რეკლამა
ირაკლი კობახიძე: „შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა და ეს ხედვა იქნება ძალიან დეტალურად გაშლილი თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მიერ“ (R)
FaceBook
"შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა და ეს ხედვა იქნება ძალიან დეტალურად გაშლილი თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მიერ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თანაგუნდელს წარმატება უსურვა.
მისივე თქმით, კახა კალაძემ ძირითადი გზავნილები შვიდი მიმართულებით წარმოადგინა და შვიდივე კომპლექსურად მოიცავს იმ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის.

"ვიცით რომ დღეს, თბილისელებს აწუხებთ ქაოტური განაშენიანების პრობლემა, უსახური მშენებლობები, ზოგადად, ქალაქის ქაოტური განვითარება და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ძალიან დახვეწილი გენგეგმით, რომელიც საბოლოდ დამუშავდება თბილისის მერიის მიერ და დამტკიცდება თბილისის საკრებულოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია მართვის პოლიტიკის სრულყოფა და ამ კუთხითაც ძალიან დეტალურად და ძალიან სწორად იყო წარმოდგენილი შესაბამისი ხედვები" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამული ხედვის ფარგლებში, შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

კახა კალაძის პროგრამული ხედვის პრეზენტაციას, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print