საზოგადოება
შრომითი ინსპექცია მხოლოდ რეკომენდაციებისთვის და დაუცველი უსაფთხოება
FaceBook
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამუშაო ჯგუფის შექმნიდან 6 თვეში, ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა ისევ მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სამუშაო ჯგუფი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მას შემდეგ შეიქმნა, რაც მიმდინარე წლის 9 მაისს ტყიბულის შახტში ერთდროუალდ 4 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე ერთადერთი რაც ამ ჯგუფმა გააკეთა, ის არის რომ "საქნახიში ჯი–აი–ჯი", რომლის დაქვემდებარებაშია ტყიბულის მინდელის სახელობის შახტა, 13 450 ლარით დააჯარიმა.

"რა კანონიც არ უნდა იქნას მიღებული არ ექნება აზრი, რადგან დამსაქმებელს ყოველთვის აქვს საშუალება გაექცეს კანონს, როდესაც მას დაუსჯელობის განცდა ექმნება. შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს, როგორც დაჯარიმების, ასევე, კონკრეტული საწარმოს საქმიანობის შეჩერების უფლებაც" , - აცხადებენ სპეციალისტები.

ჭიათურაში 2 500-მდე, ხოლო ტყიბულში 750-მდე ადამიანი ყოველდღე მიწისქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს. გასულ წელს, საქართველოში საწარმოო შემთხვევების გამო, 40 ადამიანი გარდაიცვალა.

მიუხედავად ამისა, შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ შემოწმებების შედეგად კომპანიების მხრიდან შენიშვნების გათვალისწინება წარმატებით მიმდინარეობს.

"წინსვლა ნამდვილად არის, არიან კომპანიები, რომლებიც თავად გამოთქვამენ სურვილს, რომ მივიდეთ მათ კომპანიაში შევამოწმოთ რამდენად აქვთ სამუშაო გარემო. კომპანიების სრული უმრავლესობა ინსპექტირებაზე უარს არ აცხადებს. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ჩვენ მხოლოდ რეკომედაციების გაცემის ბერკეტი არ გვექნება. შევძლებთ დავაჯარიმოთ კანონმდამრღვევი კომპანია და თუ ის არ გამოასწორებს მგომაროებას მას აუცილებლად შეუწყდება საქმიანობის უფლება", - ამბობს შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ფერაძე.

მისი თქმით, შრომის ინსპექციამ 2016 წელს მიწის მოპოვების სამუშაოების კომპანიების სრული, ხოლო 2017 წელს ითხივისის, დევიძეების და სხვა მაღარობის ლოკალური შემოწმება განახორციელეს.  ბექა ფერაძის ინფორმაციით, ინსპექტირების სამსახურმა  ქუთაისში 62, იმერეთში 270,  ხოლო საქართველოში სულ 550 კომპანია შეამოწმა, რეინსპექტირება კი, 100 კომპანიაში განახორციელა. ანუ პირველი შემოწმების შემდეგ რამდენად გაითვალისწინეს შენიშვნები კომპანიებმა ამის შესამოწმებლად კონკრეტულ კომპანიებში შემოწმება მეორედ მოხდა.

ბექა ფერაძის, თქმით 100 კომპანიაში ჩატარებული რეინსპექტირებამ აჩვენა, რომ 67% ნაწილობრივ, 14 % სრულად ხოლო 19 % საერთოდ არ გაითვალისწინა შენიშვნები.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო, ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, თამაზ დოლაბერის, თქმით ამ მონაცემებიდან გამომდინარე საქართველოში შრომის ინსპქეტირების სამსახურის მუშაობა, რომელსაც მხოლოდ კომპანიის შემოწმება და მათთვის რეკომენდაციის მიცემა შეუძლია, დღემდე სასიკეთოდ ვერ აისახა იმ ადამიანებზე, რომელიც მადნისმოპოვების სამუშაობის დროს იღუპებიან.

"მხოლოდ რეკომენდაციების მიცემა რომ არსებულ სურათს ვერ ვცლის ფაქტია. უნდა იყოს უწყება, რომელიც დააჯარიმებს კომპანიას ან დახურავს, რადგან აქ საუბარია, ადამიანების სიცოცხლეზე და მეტად მკაცრი ნაბიჯებია გადასადგმელი ვიდრე უბრალოდ რეკომენდაციის გაცემა", - ამბობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო, ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე.
Print