რეგიონი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარებები დარღვევებით გაიცემოდა - აუდიტის დასკვნა
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთ ადამიანზე რამდენჯერმე, ხოლო სოციალური დახმარების გაცემა ბენეფიციარებზე კომისიის წევრების კეთილი ნებით ხდებოდა - ასეთია დასკვნა, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურმა 2016 წელს დადო. თუმცა, როგორც ირკვევა, რომ 2014-2016 წლებში დაფიქსირებული დარღვევების გამო ამ დრომდე პასუხი არავის უგია.

"ასევე, 2015-2016 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ინდივიდუალური დახმარებები დაფინანსებულია სოციალური სამსახურის უფროსის სიტყვიერი განმარტებით. აღნიშნული თანხა საფინანსო სამსახურის მიერ გაიცა სარეზერვო ფონდიდან ისე, რომ განცხადებები დახმარების თაობაზე მის სამსახურში არ შესულა, შესაბამისად კომისიაზედაც არ ყოფილა ისინი განხილული. ამით სოციალური სამსახურის მიერ უგულებელყოფილი იყო საქმის წარმოების ელემენტარული წესები", - ნათქვამია უდიტის დასკვანაში.

აუდიტის დასკვნაში ასევე, აღნიშნულია, რომ იყო შემთხვევები, როცა მოქალაქის განცხადებები არ იყო რეგისტრირებული მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში, ხოლო სოციალური დახმარების გაცემის კომისია იხილავდა დაურეგისტრირებელ განცხადებას და ბენეფიარზე დახმარების გაცემა-არგაცემის გადაწყვეტილებას თავად იღებდა.


სოციალური სამსახურის იმდროინდელი უფროსი, კახაბერ ბოჭორიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად დადებულ დასკვნას არ გაცნობია. თუმცა, აუდიტის უარყოფით დასკვნას არ ეთანხმება.

"ჩემი მუშაობის განმავლობაში დარღვევები არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან დახმარებაზე თანხა გაიცა უშუალოდ გამგებლის ხელმოწერით. არც არანაირი პრეტენზია წამოუყენებიათ ჩემს მიმართ იმ პერიოდში, როდესაც მე სამსახურს ვხელმძღვანელობდი", - ამბობს კახაბერ ბოჭორიშვილმა.


მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში განმარტავენ, წინა წლებში არსებული პრაქტიკა სამსახურის შესაბამისი დახმარების გაცემის არ იყო სამართლიანი და გამჭვირვალე, რის გამოც ეს შეცვალეს.

"ამიტომ შევიმუშავეთ ახალი განკარგულება და ინდივიდუალური დახმარების ქვეპროგრამა დავყავი კატეგორიებად. რომელთა შორის შედიოდა ერთჯერადი, ონკოლოგიურად დაავადებულები, ეპილეფსიით, პარკინსონით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით, უსინათლო მოქალაქეებზე ყოველთვიური დახმარება, დიალეზზე მყოფ მოქალაქეებზე ყოველთვირი დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები, საოპერაციო- სამკურნალო თანადაფინანსება, მრავალშვილიანი ოჯახები და ჩერნობილში დაშავებულები. ამ დაყოფამ განაპირობა უფრო გამჭვირვალობა და ვისაც მართლა ესაჭიროებოდა მუნიციპალიტეტისგან თანადგომა, დახმარებას იღებდნენ მხოლოდ ისინი. ეს ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან", - განმარტავს სამსახურის უფროსი ნელი ქარელმა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2016 წელს ერთჯერად დახმარების მისაღებად 444 განაცხადი შევიდა, საიდანაც 308 დაკმაყოფილდა, რისთვისაც ტყიბულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 250 ლარი გაიცა.

თეონა ჯანელიძე
Print