ ფილიპიამ 380 000 აშშ დოლარის საბანკო კრედიტით მოაწყო)
მინდობილობა, რომელიც პატიმარმა ზურაბ ფილიპიამ მის შვილს, კუთვნილი ქონების განკარგვის მიზნით გადასცა, ქუთაისის #2 საპყრობილესა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, 2010 წლის 12 თებერვალს გაფორმდა. ერთი კვირის შემდეგ კი ფილიპია პატიმრობიდან გათავისუფლდა.
აღნიშნული დოკუმენტით, მსჯავრდებულის შვილს უფლება მიენიჭა მამის კუთვნილი ქონების შემდგომში განკარგვის. ამასთანავე, მინდობილობას თან ახლავს მსჯავრდებულის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის მის საკუთრებაში არსებულ ქონებას ქუთაისის თვითმმართველობას საკუთარი სურვილით გადასცემს.
როგორც დოკუმენტებით ირკვევა, ქალაქის მაშინდელმა მერმა მინდობილობა ცენტრალურ უბანში, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ - გარეუბნებში არსებულ ქონებაზე გააფორმა. ორივე მინდობილობა 2010 წლის 15 თებერვალს შედგა.
მოგვიანებით, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა ქალაქში არსებულ 12 ობიექტთან ერთად (იხილეთ პირველი ნაწილი) ქუთაისის მერიამ ხელშეკრულებით "შიტრიტ ჯგუფს" საკუთრებაში გადასცა. კომპანიასა და მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს ქუთაისის ყოფილი მერი, გია თევდორაძე აწერს. (28.02.2011 #110173016)
ყოფილი მერი ვერ იხსენებს თუ რა ვითარებაში მოხდა ფილიპიას ქონების გადაფორმება. თუმცა, მისივე თქმით, მესაკუთრისთვის ქონების გადმოცემის ან დაბრუნების საკითხი თვითმმართველობის გადასაწყვეტი არაა და აღნიშნული საკითხი პროკურატურაში უნდა გაირკვეს.
"ფილიპიას ქონება ჩვენ დროს იყო ქალაქის საკუთრება. რამდენადაც მახსოვს, მაშინ პროკურატურის მეშვეობით მოხდა მგონი. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა, თუ როგორ იყო არ ვიცი ეგ ამბავი. ამ პიროვნების ქალაქში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები თვითმმართველობის კომპეტენციას არც მაშინ წარმოადგენდა და არც ახლა წარმოადგენს. ესაა კანონის გასარკვევი თემა," - აცხადებს გია თევდორაძე.
ქუთაისის მოქმედი მერი "შიტრიტ ჯგუფთან" ყოფილი მერის მიერ დადებულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს. მუღულია ამის მიზეზად საჯარიმო სანქციების სიდიდეს ასახელებს.
"ხელშეკრულებას კაბალური შეიძლება ეწოდოს იმ შემთხვევაში, თუ საჯარიმო სანქციები იმდენად მაღალია, რომ ადეკვატურად მსგავსი ზიანი შეიძლება არ მიადგეს რომელიმე მხარეს. ჯარიმა "შიტრიტ ჯგუფს" დაეკისრა ვადაგადაცილების გამო და არა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო," - ამბობს შოთა მურღულია.
ქუთაისის ყოფილი მერი კი მოქმედი მერის ამ შეფასებას უპასუხისმგებლობის "გამონათებად" აფასებს.
"ეს განცხადება არის სერიიდან - არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ შეხედეთ, წინა ხელისუფლებისკენ ვიშვერთ ხელს. ეს არის უპასუხისმგებლობის და უაზრობის გამონათება. ცალ-ცალკე ამ ობიექტების გაყიდვა თეორიაში შესაძებელი იყო. თუმცა, მაშინ 3 მილიონზე მეტი შემოვიდა ამ ინვესტიციის შედეგად. ამ ხელისუფლებას 3 წლიანი მოღვაწეობის შედეგად მთლიანად არა აქვს ამხელა ინვესტიცია მიღებული ქალაქში. როცა ხელისუფლებას შეუძლია ჯარიმა გადაახდევინოს ინვესტორს და ქონება უკან დაიბრუნოს, ესაა წარმავალი ხელისუფლების საუბარი,"- ამბობს გია თევდორაძე.
"შიტრიტ ჯგუფზე" გადაცემული ქონებიდან რას დაიბრუნებს ქუთაისის მერია ვადაგადაცილებული ჯარიმების სანაცვლოდ, ინვესტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების თემაა. ვის დარჩება ქონება, რომლის დაბრუნებაზეც პრეტენზიას ადგილობირივი ხელისუფლება და ყოფილი მესაკუთრეც აცხადებს, პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების გადასაწყვეტია. თუმცა, ფილიპიას უფლებების დამცველი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე სამართლის ძიება ქვეყნის ფარგლებს უნდა გასცდეს. ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის ინფორმაციით, დაზარალაბული საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში აპირებს.

რა და როგორ გადაეცა "შიტრიტ ჯგუფს" და რა სახის დავალიანებაზე საუბარი, რის გამოც კომპანია ქალაქში არსებულ ქონებას - 13-ვე ობიექტს თმობს? - ნახეთ პირველ ნაწილში

დეა მანაგაძე

Print