რეგიონი
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება (ვიდეო)
FaceBook
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს და ნაქალაქარის ტერიტორიას რეაბილიტაცია უტარდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებს. ვანში დაგეგმილია ძველი მუზეუმის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, ასევე, მოხდება მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს. მოეწყობა ავტოპარკი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები, რომლებიც  ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებისთვის.

ადგილზე  უკვე მიმდინარეობს ახალი 4 სართულიანი მუზეუმის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში განახლდება საფეხმავლო ხიდიც, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ნაწილთან დააკავშირებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში  აცხადებენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლდება და რეგიონში გამორჩეული იქნება.

"სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაობი ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლების დასაქმებას" - აცხადებენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ამ დროისთვის ვანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების კარიბჭის, მოზაიკის და მრგვალი ტაძრის, სამლოცველო ზედა ტერასის და ბავშვის სამარხის ზედა ტერასის გადახურვის სამუშაობი მიმდინარეობს.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 14,5 მილიონი ლარს შეადგენს 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

როგორი უნდა იყოს რეაბილიტაციის შემდეგ,  ვანის  არქეოლოგიურ მუზეუმი და ნაქალაქარის ტერიტორია,  ნახეთ რეგიონალური განვითარების და  სამინსიტროს მიერ მომზადებული ვიდეო:




Print