საზოგადოება
სარეკლამო SMS–ები და განმეორებით გაგზავნილი შეტყობინებები გამო დაჯარიმებული კომპანიები
FaceBook
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე, სარეკლამო SMS შეტყობინების განმეორებით გაგზავნის გამო 15 სხვადასხვა ორგანიზაციას უჩივლეს. ამავე მიზეზით აპარატს გასულ წელს  48 მოქალაქემ მიმართა, რისთვისაც 27 კომპანია დაჯარიმდა.

თეონა მენაფირე ერთ-ერთია, რომელსაც ტელეფონში სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები ყოველდღიურად მისდის. ის ამბობს,  რომ უარის თქმის მიუხედავად, კომპანიებისგან  SMS-ებს მაინც იღებს. თუმცა, შესაბამისი აპარატისთვის ჯერ საჩივრით არ მიუმართავს.

"ნერვების მომშლელია, რა თქმა უნდა. როცა რაღაცას ვყიდულობ ან მაინტერესებს ისედაც შემიძლია შევიდე ინტერნეტში და მქონდეს ინფორმაცია. სულაც არ მინდა გამოგზავნილი სმს–ები. ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთი გზავნილების მიღებაზე უარი მითქვამს და მაინც მომსვლია", - ამბობს თეონა მენაფირე. ის ამბობს, რომ  ყველაზე მეტად მას სარეკლამო ხასიათის SMS -სები ტექნიკის მაღაზიებიდან ეგზავნება.

თეონა თვლის, რომ გარდა იმისა, რომ  SMS - შეტყობინებები ნერვების მომშლელია, ასევე, მისი უფლებაც არის დარღვეული, რადგან  ამბობს, რომ საკონტაქტო ნომერი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურისტი, სოფიო შამუგია ისეთ მომხმარებლებს, რომლებმაც SMS -ზე ერთხელ უარის თქმის შემდეგ ის განმეორებით მიიღეს, მათთან მომართვას ურჩევს.

"ძირითადი დარღვევები არის ის, რომ მოქალაქეები უარს ამბობენ შეტყობინებების მიღებაზე და 10 სამუშაო დღის ვადის შემდეგ კვლავ იღებდნენ  SMS-ეს რეკლამებს. არის შემთხვევები როცა უარის თქმის მექანიზმი, ე.წ. SMS off - ი არ ფუნქციონირებს გამართულად", – ამბობს იურისტი, სოფიო შამუგია.

რაც შეეხება, ორგანიზაციების მიერ ნომრების მოპოვებას, იურისტი განმარტავს, რომ კომპანიებს ამისთვის რამდენიმე კანონიერი გზა აქვთ. მაგალითად, ფასდაკლების ან დაგროვებითი ბარათის შევსებისას მოქალაქემ საკონტაქტო ნომერი შეიძლება თავად მიუთითა, განაცხადა ამაზე თანხმობა, პროდუქციის შეძენისას შეავსო საგარანტიო დოკუმენტები, სადაც მიუთითა ტელეფონის ნომერი, ან რომელიმე ვებ – გვერდზე გაასაჯაროვა.

"ამ გზებით კომპანიას შეუძლია მონაცემები მარკეტინგული მიზნებისთვის მოიპოვოს. ასევე, სუბიექტის თანხმობის საფუძველზე შეუძლიათ განახორციელონ მარკეტინგი. არის ისეთი შემთხვევებიც როცა ორგანიზაციები შემთხვევითობის პრინციპით ადგენენ რიცხვების თანმიმდევრობას და ამ გზით აგზავნიან შეტყობინებებს", – ამბობს სოფიო შამუგია.

აპარატი ამ ეტაპისთვის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც მოქალაქეებისთვის არასასურველ შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმს გაამარტივებს. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კომპანია ვალდებულია გაგზავნილ შეტყობინებებს უარის თქმის მექანიზმი, ე.წ Sms off–ი დაურთოს. მოქალაქის მიერ რეკლამაზე უარის თქმის SMS -ის გაგზავნიდან 10 დღის ვადაში კი, მომხმარებელთან სარეკლამო ხასიათის შეტყობინების გაგზავნა წესით უნდა შეწყდეს. თუმცა, როგორც აპარატში განმარტავენ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მექანიზმი დახვეწას საჭიროებს.

"მომხმარებელს თავისი სურვილის მიხედვით შეეძლება მონიშნოს რამდენიმე კომპანია, რომლებისგანაც სურს ან არ სურს სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების მიღება. მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში მიუთითებენ, რომ თითოეული გამოგზავნილი რეკლამისთვის უარის თქმა მოითხოვს დიდ დროს, რესურს, ასევე თანხებს და ამიტომ გამოხატავენ სურვილს რომ ერთიანი სტანდარტი არსებობდეს", – განმარტავენ აპარატში.

ტექნიკის მაღაზია "ტექნო ბუმი", ერთ–ერთია, რომელიც SMS შეტყობინებებს აქტიურად აგზავნის. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ თავიანთი მომხმარებლების ბაზა აქვთ, რომელთა ნომრებზეც აქციების გაგზავნა SMS–ის სახით ხდება. სიხშირე კი, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, თამარ დუმბაძის თქმით, ფასდაკლების აქციების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

"ძირითადად თვეში 2-3 ჯერ ვაგზავნით. რა თქმა უნდა, ყველა შეტყობინებას ახლავს უარის თქმის მექანიზმი. ასევე, მომხმარებელს შეუძლია "ტექნობუმის" ცხელ ხაზზე დარეკოს, ან მოგვწეროს ფეისბუქ გვერდზე და ნომრის ამოღება ბაზიდან მაშინვე მოხდება", - ამბობს მარკეტინგის მენეჯერი, თამარ დუმბაძე.

"ტექნობუმში" ჩვენთან საუბრისას გასულ წელს დაფიქსირებულ ერთი შემთხვევა გაიხსენეს, როცა მომხმარებელმა მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში უჩივლა, რა დროსაც მომხმარებლის ნომრის ბაზიდან ამოღება მაშინვე მოახდინეს.

საქართველოში სხვადასხვა კომპანიები სარეკლამო  SMS შეტყობინებებს აქტიურად ბოლო სამი წელია აგზავნიან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით,  მარკეტინგის წესების დარღვევისთვის სანქციები პირველ შემთხვევაში 3, 000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10, 000 ლარია. კანონის თანახმად, პირდაპირი მარკეტინგი ნებადართულია, მაგრამ ბალანსი ბიზნესის და მომხმარებლის უფლებებს შორის დაცული უნდა იყოს და წესები ყველა სარეკლამო ხასიათის შეტყობინების გაგზავნისას უნდა იყოს გათვალისწინებული.

თუ მექანიზმი არ მუშაობს გამართულად ან მოქალაქე მიიჩნევს, რომ საკონტაქტო ინფორმაცია კანონიერი გზით არ არის მოპოვებული, რეაგირების მიზნით მას შეუძლია ინსპექტორს მიმართოს, სადაც ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხს შეისწავლიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

"სუბიექტს სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის უფლება აქვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას თანხმობა აქვს მიღებული ამ შეტყობინების მიღებაზე", – განმარტავს სოფიო შამუგია.

პერსონალური მონაცემების მაღალი სტანდარების დაცვის დამკვიდრებას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით იღებს ვალდებულებას, გაიზიაროს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის სტანდარტი, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, მათ პრაქტიკაში დანერგვას, საზედამხედველო ორგანოს - ინსპექტორისა და მისი აპარატის ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას, ყველა კერძო და საჯარო ორგანიზაციის მიერ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების კანონიერ დამუშავებასა და დაცვას.

ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ასევე,  სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულის გამოძიების და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის დროს მონაცემთა დამუშავებაზე უნდა გავრცელდეს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი და გარე კონტროლის მექანიზმები.
Print