საზოგადოება
მოტაცებული ბავშვობა და ცხოვრება სიცოცხლის მოსპობის შიშით (ვიდეო)
FaceBook
14px;"> "თქვენ არ იცით, ჩვენ რა გადავიტანეთ. ძალიან დაგვეხმარა ფსიქოლოგი, მაგრამ ბავშვი მაინც ნერვიულობაშია. ღამეები არ ძინავს"

თიკო


14 წლის თიკოს (სახელი შეცვლილია) გატაცება სიმღერა იყო. სულ ღიღინებდა სახლში და გალობდა საეკლესიო გუნდში. 15 წლის თიკო აღარც ღიღინებს და აღარც გალობს. ერთ წელიწადში მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
გოგონა ერთი წლის წინ, ქორწინების მიზნით, მასზე 17 წლით უფროსმა მამაკაცმა მოიტაცა. თიკოს დედა ყვება, რომ შვილს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას სამართალდამცავების დახმარებით, მეხუთე დღეს, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მიაგნეს.



უმოწყალოდ ნაცემი თიკოს ორსულობა შეწყდა. სულიერ ტკივილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაემატა. ინფიცირებულ არასრულწლოვანს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

გოგონა, რომელსაც ბევრი მეგობარი ჰყავდა, დღეს არავის ეკონტაქტება. ერთი წლის წინ კარგი მოსწავლე, დღეს სკოლაში თითქმის არ დადის. დედა ყვება, რომ
"რცხვენია იმ ყველაფრის, რაც თავს გადახდა". ფსიქოლოგიური დახმარება თიკოს სოციალურმა სამსახურმა გაუწია. შვილთან ერთად ფსიქოლოგთან დედაც დადიოდა. "თქვენ არ იცით, ჩვენ რა გადავიტანეთ. ძალიან დაგვეხმარა ფსიქოლოგი, მაგრამ ბავშვი მაინც ნერვიულობაშია. ღამეები არ ძინავს", - დედა მიიჩნევს, რომ შვილს დახმარება ახლაც სჭირდება. სკოლის დირექტორმა მანდატურთან არსებული სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის დახმარება შესთავაზა, თუმცა თიკოს, თავის პრობლემაზე საუბარი ახლა არავისთან სურს.

მშობლები

თიკოს დედ-მამა ხუთ შვილს ზრდის. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუშაობა არ შეუძლია. ახლა დედაც უმუშევარია. ნანა (სახელი შეცვლილია) ფიქრობს, რომ მძიმე ფიზიკურ სამუშაოსა და ოჯახის მოვლაში, შვილს ყურადღება მოაკლო. თიკოსთან ყოველთვის ახლოს იყო, მაგრამ ბევრად უფროს მამაკაცთან მისი მიმოწერა გამოეპარა.

მოტაცებულმა შვილმა ნასამართლევი ქმრისგან წამოსვლა რომ არ ისურვა, სიძის ხელწერილი, სრულწლოვანებამდე ფიზიკური სიახლოვისგან თავის შეკავებაზე, საბუთად მიიღეს და დატოვეს. ნანა ახლა ამბობს, რომ თავი მოიტყუა. დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, შვილს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა და გამტაცებელსაც უჩივლებდა. მაშინ ეგონა, რომ მშობლების ამ დიდსულოვნებას სიძე დააფასებდა. ახლა ყველა დედას, მსგავს ვითარებაში, დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს. ფიქრობს, რომ იყოჩაღა, როცა მოძალადეს თიკო წაართვა და სამართლებრივად დასაჯა, მაგრამ დაგვიანებული რეაგირება ძალიან ძვირად დაუჯდა.

სამართალდამცაველები

თიკოს ძებნაში პოლიცია თავიდანვე ჩაერთო. გამტაცებელს მშობლებთან ერთად მიაგნეს. როცა გატაცებულმა არასრულწლოვანმა წამოსვლაზე უარი თქვა, პოლიციამ გადაწყვეტილების მიღება დედას სთხოვა. მაშინ მშობლებისთვის არავის ურჩევია სხვაგვარად მოქცეულიყვნენ, - ეჩივლათ გამტაცებლისთვის და არასრულწლოვანი გოგონა ნებისმიერ ფასად წამოეყვანათ.

გენდერულ საკითხებზე მომუშავე ასარამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამას სამართალდამცველთა გულგრილობად აფასებენ.
დღეს არასრულწლოვანის გატაცება კანონით ისჯება, მაგრამ პოლიციელთა მხრიდან რეაგირებისთვის საჩივარი უნდა არსებობდეს.   

გამტაცებელი

17 წლით უფროსი მოძალადე მამაკაცი ოთხი მუხლით გაასამართლეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მას სასჯელი შეუმცირდა. კიდევ 2 წლის გასვლას თიკო შიშით ელოდება. მოძალადე ციხიდან ემუქრება, რომ გამოვა და არ აცოცხლებს.

 

Print