განცხადებები
ცენტრი „ემპათია“ - პატიმართა შიშველ მდგომარეობაში ჩხრეკა უხეშად არღვევს სტამბოლის პროტოკოლის პრინციპებს
FaceBook
პატიმართა ჩხრეკა და მით უფრო, შიშველ მდგომარეობაში, არ შეესაბამება სტამბოლის პროტოკოლის პრინციპებს. 

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" რუსთავი 2 -ის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება და ცენტრის პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადების ტექსტს სრულად.
" 11 აგვისტოს, რუსთავის 2 - ის გადაცემა  "კურიერის" ეთერში გასული ინფორმაციის თანახმად, სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, პატიმართა შიშველ მდგომარეობაში შემოწმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება განპირობებულია სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების განხორციელებასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პატიმართა ჩხრეკა და მით უფრო შიშველ მდგომარეობაში არ შეესაბამება სტამბოლის პროტოკოლის პრინციპებს და პირიქით, უხეშად არღვევს გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციისა თუ სტამბოლის პროტოკოლის პრინციპებს და წარმოადგენს ღირსების შემლახავი მოპყრობის ნიმუშს. ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების დარღვევას ადგილი აქვს არამარტო სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან, არამედ სახალხო დამცველის ოფისის მხრიდანაც. კერძოდ, როგორც ეს ჩვენს მიერ 2014 წლის დეკემბერში იქნა გაცხადებული, ეროვნული პრევენციული ჯგუფის მანდატში აღარ შედის წამების ფაქტების დოკუმენტირების სტანდარტების განხორციელება.
სამწუხაროა, რომ საერთაშორისო სტანდარტების არასწორ ინტერპრეტირებას აქვს ადგილი საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან.
ამასთანავე, დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა ქვეყანაში შეუძლებელს ხდის ციხეთა სისტემასა თუ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კუთხით არსებული მდგომარეობის ობიეტური შეფასების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვწუხვართ, რომ წამების ფაქტების გამოძიების, დოკუმენტირებისა თუ ადეკვატური შეფასების კუთხით ქვეყანაში არ ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტები.
კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ სტამბოლის პროტოკოლი წარმოადგენს გაეროს საერთაშორისო სახელმძღვანელოს, რომელიც მოწოდებულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიებისათვის და იგი საერთოდ არ იმყოფება კავშირში პატიმართა სხვა მიზნით შემოწმებსა თუ ჩხრეკასთან," - აღნიშნულია ცენტრი "ემპათიას" პრეზიდენტის განცხადებაში.   



Print