საზოგადოება
სვირის სკოლაში შოთა რუსთაველის გაუჩინარებული ბიუსტი და ძიებისთვის დაჯარიმებული ადგილობრივი
FaceBook
ზესტაფონის სოფელ სვირში 10 წლის წინ გაუჩინარებულ შოთა რუსთაველის ბიუსტს ეძებენ.
მისი მოძიებით ადგილობრივი მკვიდრი, სპარტაკ კაპანაძეა დაინტერესებული. ის ამბობს, რომ ბიუსტი სოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დროს, ეზოში არსებულ აუზში ჩააგდეს. სპარტაკ კაპანაძის თქმით, პოეტის ბიუსტი კულტურული მემკვიდრეობაა და მისი განადგურება დაუშვებელია.

"ჩემი სწავლის პერიდოში იყო სკოლაში ეს ბიუსტი და ყველა სკოლადამთავრებულის ფოტოალბომშია მისი ფოტო. რუსთაველმა პოემა დაწერა, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია, შესაბამისად, მისი ბიუსტიც კულტურული მემკვიდრეობაა და განადგურება დაუშვებელია," - ამბობს სპარტაკ კაპანაძე ჩვენთან საუბარში.

მან ზუსტად არ იცის როდის ჩამოიღეს კვარცხლბეკიდან ბიუსტი, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ის აუზში ჩააგდეს. სპარტაკ კაპანაძემ  შოთა რუსთაველის ბიუსტის მოძიება 2014 წელს დაიწყო.

ზესტაფონის რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ის ძიებას თვითნებურად, თანაც გაკვეთილების მიმდინარეობის დროს აწარმოებდა, რის გამოც, პედაგოგებმა პოლიციას გამოუძახეს. სამართალდაცავებმა მას საქმიანობის შეწყვეტა მოთხოვეს, დაუმორჩილებლობისთვის კი სასამართლომ 300 ლარით დააჯარიმა. სპარტაკ კაპანაძე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და უკანონოს უწოდებს.

"სასწავლო პროცესი უკვე სრულდებოდა როცა ეზოში შევედი. ამ შემთხვევაში კანონი არ დამირღვევია და სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო," - აცხადებს კაპანაძე.

ზესტაფონის მერის წარმომადგენელი სოფელ სვირში, გელა კაპანაძე კი ჩვენთან საუბარში განარმატავს, რომ, სავარაუდოდ, ბიუსტი სამშენებლო ნარჩენებთან ერთად სკოლის ეზოში არსებულ სახანძრო აუზში მოათავსეს.

"იმ დროისთვის აუზი გააუქმეს და , შესაძლოა, იქ იყოს ბიუსტიც," - ამბობს გელა კაპანაძე.

ზესტაფონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თორნიკე კახნიაშვილი კი  განმარტავ, რომ ბიუსტი 10 წლის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს დაზიანდა.

"ეს არის 10 წლის ამბავი, მე არ ვარ შემსწრე, მაგრამ სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ სარემონტო სამუშაოების დროს ბიუსტი ამწემ დააზიანა, რადგან ის იყო ბეტონის. მათივე ინფორმაციით, დამსხვრეული ბიუსტი სამშენებლო კომპანიამ გაიტანა. ის რომ ჩამარხულია, ეს ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია," - ამბობს თორნიკე კახნიაშვილი.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიუსტის პოვნის შანსი თითქმის არ არსებობს, თუმცა, გადამოწმების მიზნით სპარტაკ კაპანაძეს არასამუშაო დღეებში ძიების გაგრძელებას სთავაზობს.

"ტექნიკის გარეშე შეუძლია, ტექნიკას სკოლის ეზოში ვერ ვამუშავებთ. პასუხი არ მოუცია და არც პროტესტი არ გამოუხატავს. რატომღაც ჩათვალა, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერსებული და პირიქით, ჩვენი ინტერესიცაა, მით უმეტეს შოთას ბიუსტზეა საუბარი," - ამბობს თორნიკე კახნიაშვილი.

თუმცა, სვირში მცხოვრები სპარტაკ კაპანაძე ამბობს, რომ ბიუსტის მოძიება განათლების სამინისტროს ევალება და მისი ამოღების სამუშაოებიც, სწორედ ამ უწყებამ უნდა აწარმოოს.

"თუ ადრე დარღვევა იყო ის, რომ მე ჩემით ვეძებდი ბიუსტს, ახლა აღარაა დარღევევა? კეთილი ინებონ და გამოიძიონ ვინ ჩააგდო ის ძეგლი იქ და მოიძიონ კიდეც," - აცხადებს სპარტაკ კაპანაძე.

სვირის საჯარო სკოლაში დაკარგული რუსთაველის ბიუსტის საკითხზე განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ დაინტერესებულმა პირმა წერილობით ადგილობრივ რესურსცენტრს უნდა მიმართოს.

"ამის შემდეგ რესურსცენტრი მოგვმართავს ჩვენ, რის შემდეგაც მიეცემა შესაბამისი რეაგირება," - აცხადებენ სამინისტროში.



Print