განცხადებები
ემსახურა უდიდეს საქმეს - სამართლიანობას - რევაზ ლაღიძის გახსენება
FaceBook
მეგობრობის, სიყვარულის, სტუმარ-მასპინძლობის, კეთილშობილების, ქუთათურობის ნამდვილ ეტალონს ბატონ რევაზს დღეს, 24 აგვისტოს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა.
--------



რევაზ აკაკის ძე ლაღიძე ქუთაისის მე-2 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს პროკურატურის ორგანოებში, თავდაპირველად ქ. ქუთაისის პროკურატურაში სტაჟიორად, შემდგომ გამომძიებლად, ხოლო 1965 წლიდან ინიშნება უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. ამავე დროს წარჩინებით ამთავრებს პროკურატურის საგამოძიებო დარგის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ქალაქ ლენინგრადში.
1973-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად, ხოლო შემდგომ სხვადასხვა დროს ზესტაფონის რაიონის, ქალაქ ქუთაისის ლენინისა და ავტოქარხნის რაიონების პროკურორად.
1988 წლიდან რევაზ ლაღიძე დასავლეთ საქართველოს სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარედ ინიშნება, სადაც იმუშავა 1993 წლამდე, რის შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ამავდროულად მუშაობდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად.


რევაზ ლაღიძე, კაცი რომლის შესახებაც შეიძლება ძალიან ბევრი რამ გაიხსენო. მეგობრობის, სიყვარულის, სტუმარ-მასპინძლობის, კეთილშობილების, ქუთათურობის ნამდვილ ეტალონს ბატონ რევაზს დღეს, 24 აგვისტოს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. იგი ემსახურა უდიდეს საქმეს - სამართლიანობას. ბოროტების მახვილს ყოველთვის სიკეთით ებრძოდა და მისი რწმენისთვის არასოდეს უღალატნია.

KutaisiPost

ახალგაზრდობაში კინორეჟისორობაზე ოცნებობდა, თუმცა პროფესიის არჩევისას მშობლების სურვილი გაითვალისწინა და არჩევანი იურისტობაზე შეაჩერა. მიუხედავად ამისა, კინოსა და ხელოვნებისადმი სიყვარული არასოდეს განელებია და ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითი თვალით ხედავდა. ის იყო ნამდვილი პატრიოტი.
რევაზ ლაღიძის ბავშვობის მეგობარი, ელგუჯა ჭედია: "რა დიდი შვებაა, როცა კაცის ღირსებაზე საუბრობ და არაფრის გამოგონება არ გჭირდება, ამბობ მხოლოდ სიმართლეს. საქმეში შემართული, შემტევი და უკომპრომისო, ძმობაში დამთმობი, თავაზიანი, მოკრძალებული. ჰქონდა პიროვნული ხიბლი, რაინდული ბუნება, სიბრძნე, მაღალგონიერება, სილაღე, სხვათა პატივისცმა და საკუთარი ღირსება. დაბადებიდან 75 წელი გისრულდება - ჩემო რეზო! ხოლო უსასრულო ტკივილი და სევდით სავსე 17 წელი, რაც ჩვენგან წახვედი და დიდი ნაღველი დაგვიტოვე".
რევაზ ლაღიძის უმცროსი მეგობარი, კოლეგა, პროკურორი იგარ ფეტვიაშვილი იგონებს: "განგებამ ასე ინება, რომ რევაზ ლაღიძე 1982 წლის შემოდგომაზე გავიცანი. გაცნობისას მასთან ურთიერთობის ხანმოკლე დროც საკმარისი აღმოჩნდა, იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩემს წინაშე იდგა სწორედ ის ადამიანი, რომლისთვისაც ბუნებით ნაბოძებ გარეგნობასთან ერთად უდაოდ ერწყმოდა დიდი პიროვნული ერუდიციაც, რომელიც მოსაუბრეში ყოველთვის იწვევდა მხოლოდ დადებით ემოციებს. ბატონი რეზო იყო უღალატო მეგობარი, სტუმართმოყვარე და სიტყვაკაზმული უბადლო თამადა, კაცი, რომელსაც ყველა საკითხზე ეთქმოდა თავისი სიტყვა. საქმეში ყოველთვის დაუზარელი, მოწესრიგებული და სამართლიანი პიროვნება იყო ".
ლიტერატურის და წიგნის სიყვარულმა რევაზ ლაღიძეს მდიდარი ლექსიკა დაუგროვა. მან ალერსიც კი გამორჩეული იცოდა. მუდამ ლამაზ სიტყვებს გამოძებნიდა და საოცარი ქართულით შეამკობდა ახლობელს.
წიგნის სიყვარული და კითხვა რევაზ ლაღიძისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და იგივეს მოუწოდებდა ახალგაზრდებს - იხსენებს მისი რძალი ნინო ხაზარაძე.
რევაზ ლაღიძისადმი დიდ სიყვარულს და პატივისცემას ლექსით გამოხატავს მისი მეგობარი სოსო კოვზირიძე: "იყავი სიბრძნე, გული და სული, შენში მეფობდა კაცურ-კაცობა, სუფრას შვენოდი, ლექსი გიყვარდა, ბალზაკს ეტრფოდი, ვიცი რატომაც..." სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რევაზ ლაღიძეს, ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, იურიდიული ფაკულტეტის დაარსების იდეა გაუჩნდა და ქართულ იურისპრუდენციას მან არაერთი პროფესიონალი შემატა.
ლაღიძეების ოჯახში ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცა. რევაზ ლაღიძის კვალს ჯერ მისი შვილი ლაშა ლაღიძე და შემდეგ შვილიშვილი, უმცროსი რევაზ ლაღიძე გაჰყვა, რომელმაც არჩევანი სტუდენტობიდანვე პროკურორობაზე გააკეთა.

Print