რეკლამა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა თავიდანვე იყო სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ეს მიზანი იქნება რეალიზებული. ამისათვის ყველაფერს აკეთებს "ქართული ოცნება", - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეკითხვები არ ჰქონია.
"თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, სადაც მან შეაფასა წინასაარჩევნო გარემო როგორც თავისუფალი და თანაბარი. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეც იქნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ტურში და ამისათვის საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი" - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მაჩვენებლებით გაუმჯობესდა არსებული საარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით.

"აქცენტი გავაკეთეთ იმ პოზიტიურ მხარეებზე, რითიც გაუმჯობესდა წლევანდელი საარჩევნო გარემო გასული პერიოდის საარჩევნო გარემოსთან შედარებით. კითხვები პრაქტიკულად არ ყოფილა. იყო სულ რამოდენიმე შეკითხვა. ერთ-ერთი მაგალითად შეეხებოდა იმას, თუ ამომრჩეველთა რამდენი პროცენტის მოსვლას ველოდებით არჩევნებზე, იყო ასევე ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვები" - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები დღეს დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო გარემო განიხილეს.
Print