საზოგადოება
ქუთაისში „შიტრიტ ჯგუფის“ დათმობილ ქონებას ყოფილი მესაკუთრე ითხოვს (ნაწილი I)
FaceBook
დავა სტრასბურგში ინაცვლებს


ქუთაისში მსხვილი ინვესტორის, ებრაული კომპანია "შიტრიტ ჯგუფის" მიერ დათმობილი 13 ობიექტიდან ერთ-ერთის ყოფილი მესაკუთრე, შენობის დაბრუნებას ითხოვს. გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ყოფილი მფლობელი ქუთაისის მერიას ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას თხოვს და ქონების დასაბრუნებლად მიმართავს.

(პირველი ნაწილი)


ქუთაისში, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე 192 080 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი, 587 080 ლარად ღირებული შენობა-ნაგებობა ავტომშენებლის #55-ში და გრიშაშვილის ქუჩაზე არსებული კერძო სკოლის ყოფილი შენობა - ეს ის ქონებაა, რომლის დაბრუნებისთვის ზურაბ ფილიპია 2013 წლის თებერვლიდან იბრძვის. აღნიშნული ქონება ქუთაისის თვითმმართველობას ნაჩუქრობის ხელშეკრულებით (12.02.2010 #1-170) 2010 წელს გადაეცა.
ფილიპიასგან ნაჩუქრობის ხელშეკრულებით მიღებული გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა, ქალაქში არსებულ 12 ობიექტთან ერთად, ქუთაისის თვითმმართველობამ 2011 წელს გაასხვისა. "შიტრიტ ჯფუფმა" ქუთაისში ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი, 3 143 000 ლარად შეიძინა.
ფილიპიას უფლებების დამცველი, ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, რომ გასხვისების დღიდან აღნიშნულ ობიექტებს არაფერი შემატებიათ, მაშინ როცა ყოფილი მფლობელის პირობებში იქ გამართული იყო მცირე საწარმოები და მფლობელი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხებს იხდიდა.
"გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო საეჭვო, კაბალური პირობებით გადაეცა "შიტრიტ ჯგუფს", რომელიც საინვესტიციო ვალდებულებას წლების განვამლობაში არ ასრულებდა," - აღნიშნავს არჩილ ნიჟარაძე.
ადვოკატის განცხადებით, ქუთაისის მაშინდელმა პირველმა პირებმა "შიტრიტ ჯგუფს" ქონება კაბალური ხელშეკრულებით გადასცა. თუმცა, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებების ბოლომდე შესრულება მხოლოდ ერთ ობიექტზე შეძლო, დანარჩენზე კი, წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, სახელმწიფოს წინაშე 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა.
გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ყოფილმა მფლობელმა ქუთაისის მოქმედ ხელისუფებას მიმართა, თხოვდა თუ არა ის "შიტრიტ ჯგუფს" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით დაგროვილი გადასახადების გადახდას და რა ეტაპზე იყო კომპანიასთან მოლაპარაკება.
"მივიღეთ გაურკვეველი პასუხი მერიისგან, რომ თითქოს მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელიც წლებია არ დასრულდა. შევახსენებთ მერიას, რომ ჰქონდა ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი და შესაძლებლობა ქალაქს დაებრუნებია უკან ქონება კანონიერი მფლობელისათვის. ზოგადად, ქუთაისის მერია ვერ აღადგენს სამართლიანობას ქვეყანაში, მაგრამ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ერთნაირად უპასუხისმგებლოდ მოქმედებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთთან საკამაოდ კარგი კოორდინაცია აქვთ. ამ პირობებში ყველა ინსტანციის მუშაობა აზრს კარგავს," - ამბობს ზურაბ ფილიპიას უფლებების დამცველი.
ინვესტორსა და ქუთაისის ყოფილ ადგილობრივ ხელისუფებას შორის დადებული ხელშეკრულების კაბალურ მხარეებზე ქალაქის ახლანდელი მთავრობაც საუბრობს. როგორც მერიაში განმარტავენ, "შიტრიტ ჯგუფს" ქუთაისში დღემდე საინვესტიციო ინტერესები გააჩნია. ამ მიზეზის გამო, ქუთაისი მერიაში აცხადებენ, რომ ისინი ინვესტორს "ეფერებიან". თუმცა, ქალაქის მერის განცხადებით კომპანიას ჯარიმების გადახდა მაინც მოუწევს.
"ესაა მოლაპარაკება სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის. თუმცა, მას ამ ჯარიმებს არავინ აპატიებს," - აცხადებს შოთა მურღულია.
გადაიხდის თუ არა "შიტრიტ ჯგუფი" აღნიშნულ დავალიანებას, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და კომპანიას შორის, რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება ინვესტორის მიერ დათმობილ 13 ობიექტთან მიმართებაში? ამ კითხვებით ქუთაისის მერიას მივმართეთ. თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე სპეციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
მანამდე კი, უკვე ცნობილია, რომ ინვესტორს მიერ დათმობილი 13 ობიექტიდან ერთ-ერთის ყოფილი მფლობელი, ჩამორთმეული საკუთრებების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს.

ვინ და რა ფორმით ჩამოართვა ზურაბ ფილიპიას ქალაქში არსებული 3 ობიექტი და რა შეფასებებს აკეთებენ ყოფილი ხელისუფლების პირველი პირები, რომელთა ხელმოწერა ფიქსირდება ჯერ ფილიპიას ქონების ნაჩუქრობის, ხოლო შემდგომ "შიტრი ჯგუფთან" გაფორმებულ ხელშეკრულებებზე? რას ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობები, რომელსაც კაბალურს უწოდებენ? - ნახეთ მეორე ნაწილში, ხვალ, 9 ივლისს ქუთაისიპოსტზე.

დეა მანაგაძე
Print