განცხადებები
ქუთაისის ცენტრალურ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
ქუთაისის ცენტრს და მიმდებარე უბნებს 12 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით, შეზღუდვა მაღალი ძაბვის ქვესადგურში, "ქუთაისი 2" დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

ამ მიზეზის გამო, ცენტრალურ უბანში, კერძოდ შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის, გოგებაშვილის, პუშკინის, გრიშაშვილის, დუმბაძის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ 8400 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

კომპანიის განცხადებით, მოსახლეობასთან ერთად, დროებით შუქის მიწოდება შეუწყდება ცენტრალურ უბანში არსებულ დაწესებულებებს, მათ შორის სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებსაც.

ქუთაისის ცენტრალურ უბნებში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მიმდინარე წლის 29 მაისს გავრცელდება.

"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება," - აცხადებს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია".

Print