რეკლამა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი აქცია იქნება 8 ოქტომბერს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "თავისუფალი ზონის" წევრების განცხადებაზე და სხვა საკითხებზე კომენტარს ავრცელებს.

"თავისუფალი ზონის წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში. რეალურად, ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, კონკრეტული გეგმა დგება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება ამ გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან კარგია, რომ ნაციონალურ მოძრაობაშიც აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც აწყობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მიხეილ სააკაშვიილის ხელმძღვანელობით ოდესიდან," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ის ასევე, გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე და ინციდენტების პრევენციაში შსს სამინისტროს ჩართულობაზე საუბრობს:

"ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში, როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციტენდებზე, მაგალითად, იგივე კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადებები მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე, და ჩვენ ამ განცხადებებზე ვაგებთ პასუხს, ეს განცხადებები შეესაბამება სინამდვილეს, იმ სინამდვილეს, რომელიც იგეგმება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დესტაბილიზაციის, თუმცა მათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გეგმის აღსრულების რესურსი ნამდვილად არ აქვს, ეს არის უსუსური პოლიტიკური ძალა და ჩვენს ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს საქართველოში," - განაცხადა "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა.


ირაკლი კობახიძე იმედოვნებს,რომ ამ დღეებში "მშვიდობის მემორანდუმი" საბოლოოდ გაფორმდება.

"მემორანდუმი გაეგზავნა ყველა იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ საპარლამენტო არჩევნებში, ასეთია 26 საარჩევნო სუბიექტი. უმრავლესობამ დაადასტურა მემორანდუმის ხელმოწერის მზადყოფნა, გრძელდება კონსულტაციები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დღეებში უკვე საბოლოო ჯამში გაფორმდება ეს მემორანდუმი და მას შეუერთდება ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების სამართლიანად და კორექტულად ჩატარებაში," - აღნიშნავს კობახიძე.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება 8 ოქტომბრის გარდა, არანაირ აქციას არ აანონსებს.

"ჩვენი მთავარი აქცია იქნება 8 ოქტომბერს, როცა ჩვენი მილიონი მხარდამწერი მოვა არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან მხარს დაუჭერს "ქართულ ოცნებას,"- ამბობს ირაკლი კობახიძე.


Print