საზოგადოება
არარსებული უფასო ინტერნეტი და მისი პერსპექტივა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის უფასო ინტერნეტი ამ დროისთვის არ არსებობს. გასული წლის განმავლობაში კი ქალაქში თავისუფალი ინტერნეტის მიწოდებას კერძო კომპანია საკუთარი ინიცატივით უზრუნველყოფდა. ეს სერვისი მხოლოდ ცენტრალურ ბულვარში იყო ხელმისაწვდომი. ამჟამად მობილურ მოწყობილობებს wifi-ით დაკავშირება არ შეუძლიათ, რადგან ქსელი გათიშულია. ქლაქში ახალგაზრდობა უფასო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

20 წლის ჯუბა ზარნაძე სტუდენტია. ამბობს, რომ ინტერნეტით ხშირად სარგებლობს და ამისთვის მობილური ოპერატორების კავშირს იყენებს. თუმცა, თანხის დაზოგვის მიზნით ყოველთვის ჩართული არ აქვს.

„ვიცოდი, რომ ბულვარში იყო თავისუფალი ინტერნეტი, ამიტომ, მეგობრებთან ერთად, ხშირად მივდიოდი და ვსარგებლობდი, მიმოწერა იყო, ფოსტის შემოწმება თუ ზარი. ცუდია, რომ ახლა არაა. რომ იყოს, რა თქმა უნდა, ვისარგებლებდი. კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვისაც,“ - ამბობს ქუთაისელი ჯუბა ზარნაძე.

"ტელეფონის ინტერნეტი მაქვს და ამით ვსარგებლობ. უფასო რომ იყო, კარგია, მაგრამ არაა და რა ვქნათ," - ამბობს ხვიჩა კუპრაშვილი.

როგორც გაირკვა, გასულ წელს ქუთაისისი ცენტრალურ ბაღში უფასო ინტერნეტის მიწოდებას შპს „ფლაი ნეტი“ უზრუნველყოფდა. კომპანიის ხელმძღვანელი, ავთანდილ ლომინაძე გვიხსნის, რომ ინტერნეტ მოდემის განთავსების ინიციტივა მათ ეკუთვნით, რადგან ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურდათ.

„ეს იყო ჩვენი ინიციატივა ქალაქში ტურისტების მოზიდვის და ქალაქის განვითარების მიზნით. ვიდრე ტურისტი გაერკვევა რომელი მობილური ოპერატორის ქსელში ჩაერთოს, მანამდე ისარგებლებს ჩვენს მიერ მიწოდებული უფასო ინტერნეტით, განსაზღვროს ლოკაცია, მოძებნოს როგორ გადაადგილდეს და ა.შ ამისთვის შეირჩა ცენტრალური ბაღი და დაახლოებით ერთი წელი სატესტო რეჟიმში ვაწოდებდით მომხმარებელს. ამ ეტაპზე ქსელი გათიშულია. ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის შეცვლას, აქედან გამომდინარე, ტექნიკურად გაჩერებულია,“ - ამბობს ავთანდილ ლომინაძე.

მისივე განმარტებით, ინტერნეტით სარგებლობის ოპტიმიზაციას კომპანია ახდენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მომხმარებელს კავშირი 15 წუთზე მეტი არ შეეძლო. ამ დროის გასვლის შემდეგ ის თავიდან უნდა შესულიყო ქსელში. ავთანდილ ლომინაძე გვიხსნის, რომ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ქსელი არ გადატვირთულიყო.

ამჟამად შპს „ფალი ნეტი“ „დატაკომმა“ ჩაანაცვლა და მიმდინარე წლის გაზაფხულიდან სწორედ, ის გაგრძელებს ოპერირებას. გარდა ამისა, კომპანიამ დამატებით 4 ლოკაცია შეირჩა, სადაც ინტერნეტი უფასოდ გავრცელდება. მათ შორისაა, ბაგრატის ტაძარის ეზო და გაბაშვილის პარკი.

„ჯერჯერობით, ლოკაციები საბოლოოდ შერჩეული არაა. თუმცა, ამ ეტაპზე ვიცით, რომ იქნება უვადო და ყველა მოწყობილობისთვის ლიმიტი ისევ შენარჩუნდება. თუმცა, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ხმოვანი ზარი განახორციელოს სხვადასხვა აპლიკააციით, ვაიბერი იქნება თუ სკაიპი. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკუჯრი გადაიარაღება. არსებული აპარატურა უფრო თანამედროვე და მოქნილი მოწყობილობებით ჩანაცვლდება,“ - ამბობს ავთანდილ ლომინაძე, რომელიც კომპნია "დატაკონის" წარმომადგენელიცაა. 

კომპანია „დატაკომი“ უფასო ინტერნეტის მიწოდების ხარჯებს თავად გაიღებს. თუმცა, ამ დროისთვის რა თანხები დაიხარჯება, ცნობილი არაა, რადგან ეს დატვირთვაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება,  მოწყობილობებს, „დატაკომში“ ამბობენ, რომ ისინი, შესაძლოა, კერძო საკუთრებაში განთავსდეს.

„როცა შეირჩევა ლოკაციები, საკუთრების მფლობელთან მოლაპარაკებები გვექნება. არ მგონია, ვინმემ ქალაქის სასიკეთოდ უარი თქვას ტექნიკის განთავსებაზე, ისევე როგორც გასული წლის შემთხვევაში იყო,“- აცხადებს „დატაკომის“ ხელმძღვანელი, ავთანდილ ლომინაძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ინტერნეტის თავისუფლება, როგორც ერთ-ერთი ძირითადი და ფუნდამენტური უფლება, არაერთი საკანონმდებლო აქტით აღიარა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია კი სახელმწიფოებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ციფრულ წიგნიერებას (digital literacy) და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტით უზრუნველყონ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ინტერნეტზე წვდომისა და მისი თავისუფლად სარგებლობის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
თუმცა,  განსაზღვრული არ არის თუ ვინ უნდა უზრუნველყოფს მისი მიწოდება.


Print