რეკლამა
"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" საექთნო ტრენინგის მონაწილეები დააჯილდოვეს
FaceBook
"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" სასწავლო ცენტრში საექთნო ტრენინგის პირველი ეტაპის მონაწილე მედდები დააჯილდოვეს. ოთხთვიანი სასერტიფიკაციო კურსები, ზოგადი საექთნო საქმის ანატომია-ფიზიოლოგიის მიმართულებით, იმერეთის რეგიონის 250-მდე მედდამ გაიარა.
"ოცწლიანი მუშაობის სტაჟი მაქვს და არასოდეს მომხდარა მსგავსი გადამზადება, ამიტომ მნიშვნელოვანია და მისაღებია ის, რაც ამ კურსებით გავიარეთ," - ამბობს "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" თერჯოლის ჰოსპიტალის უფროსი მედდა, მადონა ყაზაიშვილი.
საექთნო ტრენინგის პირველი ეტაპი მოიცავდა სალექციო კურსს პრაქტიკულ სწავლებას სიტუაციური შემთხვევების განხილვებითა და ანალიზის გამოყენებით. კურსს კორპორაციის კვალიფიციური სპეციალისტები და მედდა-ტრენერები უძღვებოდნენ.
კლინიკებში მომუშავე მედდების გადამზადება "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. აღნიშნული კურსები ევროპული სტანდარტების დანერგვას და პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება.
"კორპორაცია უნდა გახდეს სანდო არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ევროპელი, ამერიკელი და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. თუ ჩვენ წელს გადამზადებას ვითხოვთ, მომავალ წელს მოვითხოვთ იმ ცოდნის და უნარების პრაქტიკულად გამოყენებას, რაც ამ კურსის გავლის შემდეგ შეიძინეთ," - განაცხადა "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" პერსონალის მართვის და ორგანიზაციული განყოფილების დირექტორმა, დეა ჩხაიძემ.
როგორც აცხადებენ, "სამედიცინო კორპორაცია ევექსში" სასერტიფიკაციო კურსების მონაწილეებს მომავალში მაქსიმალურ კომუნიკაციას სთავაზობენ.
"კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწოს," - აღნიშნავს "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" სასწავლო ცენტრის დირექტორი, გიორგი ბერია.
კორპორაციის წარმომადგენლებმა საექთნო ტრენინგის პირველი ეტაპის მონაწილე საუკეთესო შედეგების მქონე მედდებს სასაჩუქრე ვაუჩერები და სერტიფიკატები გადასცეს.
კორპორაციაში აცხადებენ, რომ ტრენინგები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. მედდები სასწავლო კურსებს დოზირებაში, სიმულაციურ ნაწილსა და საექთნო მენეჯმენტში გაივლიან.
დეა მანაგაძე
Print