საზოგადოება
„დასავლეთის მქადაგებელი“ ეპისკოპოსი და მრევლის ნაწილის პროტესტი
FaceBook
ზესტაფონში მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში შემავალი ეკლესიების მრევლის ერთი ნაწილი ღვთისმსახურებაში ახლადდამკვიდრებულ ნორმებს აპროტესტებს.

ისინი ამავე ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის წინააღმდეგ გამოდიან და მის მიერ შემოღებულ ღვთისმსახურების ფორმებს დარღვევად მიიჩნევენ. სამაგიეროდ, მეუფე მელქისედეკის მიერ დაფუძნებული მსახურების წესსა და ფორმას დარღვევის კვალიფიკაციას არ აძლევენ თეოლოგები და მას ღვთისმსახურების სხვა პრაქტიკად მოიხსენიებენ.

მრევლის ნაწილი დამკვიდრებული ღვთისმსახურების წესებიდან გადაცდენაზე მიუთითებენ და ეპარქიაში ღვთისმსახურების გარკვეული  წესის შეცვლაზე საუბრობენ. ისინი მწუხრისა და ცისკრის გარეშე წირვების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.

"სოფლების ტაძრებში შაბათობით არ ტარდება მწუხრისა და ცისკრის ლოცვები. არ არსებობს სამრევლო საბჭოები. მეუფისგან ვითხოვთ რეაგირებას", – ამბობს კონსტანტინე ქათამაძე.

ისინი მიუთითებენ რომ მეუფე "დასავლეთს ქადაგებს". აღნიშნავენ, რომ არ ჭირდებათ დასავლეთი, არამედ მათთვის მნიშვნელოვანია ეროვნული, ქართული მართლმადიდებლობა.

უკმაყოფილო მრევლის ნაწილი მეუფე მელქისედეკს ეპარქიაში არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ეპარქიის დატოვებას ითხოვენ.

"ქუთაისიპოსტის" მრავალგზის მცდელობის მიუხედავად მეუფე მელქისედეკთან დაკავშირება არ მოხერხდა.

სამაგიეროდ, განმარტებებს იძლევიან რელიგიათმცოდნეები. მათი თქმით, მეუფე მელქისედეკის მიდგომა არ ეწინააღმდეგება ტიპიკონს (ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი, რომელიც განსაზღვრავს წლის ყოველი დღის ღმრთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესს).

სპეციალსიტები  აღნიშნავენ, რომ მელქისედეკ ხაჩიძეს აქვს ათენის უნივერსიტეტი დამთავრებული. კარგად ფლობს ბერძნულს და ღვთისმსახურების ბერძნულ პრაქტიკას მისდევს.

მათი თქმით, ეს პრაქტიკა გამოცდილია მეოცე საუკუნეშო როგორც ურბანულ დასახლებებში, ისე პროვინციულში.

თუმცა, საქართველოში მოქმედებს ლიტურგიის რუსული პრაქტიკაც, რომელიც არის მეცხრამეტე საუკუნის და რადგან რელიგია საბჭოთა კავშირში იდევნებოდა მეოცე საუკუნეში მსახურების ე.წ. რუსულ პრაქტიკას არ გაუვლია გამოცდა.

"რუმინეთშიც ნაწილი ეკლესიებისა მისდევს სწორედ ბერძნულ პრაქტიკას და აბსოლუტურად საღი მიდგომააა, რომ ეპისკოპოსმა არსებული პრაქტიკების გათვალისწინებით საკუთარ ეპარქიაში შემოიღოს მისთვის მართებული სინთეზი. ტიპიკონი ამის საშუალებას იძლევა და ასევე ამ ტიპიკონის ადგილობრივი -- რუსული თუ ანტიოქიური და ასე შემდეგ -- მისადაგებები", - ამბობს ფილოსოფოსი კახა კურტანიძე.

მსგავს მიდგომებს და სხვადასხვა გამოცდილებების სინთეზის დანერგვას თეოლოგები ეკლესიის ისტორიაშიც ხედავენ და გრიგოლ ხანძთელის მაგალითი მოჰყავთ.

"მელქისედეკის მცდელობა არის მისასალმებელი, რადგან ის სწორედ შემოქმედებითად უდგება საკითხს. ისტორიულად ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც იერუსალიმური და კონსტანტინოპოლურ-სტუდიური წეს-განგებები შეაჯერა და საკუთარი შექმნა მათ ბაზაზე. ამასთან, ის სულაც არ იყო ეპისკოპოსი", - ამბოსბ კახა კურტანიძე.


Print