საზოგადოება
ქუთაისში სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე შემოწმებული 625 ობიექტიდან არც ერთი დაჯარიმებულა
FaceBook

ქუთაისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემოწმებული 625 ობიექტიდან, რომლებსაც სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას სახელმწიფო უწევს, არც ერთი დაჯარიმებულა.


ამის შესახებ ქუთაისიპოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

უწყების მონაცემებით, 625-დან 211 საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, 110 - სამედიცინო, 3 - სასტუმრო, 4 - ნავთობბაზა, 76 ბენზინ-გასამართი სადგური და 221 კი სხვა ტიპის ობიექტია. შემოწმების შედეგად მათ, გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ, სააგენტოსგან წერილობითი გაფრთხილებები მიეცათ.

"მიწერილობები, უმეტეს შემთხვევაში, ითვალისწინებდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნას, ცეცხლმაქრების შენახვასა და საგანგებო სიტუაციაში მზადყოფნაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას, შენობა-ნაგებობის ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით (ცეცხლმაქრებით), სართულზე არანაკლებ ორი ერთეულით, აღჭურვას, მოსალოდნელი ხანძრის დროს სწრაფი ევაკუაციისთვის, შენობა-ნაგებობის ყველა სართულზე საევაკუაციო გეგმის შედგენასა და თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას", - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

უწყებაში ამბობენ, რომ ზოგიერთ შენობებში ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია არ არსებობს, არ არის აღჭურვილი სახანძრო სტენდითა და შესაბამისი მოწყობილობით, ზოგან კი ელექტრო ჩამრთველ-ამომრთველის უწვი მასალა ხუფში არ იყო ჩასმული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შემოწმებული ობიექტები წერილობით ისეთი საკითხებზეც გააფრთხილა, როგორიცაა მათი თანამშრომლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ინსტრუქტაჟის ჩატარება და მის სწავლებაზე აღრიცხვის ჟურნალის შექმნა, ხანძრის პირობებში ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის პერსონალის მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება და ობიექტში გამოკვრა, ობიექტის ხელმძღვანელის მიერ, არანაკლებ წელიწადში ორჯერ, ხანძრის დროს თანამშრომლების მოქმედებების გავარჯიშების უზრუნველყოფა და სხვა.

ობიექტებს დარღვევების აღმოსაფხვრელად ერთწლიანი ვადა აქვთ. სანქციების ოდენობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით, კონკრეტული სამართალდარღვევის შესაბამისად განისაზღვრება.

სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმება სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, საკონტროლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც არ განეკუთვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის კატეგორიას, მათი დეტალური და საკონტროლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების პერიოდულობა სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების მიერ განისაზღვრება, ობიექტების მნიშვნელობის, სახანძრო საშიშროების და ხანძრების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული დანაყოფების სახელმწიფო ინსპექტორები ახორციელებენ.


ამავე თემაზე:

რა ხდება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ქუთაისის სასტუმროებში (ვიდეო)


რამდენად არის დაცული ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოება - ქუთაისელების შეფასებები (ვიდეოგამოკითხვა)

მეხანძრე - საქართველოში ადამიანები ეკონომიას უსაფრთხოების ხარჯზე ვაკეთებთ
Print