რეკლამა
ქუთაისში ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა (R)
FaceBook
თვითმმართველი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს და თანამშრომლობა შესთავაზეს.

შეხვედრა კომპანია "ფონდი ნატახტარისა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში შედგა. როგორც ფონდ "ნატახტარში" განმარტავენ, თანამშრომლობის ფარგლებში ისინი მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების საჭიროების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვასა და მონიტორინგს შეძლებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში გამოიხატოს.

კომპანია " ფონდი ნატახტარი"  ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას აფინანსებს, ხოლო ასოციაცია "ჩვენი სახლი საქართველო" ახალაგზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების შეძენაში ეხმარება", - ამბობს ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა ომარაშვილი.

"ფონდი ნატახტარი" მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებს 2011 წლიდან ეხმარება. 

"არსებობს საშუალება იმისა, რომ სახელმწიფო და ფონდის რესურსების გამოყენებით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ გამოყონ რესურსები ბენეფიციარების დასახმარებლად. საუბარია, 18 წლის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებზე, როცა მოზარდებს მცირე საოჯახო ტიპის სახლის დატოვების შემდეგ არ აქვთ საშუალება საცხოვრებელი იქირაონ, სწავლა დაიწყონ და ასე შემდეგ", - განმარტავს კომპანია "ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო სურმავა.

9 და 15 ნოემბერს ანალოგიური შეხვედრა - დისკუსიები გორში, ახალციხეში, თელავსა და რუსთავში შედგა. ამასთანავე, პრეზენტაციებთან ერთად მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვაც. 17 ნოემბერსაა დაგეგმილი მსგავსი პრეზენტაცია ბათუმში. 18 -ში კი შეხვედრა ზუგდიდში დასრულდება. 

"მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს". 

2017 წლის ივლისის დასაწყისში კომპანია "ნატახტარსა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა.


Print