რეგიონი
"ძალიან დიდი საფრთხეა" - ტყიბულში მოსახლეობა მავნებელი მწერის შემოსევას უჩივის
FaceBook
ტყიბულში მოსახლოება პეპლების შემოსევას უჩივის, რომლის შედეგად  ბზა და სხვადასხვა მცენარეები ნადგურდებიან.  ადგილობრივების თქმით, მწერები განსაკუთრებით ბოლო ერთია თვეა მომრავლდნენ.
"ძალიან ბევრნი არიან და შემაწუხებელია. სავსეა პეპლებით სახლი, ფარდები, კედლები. ძირითადად ღამით მოდიან, თუმცა, დღის განმავლობაშიც არიან სახლში სხვადასხვა ადგილებზე. რაღაც სერიოზული შემოსევაა აშკარად", - ამბობს ტყიბულის მკვიდრი, გიორგი ბარსეგიანი.

"მუხურაში ვიყავი რამდენიმე დღის წინ, შეუძლებელია უკვე ამათი ატანა, სიგარეტის კვამლზეც ეგრევე ჩნდებიან, შუქზე ხომ თვისთავად. მოსახლეობის ვარაუდით, ეს არის ბზის მატლი - ალურა, რომელმაც ბზა გაანადგურა და შემდეგ გადაიქცა პეპლებად, თეთრი ფერის არიან. აუცილებელია, შეწამლონ ადრე გაზაფხულზე. ძალიან დიდი საფრთხეა", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი გიორგი აბესაძე.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ პეპლები ძირითადად სხვადასხვა მცენარეებს ეტანებიან.



სხვადასხვა ტერიტორიებზე  მავნებელი მწერის გავრცელების  საწინააღმდეგო შეწამვლით სამუშაოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ახორციელებს. 

"იმერეთის რეგიონის ტყიბულის სატყეო უბნის მუხურის სატყეოში არსებული ბზის კორომები 2016 წელს შეტანილი იყო მავნებლის გავრცელების სარისკო ფართობებში და სხვა ფართობებთან ერთად იწამლებოდა, სამჯერ წლის განმავლობაში. 2017 წელს აღნიშნულ ტყის კორომში დაფიქსირდა მავნებლის მასობრივი გავრცელება, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაგრძელდა შეწამლვა (მიმდინარე წელს შეწამლვა განხორციელდა ორჯერ), 35 ჰა ფართობზე.
ტყიბულის სატყეო უბნის მუხურის სატყეოში ბზის მავნებელის გავრცელების ტერიტორიებზე მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელიც დასრულდება სექტემბრის თვეში. რაც შეეხება,  მავნებლის გავრცელებას  და შეწამლვას საკარმიდამო ნაკვეთებსა და კერძო საკუთრებაში არსებულ ფართბებზე, აღნიშნული აღემატება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კომპეტენციას. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხის გასარკვევად მიმართოთ ადგილობრივ თვითმმართველობასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს",  - განმარტავს სსიპ ეროვნული სატყეოს სააგენტოში საზოგადოებასთან უერთიერთობის წარმოამდგენელი, ანი ანდრონიკაშვილი.  

მათივე ინფორმაციით, ისინი ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაზიანებული კორომების დამუშავებისთვის მხოლოდ ბიოლოგიურ საშუალებას იყენებენ, რომელიც დამზადებულია Bacillus thuringiensis-ის ბაზაზე. იგი ეფექტურია მავნებლის ადრეული ხნოვანების (1-3) მატლებზე (სწორედ ამ ვადების დაცვით მიმდინარეობს შეწამვლა), თუმცა, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული კლიმატური პირობებისა და სხვა გარემო ფაქტორების გამო, ერთი და იგივე დროს, მავნებლის სხვადასხვა ხნოვანებისა და სტადიების არსებობა ართულებს პრეპარატის ეფექტურ ზემოქმედებას.

"აღსანიშნავია, რომ ბზის კორომები ბუნებრივად გავრცელებულია როგორც მდიდარი ბიომრავალფეროვნების მქონე ხეობებში, ასევე დაბლობებზე, რომელთაც ესაზღვრება დასახლებული პუნქტები, საძოვრები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ბზის კორომების მიმდებარე ფართობებზე მოსახლეობას მოწყობილი აქვს საფუტკრეები. აღნიშნული მდგომარეობა და ასევე, მოქმედი კანონმდებლობა ზღუდავს ქიმიური პრეპარატების გამოყენებას, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ადგილობრივ ეკოსისტემას. ამის გათვალისწინებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს ბრძოლის ალტერნატიული მეთოდების გამოცდას, კერძოდ: ფერომონიანი ხაფანგებით სისტემატიური მონიტორინგსა და ღამის განათებით მავნებლების მექანიკურ განადგურებას. ასევე, მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებთან, სამომავლო წამლობისთვის ისეთი ქიმიური პრეპარატის შერჩევასთან დაკავშირებით, რომლებიც ნაკლებად ტოქსიკურია და მათი გამოყენების შემთხვევაში, ბუნებრივი წარმოშობის ტყეებში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ადგილობრივ ეკოსისტემაზე ნეგატიური ზემოქმედება",  - ამბობენ სააგენტოში.


საშიში მავნებელი ბზის ალურა, საქართველოში, კერძოდ, გურიის რეგიონში 2014 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს კი,  აღნიშნულმა მავნებლებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე "კოლხური ბზის" დიდი ნაწილი გაანადგურა.


თეონა ჯანელიძე
Print