რეგიონი
2 წელში დახარჯული 15 მილიონი - ტენდერების ქორინიკა წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წლიდან 2015 წლამდე გამოცხადებულ ტენდერებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა.
"ქუთაისისპოსტის" მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ამ პერიოდი 254 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 14 879 342 ლარს შეადგენს. ამ პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 101 ელექტრონული ტენდერია, ხოლო 153 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. გარდა ამისა, 2 წლის განმავლობაში წყალტუბოს თვითმმართველობამ 412 გამარტივებული შესყიდვა და კონსოლიდირებული ტენდერი განახორციელა.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 254 ტენდერიდან 63 არ შედგა, 6 ტენდერი შეწყვეტილი იქნა, 2 უარყოფითი შედეგით დასრულდა, ხოლო ხელშეკრულება დადებულია 148 მიმწოდებელთან.
ამჟამად მუნიციპალიტეტს გამოცხადებული აქვს 23 ტენდერი, ხოლო ხელშეკრულების მომზადება 5 მიმწოდებელთან მიმდონარეობს.
ყველაზე მეტი რაოდენობით ტენდერი წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2013 წლიდან 2015 წლამდე სამშენებლო სამუშაოებზე გამოაცხადა, რაზეც საერთო ჯამში 8 952 177 ლარი დაიხარჯა. სამშენელო სამუშაოების მიმწოდებელთა ხუთეულში კომპანიები "ჯ და ჯ", "ანჯ-მეტალი", "წყალტუბოგზასერვისი", "ბილდერ ჯგუფი" და "ტობე" შედიან.
ტენდერების განხორციელების კუთხით მომდევნო ორ ადგილზე გასანათებელი მოწყობილობების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაა.
სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე მუნიციპალიტეტმა 2 წლის მანძილზე 350 404 ლარი დახარჯა. შპს ალზუმ 2013 წლის ივნისში გამოცხადებული ტენდერით შეისყიდა 95 000 ლარიანი 1 ცალი ამწე კალათა, ხოლო 2014 წელს ანალოგიური, 58 904 ლარად ღირებული ამწე კალათის შესყიდვა შპს PROSPER LIMITED-ის მიერ განხორციელდა. ამავე წელს უკრაინულმა კომპანია, შპს PlantPozhspetmash-მა 196 500 ლარად წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის სახანძრო სამაშველო სპეც. ავტომანქანა შეიძინა.
რაც შეეხება 2013-2015 წლებში გასანათებელი მოწყობილობებისთვის გამოცხადებულ ტენდერებს, მასში მუნიციპალიტეტმა 322 241 ლარი დახარჯა. აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლებს შორის ლიდერობს ინდმეწარმე გიორგი მუშკუდიანი, რომელმაც 159 999 ლარის მომსახურება გასწია. მეწარმემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები განახორციელა.
ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 88 535 ლარის სამუშაოები განახორციელა ზურაბ ბაბუნაშვილმა და 68 999 ლარის კობა ბაბუნაშვილმა.
კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების მომსახურებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი სულ 13-ჯერ გამოაცხადა და მათი ღირებულება 55 028 ლარს შეადგენს.
აღნიშნული სერვისის მიწოდებაში ლიდერია კომპანია "ბე-დი+", რომელმაც ტენდერით გათვალისწინებული სამუშაო 26 435 ლარად შეასრულა.
ავეჯისა და ავეჯის აქსესუარების შესაძენად წყალტუბოში 2 წლის განმავლობაში ტენდერი 16-ჯერ გამოაცხადეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 091 ლარი დაიხარჯა.


დეა მანაგაძე

Print